Logo

რელიგია

ეშმაკის განდევნა, სიზმრად გამოცხადება, კეთილსურნელება - მამა პაისის სასწაულები

ეშმაკის განდევნა, სიზმრად გამოცხადება, კეთილსურნელება - მამა პაისის სასწაულები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

2015 წლის 13 იანვარს, კონსტანტინეპოლის ეკლესიის წმინდა სინოდმა, ერთხმად, ღირსი პაისი ათონელი, წმინდანად შერაცხა.

***
წმინდა პაისის კეთილსურნელების მადლმოსილი ნიჭი, გარდაცვალების მერეც არ გამქრალა. კეთილსურნელებას შეიგრძნობენ მის საფლავთან მუხლმოყრილნი, ათონზე, მისი კელიის სტურმები. ზოგირთს უგრძვნია წმინდა პაისის კუთვნილ ნივთთაგან მომდინარე სურნელი.

ერთი ღვთისმოშიში მომლოცველი ემთხვია მამა პაისის კელიაში - "პანაგუდაში" ხატებს, გამოვიდა დერეფანში და უეცრად თითქოს გაიჟღინთა უჩვეულოდ ძლიერი კეთილსურნელებით. შესაძლოა ეს იყო ნიშანი მამა პაისის სიახლოვისა ანდა ღირსი მამა ამგვარად "მიესალმა" მომლოცველს.

"მამა პაისის გარდაცვალების წელს, - ყვება მამა ა.კ. - "პანაგუდას" კელიის ხატობაზე ლიტურგია შესრულდა. ლიტურგიისას ვგრძნობდი კეთილსურნელებას, რომელიც ყუთლუმუშის მონასტრამდე მომყვა."

ბატონი ვასილი ცოლაკისი მოგვითრობს: "2001 წელს ჩემმა მეუღლემ, ელენემ სალონიკში ჩვენი ვაჟი, ნიკოლოზი წაიყვანა სამედიცინო გამოკვლევაზე - ის თირკმელების აზვესტოურიით იტანჯებოდა. ცოლმა გზად წასაკითხად მამა პაისის ერთ-ერთი წიგნი წაიღო. უეცრად გადაშლილი წიგნიდან კეთილსურნელება ამოვარდა, რომელიც პატარა ნიკოლოზმაც შეიგრძნო. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყო. მას მერე ის თავს მშვენივრად გრძნობს. ჩემი მეუღლე კი მამა პაისის წიგნს არ იშორებს".

ეშმაკის განდევნა
სალონიკელი ევანგელოსა ჰყვება: "12 წლიდან მტანჯავდა ეშმა. მიკითხავდნენ შეფუცვის ლოცვებს, რომლის მერეც ნაცემივით ვრჩებოდი. მოძღვარმა მაკურთხა დიდმარხვის პირველ შაბათს, 1995 წელს, მასთან ერთად წავსულიყავი სუროტაში, ღამისთევის ლოცვაზე. გამგზავრებამდე უჩვეულოდ ძლიერ ბრძოლას ვგრძნობდი. მთელი ღამისთევის მანძილზე თვალი არ მომიხუჭავს. ვიჯექი იატაკზე შუა ტაძარში, გარშემო მონაზვნები იდგნენ.

ღამისთევის ლოცვის შემდეგ მღვდელმა იწყო წყალკურთხევის პარაკლისის გადახდა. როცა წმინდა არსენ კაპადოკიელის ნაწილების სამთხვევლად მიმიყვანეს, ცოფიანს დავემსგავსე. პირველად ვიგრძენი, რომ ეშმაკი არამარტო სულს, სხეულსაც მიწვავდა. ახლა, როცა ამას ვწერ, თმა ყალყზე მიდგება.

გაჭირვებით ამოვთქვი: "პაი... პაი..."

იღუმენიამ მკითხა: "პაისი?" თავი დავუქნიე.

ამის მერე ეშმაკეულის უსაშინლეს კრიზისში ჩავვარდი. მიმიყვანეს საფლავთან, იქ სამჯერ დავიყვირე "წმინდანი!" გაქცევა მინდოდა. გავუსხლტი ხალხს ხელიდან, ძალით დამაწვინეს მამა პაისის საფლავზე. ანაზდად დავინახე მამა პაისი. თითქოს ჩაძინებულს გამოეღვიძაო, წამოდგა. ცოცხალი იყო და არა მკვდარი, ისეთივე წვერით, ანაფორით. ხილვა რამდენიმე წამი გაგრძელდა. ბერმა ხელი დამადო შუბლზე. ამ დროს პირიდან შავი კვამლი გამომივიდა. დავმშვიდდი, ოღონდ ხორციელმა ტკივილმა მაშინვე არ გამიარა. დავიძინე, მაგრამ ტკივილმა რამდენჯერმე გამაღვიძა. ამის მერე ორმოცი დღე ისეთ სიხარულს ვგრძნობდი, რომ სულ ვტიროდი. მაშინ ვთქვი ერთი ძალზე კადნიერი სიტყვა: - ღმერთო ჩემო, არ დავეძებ, ძველებურად რომ ვიტანჯებოდე, ოღონდ ეს სიხარული კიდევ ერთხელ, თუნდაც წუთით განვიცადო-მეთქი.

