Logo

საზოგადოება

"გადაეშვა ამ სიბნელეში შავ, პირქუშ წყალში" - 23 წლის ტყიბულელი ბიჭის გმირობის ისტორია

"გადაეშვა ამ სიბნელეში შავ, პირქუშ წყალში" - 23 წლის ტყიბულელი ბიჭის გმირობის ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ლისს ტბაზე მომხდარი ამბის დეტალები... საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია თვითმხილველის მონათხრობმა იმის შესახებ, თუ როგორ შევიდა ღამით ახალგაზრდა მიმტანი წყალში სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.
ადამიანები ითხოვდნენ გაერკვიათ გმირის ვინაობა, რომ მისთვის სათანადო მადლობის თქმის საშუალება მისცემოდათ.
მოგვიანებით, ტყიბულელების ჯგუფში 23 წლის თემო კუბლაშვილის ფოტო გამოქვეყნდა წარწერით - "გმირი ბიჭი ტყიბულიდან, რომელმაც 2 დღის წინ თბილისში, ლისის ტბაზე ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა 23 წლის თემო კუბლაშვილია. ის თბილისში ქირით ცხოვრობს და რესტორანში მუშაობს. მშრომელი და უკეთილშობილესი მშობლების აღზრდილი. საკუთარ გმირობაზე და ადამიანობაზე საუბარი უჭირს. ასეა, „გმირობა ხმაურით არ მოდის ის ჩუმად კეთდება და ხშირად თავად გმირსაც არ ესმის, რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეცვალა უკეთესობისკენ!" - დაიწერა ჯგუფში.

თემო კუბლაშვილი

ახალგაზრდა მიმტანის ფოტოს ათასობით სამადლობელი კომენტარი და გამოხმაურება აქვს.
რაც შეხება ამბავს, რომელიც ლისის ტბაზე განვითარდა, ის სოციალური ქსელის მომხმარებელმა დავით თოფურიძემ გაავრცელა. zmna.ge მის მიერ გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ლისის ტბაზე ახალგაზრდა იხრჩობოდა გუშინწინ… ღამის 11 საათზე…ამ დროს ბევრი ხალხია ხოლმე ლისზე! ბავშვს გადაუვარდა ბურთი და ეს ახალგაზრდა გაჰყვა გამოსატანად… ვერ მოიგდო ბურთი ხელში,შეჰყვა შუა ტბამდე და …იქ გამოეცალა ძალა… წყალნაყლაპი ხმით ხრიალებდა მიშველეთო! თავიდან ხუმრობა ეგონათ, მერე ატყდა ერთი ამბავი, გამოიძახეს პოლიცია, მაშველები, სასწრაფო…. და ისინიც მყისიერად ხომ ვერ მოვიდოდნენ…

მოკლედ, გამოვარდა ერთი ტყიბულელი ოფიციანტი ბიჭი, გზადაგზა იხდიდა ტანსაცმელს, გადაეშვა ამ სიბნელეში შავ, პირქუშ წყალში... არაფერი არ ჩანდა… სიბნელეში თეთრი ბურთით მიაგნო ნახევრად გონდაკარგულ ახალგაზრდა კაცს, მიცურა და ძლივს გამოათრია ნაპირზე…

ეცნენ ექიმები და გააქანეს საავადმყოფოში მოსასულიერებლად, და ერთი დღე-ღამე იქ ჰყავდათ და გადაარჩინეს… ეს ტყიბულელი გმირი კარგა ხანს იჯდა ნაპირზე, ისე დაღლილი იყო…. ვერ დგებოდა… მეორე დღეს, რომ მომიყვნენ, მე -ცურვის არმცოდნე სუბიექტმა, რამით რომ მიმეღო მონაწილეობა ჩემი მოკლე ჭკუით- ფული შევთავაზე პრემიის სახით… არაფრით არ გამომართვა! არაფრით!

ლისის ტბა

ყოველ დილით დავდივარ ლისზე უკვე 16 წელია… ვზივარ ახლა კაფეში, “ინტელიგენცია” რომ ჰქვია, გერმანელები მყავს სტუმრად,და ვუყურებ ამ ტყიბულელ ოფიციანტ ბიჭს… მუშაობს ჩვეულებრივად... გარეთ წვიმს… ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ყოველ დილით… თითქოს არაფერი არ მომხდარა… ვეხუმრები, სალნიკოვს ვეძახი მეტსახელად…

თვალებგაფართოებული მისმენენ გერმანელები, რომ ვუყვები და მასზე მივუთითებ… ვუყურებ ამ ბიჭს და ვფიქრობ - რა კარგია , რომ ასეთი ახალგაზრდები არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, ეს ცხოვრების სურვილს და სტიმულს გმატებს ადამიანს… მადლობა შენ ტყიბულელო ბიჭო, რომ მაგრძნობინე ცხოვრების ხალისი!!!

4 მეტრი ყოფილა ლისის ტბის სიღრმე… ღამე საშიში შესახედავია,შავი! არადა რა ლამაზია დილით…" - წერს დავით თოფურიძე.

ავტორი: ზმნა

06/25/2026

თემოკუბლაშვილილისის ტბატყიბულელი გმირი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024