საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მსახიობი, სცენარისტი და ტელეწამყვანი - ოლგა ბაბლუანი თავის ინტერვიუში ("ყავა ბათუმურად") ამბობს, რომ მისი ბავშვობა მიუხედავად საბჭოთა პერიოდისა, იყო ანტისაბჭოთა და ძალიან კრეატიული. ამის მიზეზი, ცხადია, მისი ოჯახია. ის რეჟისორისა და სცენარისტის, თემურ ბაბლუანის ქალიშვილია. ბაბლუანების ოჯახი, საფრანგეთში საცხოვრებლად, 90-იან წლებში გადავიდნენ. თუმცა ეპოქალური ფილმის - "უძინართა მზის" გადაღების შემდეგ.
ოლგა ბაბლუანი: დედა ჩვენი ოჯახის მატრიარქია. ის დამჯდარ ადამიანს ვერ იტანს. დედა, დღეს დაისვენე, რომ ვეკითხები, რას ქვია, დავისვენე, დედიკო. დღეს ეს გავაკეთე იქ ვიყავი, ეს გავაკეთე, შენ რა მოასწარიო? მამა ამბობს, დედაშენი ვერ იტანს დამჯდარ ადამიანსო და ასეა.
დედაჩემი უნიკალური შემთხვევაა. დედაჩემისნაირი ქალებისთვის სულ რაღაც უნდა კეთდებოდეს.


მამაჩემი წერს სცენარებს, არის ბესთსელერების ავტორი, იღებს ფილმებს, მაგრამ ერთი პარადოქსია - თავის ნაწერს ვერ არჩევს. დედაჩემი ზის და მის ნაწერს არჩევს. ასეთი სცენაა - თემური წერს, ლია - არჩევს. მერე ამაზე მიდის საუბარი, რა დაწერა, პერსონაჟების განხილვა, კამათი - სწორია, არასწორია. დედა სულ გვიკითხავდა ბავშვობაში და ეს იყო დიდი, ზღაპრის საღამოები. მერი პოპინსის პერსონაჟზე გავგიჟდი. ერთხელ მითხრა, მე არ მცალია და შენ წაიკითხეო და ხომ იცით, უცებ წყალზე რომ გაივლი, ისე, რომ არ ელოდი. ამბის ინტერესმა კითხვის სწავლის სურვილი გამიჩინა.

ოჯახში, სადაც ვიზრდებოდი, განიხილებოდა კინო, ლიტერატურა... ამიტომ სკოლის მასალა იმდენად ვიწრო იყო ჩემთვის, რომ არაფრად მიმაჩნდა, არ მაინტერესებდა. საბჭოთა სკოლის ფორმატი რა იყო, არავინ შინაარსს არ გიხსნიდა, რაც შეიძლება შენთვის ძალიან საინტერესო ყოფილიყო. მნიშნელოვანია, რას კითხულობ და როგორ გიხსნიან კონტექსტს. პერსონაჟმა შეიძლება ისე მოგხიბლოს, ის კონტექსტი თუ არ გაიგე, როდის შეიქმნა, რა ეპოქაში, რატომ დაიწერა, რეალობასა და ფიქსაციას შორის სხვაობა ვეღარ დაინახო. რეალობასა და პერსონაჟებს შორის სხვაობა გაარჩიო, ეს ნიშნავს რომ შენ კარგი მკითხველი ხარ, გესმის - რას კითხულობ.

"უძინართა მზე" - ეს იყო 90-იანი წლები, მე ჯერ ფრანგულ ენაზე, შემდეგ კინომცოდნეობაზე ვსწავლობდი. მთელი უნივერსიტეტი იცლებოდა, "უძინართა მზის" საყურებლად მივდიოდით კინოდარბაზში.
წარმოიდგინეთ, ამ ფილმში ვიცხოვრე, მის განვითარებას ვუყურე. მე გავიარე კრეატიული სამყარო, რაც თემურისთვის მნიშვნელოვანია. წერა, ამბის თხრობა ამ ოჯახში ვისწავლე, ამაზე უკეთესად ვერსად ვისწავლიდი. ამ დროს, ჩვენს ოჯახში დიდი თავისუფლება იყო და არც არავინ მაძალებდა ამას. ჩემთვის ეს იყო უდიდესი სამყაროა, სადაც ვიზრდებოდი.
მთელი ქალაქი ამ ფილმის "აფორიზმებით" ლაპარაკობდა. მასში სოციალური რეალობა იყო ნაჩვენები; იქ არის ჰუმანიზმის გამოყოფა იმ კლასობრივ რეალობაში, რაც მაშინ იყო.
ფილმმა ბერლინში "ვერცხლის დათვი" აიღო.
ფილმი გააზრებულად პარიზში ვნახე და იქ კარგად დავინახე, რას განიცდიდა მამაჩემი, ეს თემურის მამის ისტორიაა. ექიმი იყო ბაბუა. თემურს მამა ყოველთვის ენატრებოდა, ადრე გარდაეცვალა.
მოკლედ, ეპოქალური ფილმია. ეს ფილმი ბევრ რამეს გასწავლის. სულ ბედნიერი ვიქნები იმით, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი. ამ გარემომ მომცა ის სილაღე იმ პერიოდიდან, რაშიც ვცხოვრობდით. ამ დროს მე, ჩემი ოჯახის წყალობით, ანტი საბჭოთა, კრეატიულ სამყაროში ვიყავი.

ოლგამ თავის რწმენასა და მარხვაზეც ისაუბრა.
ოლგა: მარხვა ძალიან ინტიმურია. ეს არის კავშირი ყველაფერთან შენს გარშემო.
მე ვარ არარელიგიური ადამიანი. დოგმებს არ მივყვები. ის რწმენა, რაც გამაჩნია, იმ გეოგრაფიული და კულტურული რეალობიდან მოდის, საიდანაც ვარ და ამას მყარად ვგრძნობ. ეს რომ ვიგრძენი, მარხვის დაცვაც მაშინ დავიწყე. ცოტა ხანია, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს, მომწონს.
03/31/2026