სასწაულებრივი გამოცხადება და დახმარება
ბატონი ნიკოლოზ ქსინარისი ყვება: სანტექნიკოსი ვარ. 1997 წლის ივლისში დავამთავრე სამუშაო, იარაღს ვკრეფდი და მანქანაში ვაწყობდი. ბინდდებოდა, ცუდად ჩანდა ირგვლივეთი. იქვე გაჭიმულ სარეცხის ფოლადის მავთულზე ფოლადისავე წვერმახვილი კაუჭი იყო. უნებურად კაუჭს თვალით წამოვეგე. ადგილზე გავიყინე. დავიყვირე. ოჯახის პატრონი გამოვარდა. ვთხოვე, საკვნეტელა მოეტანა, რომ მავთული მოეჭრა და მერე საავადმყოფოში წავეყვანე.
სანამ ის საკვნეტელას ეძებდა, გამახსენდა ჩემი შვილები და ავტირდი. არ მინდოდა მათ ბრმა მამა ჰყოლოდათ. უეცრად ჩემს წინ გამხდარი, შავანაფორიანი კაცი აღიმართა. ჯვარი გამოვისახე, შემაჟრჟოლა. ვიგრძენი, როგორ მომკიდა ყბაში ხელი და თავი ზემოთ ამაკვრევინა. კაუჭი თვალიდან გამომვარდა.
სახლის პატრონმა ტრავმატოლოგიურ პუნქტში წამიყვანა. ექიმებმა გამსინჯეს. გუგაზე ჭრილობის ნაკვალევიარ ჩანდა. მალამო მაინც მომცეს - თვალზე სამი-ოთხი დღე სახვევი აიფარეო.
მეორე დღეს მაღაზიაში შევედი და კედელზე იმ კაცის ფოტო დავინახე, რომელიც გამომეცხადა. მაღაზიის მეპატრონეს ვკითხე, ვინ არის-მეთქი. ცნობილი მონაზონია, მამა პაისიო. ამ სურათის ყიდვა მოვისურვე, მან კი ბერზე წიგნი მაჩუქა.

ყრმის გადარჩენა
სალონიკის ახლოს, სოფელ კესარიის მრევლის მღვდელი, დეკანოზი ქრისტოს ცანდალისი, ცხრა შვილის მამა, ყვებოდა: ბავშვები ჩვენი სახლის მოლიპულ სახურავზე თამაშობდნენ. განათების შახტების ლუკები ღია იყო და მას ახტებოდნენ. ჩემი ექვსი წლის ვაჟმა, რომელიც ჯერ ვერ ლაპარაკობდა, მოისურვა გადახტომა, მაგრამ შახტში ჩავარდა. მეოთხე სართულიდან პირველზე. გაფითრებულმა გავაღე შახტის კარები და შიშით ფერდაკარგული ბავშვი მთელი და უვნებელი ვიხილე. წავიყვანე საავადმყოფოში. ბავშვს განაკაწრიც კი არ ეტყობოდა. მივხვდით: სასწაული მოხდა. ვიფიქრეთ, ბავშვი ჩვენი სოფლის მფარველმა ღვთისმშობლის ხატმა გადაარჩინაო. მივიყვანე ხატებთან და ვკითხე: "ამან გადაგარჩინა?" - არაო და მამა პაისის ფოტოსთან მიმიყვანა.

ძილში გამოცხადება

კატერინე პატერა მოწმობდა: "ოსტეოპოროზით ვიტანჯებოდი. დავიწყე ექიმის გამოწერილი აბების სმა. რამდენიმე დღეში ათი კგ დავიკელი. ძალზე გამიჭირდა, გამოვიფიტე. ერთხელ, ძილის წინ, შევხედე მამა პაისის ფოტოს - მამაო, თავს ცუდად ვგრძნობ-მეთქი. გამომეცხადა და მითხრა: - შენთან მოვედი, რადგან მეძახდი. კარგად წაიკითხე ის ფურცელი, რომელიც დევს აბებიან კოლოფშიო. ამის მერე ის გაქრა. წავიკითხე - სიმსუქნის საწინააღმდეგო აბები ყოფილიყო.
მამა პაისი ჩვენს გვერდითაა, ოღონდ ჩვენ ვერ ვხედავთ.

