
09/23/2026
1992 წლის შემოდგომაზე აფხაზეთში განვითარებული მოვლენები და განსაკუთრებით გაგრის დაცემა, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული ფურცელია. საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით, არათუ ვერ დაიცვა საკუთარი მოსახლეობა, სრული უუნარობა გამოავლინა ფრონტზე და მიუხედავად უმძიმესი შედეგისა, არასდროს დამდგარა პოლიტიკური თუ სამხედრო ფიგურების პასუხისმგებლობის საკითხი.
1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრის დაცემას წინ უძღოდა, მოსკოვში, ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ შეთანხმების გაფორმება და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ ამ შეთანხმების პირობების შესრულება - ოღონდ ცალმხრივად. ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს მოწინააღმდეგე მხარე არ ასრულებდა.
ედუარდ შევარდნაძე, 1992 წლის 5 ოქტომბრის ინტერვიუ

„ველოდით თუ არა საკითხის ასე გართულებას? პრინციპულად არ ველოდით. მაგრამ ინტუიციითაც და ანალიზითაც ვგრძნობდით. სამწუხაროდ, ჩვენ ამისთვის მზად არ აღმოვჩნდით და არა იმიტომ, რომ ვინმეს არ უნდოდა მზადყოფნა, ასეთ დროს რთულზე რთულია გათვალო ვარიანტები და ამასთან, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია - ჩვენი რესურსი ძალიან შეზღუდულია. ჩემი დიაგნოზით, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებასთან გვაქვს საქმე, რაც გაგრაში მომხდარმა მოვლენებმა დაადასტურა.“
1992 წელს საქართველოს პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე N2292806 - საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ჯარის ნაწილების მიერ გაგრის, ლესელიძისა და განთიადის დატოვებასთან დაკავშირებით. საგამოძიებო ჯგუფს სათავეში სამხედრო პროკურორი არჯევან ლომიძე ჩაუყენეს. მუშავდებოდა რამდენიმე ვერსია, მათ შორის: ღალატი, ერთიანი ხელმძღვანელობის უქონლობა და მოშლილი სამხედრო დისციპლინა. მოგვიანებით არჯევან ლომიძე თანამდებობიდან გადააყენეს, საგამოძიებო ჯგუფი დაშალეს, შეიქმნა ახალი, მერე ისიც დახურეს.
1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში, გაგრაზე შეტევის წინ, ადგილზე ჩაიტანეს თავდაცვის სამინისტროდან გაგზავნილი 40 ყუთი ტყვია-წამალი, საიდანაც ნახევარი უვარგისი და გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ამ ფაქტების შესახებ აღნიშნული იყო N2292806 სისხლის სამართლის საქმეში.
„მჯერა - არ მჯერა“ - როცა აგრესორში პარტნიორს ხედავენ
იმ დროს, როდესაც რუსეთის სამხედრო გენერალიტეტი და რეაქციული ძალები აფხაზ სეპარატისტებსა და ჩრდილოკავკასიელ ტერორისტებს ღიად უჭერდნენ მხარს, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ცდილობდა, რუსეთის ქმედებისთვის თავისი სახელი არ დაერქმია და თავის მოტყუებით ყველაფერი ბორის ელცინთან და „დემოკრატიულ რუსეთთან“ შიდაპოლიტიკური ბრძოლის კონტექსტში განეხილა.
გაგრის დაცემასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თედო ჯაფარიძის 1992 წლის 7 ოქტომბრის მოხსენება

