საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
გელა ჩარკვიანის წიგნები საუკეთესოდ იკითხება. როცა ადამიანია ძალზე საინტერესო, მისი ავტობიოგრაფიული წიგნიც, ცხადია, რომ წყალივით მიდის. ასეთია - "ნაცნობ ქიმერთა ფერხული".
გთავაზობთ ამონარიდს, სადაც დიპლომატის ბავშვობის პატარა, თუმცა კომპლექსურად მრავლის მომცველი ეპიზოდია "დახატული".
"დედა გვსჯიდა, ზოგჯერ სასტიკადაც. პირველი ღირსსახსოვარი გალახვის გახსენება ჩემში დღემდე რატომღაც გულისრევისმაგვარ გრძნობას და თავის ტკივილს იწვევს, თუმცა ვაღიარებ - დასჯას ვიმსახურებდი.

ჩვენი კვების ხარისხზე შეფ-მზარეული ლევან ხომასურიძე იყო პასუხისმგებელი. “მე ინჟინერ-მზარეული ვარ”, – იმეორებდა ხოლმე ლევანი. აქამდე ვერ ვხვდები, რას ნიშნავდა ეს, ალბათ იმის თქმა უნდოდა, რომ პროფესიონალი იყო და მოყვარული მზარეულებისა და კულინარულ ხელოვნებას თავისით დაუფლებული დიასახლისებისაგან განსხვავებით, შესაბამისი განათლებაც ჰქონდა მიღებული. საუკეთესო კერძებს ამზადებდა – ზომიერად შენელებულს და ლამაზად გაფორმებულს. მას შემდეგ, რაც დილით ახლად გამომცხვარ თონის პურს და სხვა საჭირო სურსათს მოზიდავდა უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელი, ლევანი დედაჩემს დაელაპარაკებოდა მენიუს თაობაზე და ერთ-ერთ მოსამსახურე ქალთან ერთად საქმეს შეუდგებოდა.

კრწანისსა და წყნეთში თონეები გვქონდა და პურს ხშირად თვითონ ვაცხობდით უძველესი ქართული ჯიშის, ზანდურის ხორბლის ფქვილისაგან. ზანდური მამაჩემმა დაათესინა წყნეთის აგარაკის ტერიტორიაზე და ყოველ ჯერზე სიამაყით აღნიშნავდა: “აი, ეს არის ნამდვილი პური”. მართლაც, ჩემს მეხსიერებას დღემდე ჯანსაღი პურის
ნიმუშად სწორედ ზანდურისგან მაშინ მიღებული შთაბეჭდილება შემორჩა. ჩვენს საკუჭნაოში ამ დროისათვის დეფიციტურ კარაქთან ერთად, უხვად იყო ყოველგვარი დელიკატესი – შავი ხიზილალა და შებოლილი თევზები. სიღარიბეში გაზრდილ დედაჩემს მუდამ ჰქონდა ეჭვი, ვერ ვიტყვი რამდენად საფუძვლიანი, რომ ლევანს ზოგჯერ სული წასძლევდა და რაღაც-რაღაცას ჩვენი საკუჭნაოდან შინ წაიყოლიებდა... ძნელი დრო იყო, მას კი ოჯახი ჰყავდა სარჩენი.
კანდიდი კატეგორიულად გამორიცხავდა ასეთ შესაძლებლობას, გეჩვენებაო, ეუბნებოდა, მაგრამ დედა თავისას არ იშლიდა, ჩემი თვალით დავინახე ჯიბეში რაღაც რომ ჩაიდოო, – ამბობდა, თან დასძენდა: „კვირაში ერთხელ ხომ ვაძლევ ერთ სავსე კალათას, იმყოფინოს, რა ემართება?” ამგვარი დიალოგი ხშირად მეორდებოდა, თუმცა თამარი, ბუნებრივია, არასდროს იკადრებდა რამენაირად ეგრძნობინებინა ამ სოლიდური რაჭველი შეფისათვის, თუ რას ფიქრობდა მასზე სინამდვილეში.

მაშინ ექვსი-შვიდი წლის ვიქნებოდი. კარგად მახსოვს, მზიანი თბილისური დილა იყო. დაველოდე, სანამ დედაჩემი სამზარეულოდან გამოვიდოდა და ქსენია ტკაჩენკოს, უკრაინელ მოსამსახურე ქალს, დაუწყებდა იმ დღეს შესასრულებელ საქმეებზე ლაპარაკს. მერე სამზარეულოს კარი გავაღე, შიგ შევაბიჯე და პირდაპირ ვახალე: “ლევან, რატომ ქურდობ? რატომ მიგაქვს რაღაცები საკუჭნაოდან!” ლევანმა თითქოს ვერ გაიგონა, რა ვთქვი. “ნუ ქურდობ, გესმის!” დავიყვირე მთელ ხმაზე.
მერე ყველაფერი წამებში მოხდა: გააფთრებულმა დედაჩემმა გამომათრია სამზარეულოდან და სახეში ისეთი ძალით გამაწნა სილა, რომ ცხვირიდან სისხლი წამსკდა. ამას მოყვა ჩემი ისტერიული ტირილი, გადაფიჩინება და დედაჩემის ამაო მცდელობა დავეწყნარებინე.
ამ შემთხვევამ მიმანიშნა ცხოვრებაში დიპლომატიის აუცილებლობაზე. უშნო სიმართლეს უნდა ერიდო. არავისთვის მითქვამს – ვაიმე, როგორ გასიებულხარ, გამხდარხარ, შეცვლილხარ, დაბერებულხარ. თუმცა არც გადამეტებული ქათინაურების თქმა მეხერხება, და კიდევ, პატარა ბავშვების თანდასწრებით სხვა ადამიანების უარყოფით თვისებებზე ლაპარაკი ჩემს ოჯახში კატეგორიულად აკრძალული იყო და არის ახლაც“.
01/11/2026