მამა პაისი პროტესტანტის წინააღმდეგ

1991 წლის ზაფხულის ერთ დღეს ბერი პაისის კელიის ეზოში ბევრი მომლოცველი შეგროვდა. მათ შორის გერმანიაში მაცხოვრებელი ბერძენიც ერია და მან როგორც ჭეშმარიტმა პროტესტანტმა ბერთან პაექრობა სცადა:

—         თქვენ მარლთმადიდებლები და განსაკუთრებით წმ. მთის ბინადრები აღმერთებთ ქალწულ მარიამს და გავიწყდებათ რომ ის უბრალო ქალია. ასევე თაყვანს სცემთ ხატებს და იმედი გაქვთ, რომ ისინი სასწაულებს მოახდენენ! კიდევ უარესად ექცევით თქვენი წმინდანების ნაწილებს. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში ისინი იხრწნებიან, თქვენ ზიზღის გარეშე ეამბორებით მათ! ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ მარლთმადიდებლები ძალიან ცდებით!

მაშინ ბერმა, ეკლესიის წმ. მამების მსგავსად, რომლებიც შეურაცყოფას და ცილისწამებას უდრტვინველად იღებდნენ და ერესს სიკვდილამდე ებრძოდნენ, პროტესტანტს მკაცრად უპასუხა:

—         რა გიპასუხო საბრალო ? ამ სამარცხვინო საქციელში შენ კი არა, დედაშენია დამნაშავე, რომელმაც ვერ აგღზარდა!

პროტესტანტი მამა პაისის ამ სიტყვებზე გაცხარდა და შეუღრინა:

—         მომისმინე ბერო! არ გაბედო დედაჩემის ხსენება, შენ არ გაქვს დედაჩემის ხსენების უფლება!

ბერი თითქოს ამ სიტყვებს ელოდა და უპასუხა:

—         ხედავ, როგორც კი დედაშენს შევეხე როგორ გაბრაზდი. როგორ გგონია ჩვენ ღმერთს და ჩვენ მარლთმადიდებლებს არ გვწყინს, როცა ჩვენ დედას-ღვთისმშობელს ლანძღავ? კიდევ ერთ კითხვას დაგისვამ. დედაშენმა რომ თხოვნით მოგმართოს და ეს თქხოვნა შენთვის ძალიან იოლი შესასრულებელი იყოს, როგორ მოიქცევი?

—         ავუსრულებ თხოვნას აუცილებლად-უპასუხა პროტესტანტმა.

—         ასევე უწმინდეს ქალწულთან, ჩვენ შევთხოვთ ღვთისმშობელს, რომ გვიშუამდგომლოს თავის ძესა და ჩვენ უფალთან, რათა მან შეგვიწყალოს და კიდევ, ალბათ სახლში ცოლშვილის, მშობლების და მეგობრების უამრავი ფოტო გაქვს, არა?

—         რა თქმა უნდა!

—         ჩვენ კი, ვინაიდან ჩვენი მამის უფლის, ჩვენი დედის-ღვთისმშობლის და ჩვენი და-ძმების წმინდანების და მოწამეების „ფოტოები“ არ გაგვაჩნია, ამიტომ ხატებს ვუყურებთ და მათ შევთხოვთ დახმარებას. რაც უფრო გულმხურვალეა ჩვენი თხოვნა, მით ძლიერია მათი შეწევნა. რაც შეეხება წმინდანების სხეულებს, ისინი იმდენად სავსე არიან ღვთის მადლით, რომ მათთან შეხებით ჩვენც ამ მადლს ვეზიარებით, თუ წმინდანის ნაწილები უხრწნელია, მით მეტია ღვთის მადლიც, და ჩვენ წმინდა ნაწილების თაყვანისცემით ამ მადლს ვღებულობთ!

პროტესტანტმა პასუხი ვერ გასცა და ჩაფიქრებულმა დატოვა მამა პაისის ეზო, ბერმა კი როგორც ყოველთვის ასეთ შემთხვევაში ლოცვა დაიწყო:

დაე შეეწიოს უფალი ამ ადამიანს გადარჩენის სწორი გზის პოვნაში.

ავტორი: ზმნა

01/13/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024