„გასულ სექტემბერში მოსკოვში მიღწეული შეთანხმების შესასრულებლად, რომელიც ეხება აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარებას, შეიქმნა სამმხრივი კომისია. ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ, კონფლიქტის ზონიდან შეიარაღებული დაქირავებულების განიარაღებისა და განდევნისთვის. ისინი რუსეთიდან ჩამოვიდნენ და რუსეთის მოქალაქეები არიან. მიუხედავად ამისა, არც რუსეთის თუ აფხაზეთის წარმომადგენლებს, არც ამ რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის არმიის ქვედანაყოფებს არაფერი უღონიათ კონფლიქტის რეალური შეწყვეტის მიზნით.“
ამ მოხსენებაში თედო ჯაფარიძე წუხილით აღნიშნავდა, რომ აფხაზეთიდან დაქირავებულთა გაყვანის ვადები დაუსრულებლად იცვლებოდა, ამავდროულად კი იზრდებოდა შეიარაღებულ ფორმირებათა რიცხვი. ისინი ჩამოდიოდნენ რუსეთის ოფიციალური სამხედრო-საზღვაო ფლოტის კუთვნილი ან მის კონტროლს დაქვემდებარებული პატარ-პატარა ხომალდებითა და გემებით. ამას მოხსენების ავტორი, შევარდნაძის არ იყოს, შეთქმულებას მიაწერდა: ერთის მხრივ - საქართველოს სუვერენიტეტისა და მზარდი სტაბილურობის წინააღმდეგ (თურმე მაშინდელი რუსეთისთვის არა, მაგრამ რუსეთის მოქალაქეთა „გარკვეული ჯგუფისთვის“ სტაბილური, ნეიტრალური და აყვავებული საქართველო ნიშნავდა რუსეთის იმპერიული ამბიციების კრახს); მეორეს მხრივ - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 1992 წელს რუსეთის ადგილობრივი სარდლობის მოქმედებას აფხაზეთში და კერძოდ გაგრაში, განიხილავდა „გენერალურ ამბოხად“ პრეზიდენტ ელცინისა და მის მიერ დაწყებული პოზიტიური პროცესების წინააღმდეგ. ამას თ.ჯაფარიძე დასძენდა:
„უცნაურია, რომ პრეზიდენტმა ელცინმა დღემდე არ უარყო ან, ყოველ შემთხვევაში, არ გაემიჯნა რუსეთის პარლამენტის განცხადებას, რომელიც პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი გახდა აგრესიისთვის.“

ე.ი. დაქირავებულები რუსეთიდან აფხაზეთში მოდიოდნენ რუსული სამხედრო გემებით, მათ აიარაღებდა რუსეთი, მათ უკან იდგა რუსეთი, მათ მოქმედებას მწვანე შუქს უნთებდა რუსეთის პარლამენტი და სამხედრო სარდლობა, მაგრამ ამას საქართველოს მაღალი რანგის თანამდებობის პირები განიხილავდნენ „რეაქციული რუსეთის“ ამბოხებად ელცინისა და „დემოკრატიული რუსეთის“ მიმართ მაშინ, როცა თავად ელცინი არ ემიჯნებოდა „რეაქციული ძალების“ მოქმედებას.
გაგრის დაცემის შედეგები (თედო ჯაფარიძის 1992 წლის 7 ოქტომბრის მოხსენების მიხედვით):
„გაგრისა და ბიჭვინთის ნავსადგურებში ამ ბოლო სამი-ოთხი დღის მანძილზე სიკვდილით დასაჯეს 800-ზე მეტი სპეციალურად შერჩეული ქართველი მოქალაქე. მათი სია წინასწარ შეადგინეს აფხაზური წარმოშობის ადგილობრივმა ექსტრემისტებმა. ალექსანდრე პეტისაშვილი ცოცხლად დამარხეს. დედაშვილი გიგინეიშვილები გულგრილად მოკლეს თავიანთ საკუთარ სახლში. სამხედრო ტყვეებს იყენებდნენ ცოცხალ სამიზნეებად და რამდენიმე მათგანი ცოცხლად დაწვეს. აფხაზეთის ქალაქ გაგრის ახალი ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, მათ ღამით დახოცეს 65 მამაკაცი და ქალი ცენტრალურ პლაჟზე და დამარხეს საერთო საფლავში. სამოქალაქო მოსახლეობა აღმოჩნდა მასშტაბური მკვლელობებისა და საფრთხის წინაშე. მათ აწამებენ და გამუდმებით ამცირებენ. განზრახული გვაქვს მივმართოთ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით, ეს აქტები დააკვალიფიცირონ როგორც სამხედრო დანაშაულობანი და შესაბამისად მოექცნენ მათ ჩამდენ პირებს.“

რეალურად, არავინ დასჯილა. აფხაზი სეპარატისტებისა და აფხაზეთში რუსეთიდან ჩამოსული „დაქირავებულების“ უკან რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო მანქანა იდგა - სიტყვით და საქმით, ე.წ. „სამშვიდობო შუამავლობით,“ საქართველოს მხარის მუდმივი მოტყუებითა, სეპარატისტთა მხარისთვის ცოცხალი ძალის და იარაღის მიშველებით. აფხაზეთის ომი იყო საქართველოსთან რუსეთის ხანგრძლივი ომის ერთ-ერთი უმძიმესი ეპიზოდი.
ისტორია სისხლიანი გაკვეთილებით გვასწავლის, რომ აგრესორთან მიმართებაში „შელამაზებული“ და ილუზიებზე აგებული პოლიტიკა ყოველთვის მარცხით და ტრაგედიით მთავრდება. შედეგი ყოველთვის ერთია - დროებით დაკარგული ტერიტორიები, დაღუპულ მოქალაქეები და საკუთარ სამშობლოში დევნილები.

გააზიარე სტატია