
10/01/2026
Flydubai-ის რეის FZ1073-ზე მყოფი 174 ადამიანი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ 30 სექტემბრის ჩვეულებრივი ფრენა მათ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მოგონებად დარჩებოდა.
თვითმფრინავი დუბაიდან თელ-ავივისკენ მიფრინავდა, როდესაც პილოტის კაბინაში დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თანაპილოტმა კაპიტანი სმიტ მაჩჰარი დაჭრა და თვითმფრინავის კონტროლის ხელში ჩაგდება სცადა.

თვითმფრინავმა კონტროლი დაკარგა და მკვეთრად დაიწყო სიმაღლის დაკარგვა. მან ორ წუთზე ნაკლებ დროში დაახლოებით 17 000 ფუტი, ანუ 5 კილომეტრზე მეტი სიმაღლე დაკარგა.
მგზავრები მოგვიანებით იხსენებდნენ, რომ თვითმფრინავი ტრიალებდა და ისეთი განცდა ჰქონდათ, თითქოს ყველაფერი დასრულდა.
ამ დროს, სხვა მგზავრებს შორის, უბრალოდ იჯდა კაცი, რომელსაც რამდენიმე წუთში ამ ისტორიის ერთ-ერთ მთავარ გმირად ქცევა მოუწევდა.
მისი სახელია იანივ ჰაიუნი.
ის პილოტი არ არის, არც მაშველი, არც სამხედრო და არც ადამიანი, რომელსაც ასეთ ექსტრემალურ სიტუაციებში მოქმედებისთვის სპეციალურად ამზადებდნენ, ის უბრალოდ მგზავრი იყო...

როდესაც გაირკვა, რომ კაბინაში თავდასხმა მოხდა და თვითმფრინავი კონტროლს კარგავდა, ჰაიუნი იმ ადამიანებს შორის აღმოჩნდა, რომლებიც კაბინისკენ წავიდნენ. მან თავდამსხმელის განეიტრალებაში მიიღო მონაწილეობა.
კაბინაში ბრძოლა იმდენად მძიმე იყო, რომ მოგვიანებით, როდესაც ჰაიუნი ისრაელში დაბრუნდა და კამერების წინ გამოჩნდა, მის თეთრ მაისურზე ჯერ კიდევ სისხლის ლაქები ჩანდა.
სამწუხროდ, თავდამსხმელის შეჩერების შემდეგ საფრთხე არ დასრულებულა. თვითმფრინავი კვლავ მკვეთრად ეშვებოდა დაბლა.
როგორც ჰაიუნი იხსენებს, მან დაინახა, რომ კაბინაში იმ მომენტში არავინ აკონტროლებდა მართვის ორ ბერკეტს. და სწორედ მაშინ გააკეთა ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდები ადამიანისგან, რომელსაც არასოდეს უმართავს სამგზავრო თვითმფრინავი. მან მართვის ბერკეტებს ხელი მოჰკიდა და თავისკენ მოქაჩა.

მოგვიანებით ჰაიუნს ჰკითხეს საიდან იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა? მისი პასუხი ამ ისტორიის ყველზე დაუჯერებელი ნაწილია. მან თქვა, რომ ეს ტელევიზორიდან იცოდა.
ჰაიუნი უყურებდა „Air Disasters“-ს სატელევიზიო გადაცემას, რომელიც ცნობილი ავიაკატასტროფებისა და კრიზისული შემთხვევების მიზეზებს იკვლევს. სწორედ იქ ჰქონდა ნანახი, რომ როდესაც თვითმფრინავი მკვეთრად ეშვება, მართვის ბერკეტების საკუთარი თავისკენ მოქაჩვით მისი ცხვირი მაღლა უნდა ასწიო.
ეს სორედ ის შემთხვევა იყო, როცა ცხოვრების განმავლობაში მიღებული ყველაზე უმნიშვნელო ინფორმაცია სწორედ იმ წამს გახსენდება, როცა ყველაზე მეტად გჭირდება. ჰაიუნმა ბერკეტები თავისკენ მოქაჩა. თვითმფრინავმა თანდათან დაიწყო გასწორება. მოგვიანებით მართვა ბორტზე მყოფმა ორმა პროფესიონალმა პილოტმა გადაიბარა და თვითმფრინავი საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დაეშვა. ბორტზე მყოფი მგზავრები გადარჩნენ...

ამ ისტორიას, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი გმირი არ ჰყავს. დაჭრილმა კაპიტანმა, შეძლო კაბინის კარის გახსნა; მგზავრებმა მიიღეს მონაწილეობა თავდამსხმელის განეიტრალებაში; ბორტზე მყოფმა პილოტებმა თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვეს. მაგრამ იანივ ჰაიუნის მონაწილეობამ ამ ამბავში განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიიქცია.

თვითმფრინავის აფრენამდე იანივ ჰაიუნი უბრალოდ მგზავრი იყო, რომელიც თვითმფრინავების შესახებ გადაცემებს უყურებდა, რეისის დასასრულს კი ის გახდა გმირი სისხლიანი მაისურით, რომელმაც 174 ადამიანი, მათ შორის 27 ბავშვი გადაარჩინა...
გააზიარე სტატია