Logo

საზოგადოება

ქართველები, რომლებიც "უძრაობის წლებში" მშობლიურ ენას იცავდნენ

ქართველები, რომლებიც "უძრაობის წლებში" მშობლიურ ენას იცავდნენ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

14 აპრილს საქართველოში დედა ენის დღე აღინიშნა და, როგორც ამ დღეს ხდება ხოლმე, კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები. "ზმნას" მკითხველს აქამდეც შევთავაზეთ სტატია იმაზე, როგორ იბრძოლეს საბჭოთა ეპოქის „უძრაობის წლებში“, ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად, ქართველმა სტუდენტებმა და ინტელექტუალური წრეების წარმომადგენლებმა. ახლა კი უფრო მეტი - 1978 წლის აპრილის მოვლენების პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ისტორიულ კონტექსტზე და იმ ქართველებზეც, ქართული ენის რუსულით ჩანაცვლების მცდელობას რომ ამართლებდნენ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სესიას უნდა დაემტკიცებინა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც რესპუბლიკის კონსტიტუციის სსრკ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებდა. ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური ნაწილი ენის საკითხს ეხებოდა.

დედა ენა

ლეონიდ ბრეჟნევის მეთაურობით საბჭოთა ხელმძღვანელობამ რესპუბლიკების კონსტიტუციებიდან ენის შესახებ მუხლების ამოღება განიზრახა; ეს კი, ადმინისტრაციულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რუსული ენის დომინაციის გასაძლიერებლად ჩაიფიქრეს. მიზანი საბჭოთა იმპერიის ერთიანი ენობრივი სივრცით განმტკიცება იყო.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საწყის ეტაპზე ე.წ. საერთო-სახალხო განხილვაზე გაიტანეს. საბჭოთა სისტემაში ასეთი განხილვები ფორმალურ ხასიათს ატარებდა. საერთო-სახალხო განხილვა საერთო-სახალხო თანხმობას ნიშნავდა, თუმცა 1978 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი ცვლილებები ისეთ საკითხს შეეხო, საერთო თანხმობა არ გამოვიდა.

აკაკი ბაქრაძე

ქართული ენის სახელმწიფო ენის სტატუსის დასაცავად მეტად პრინციული პოზიცია დააფიქსირეს ქართველმა მეცნიერებმა და მწერლებმა, მათ შორის კრიტიკოსმა - აკაკი ბაქრაძემ, ენათმეცნიერმა არნოლდ ჩიქობავამ და მწერალმა რევაზ ჯაფარიძემ.

არნოლდ ჩიქობავარევაზ ჯაფარიძემ

ასევე ცნობილია, რომ ქართული ენის დასაცავად მოსკოვში საპროტესტო წერილები გააგზავნა ფილოსოფოსმა და ლიტერატურათმცოდნე ნოდარ ნათაძემ და მწერალმა ნოდარ წულისკირმაც.

ნოდარ წულეისკირი

საბჭოთა „უძრაობის ეპოქაში“ ხელისუფლების მიმართ ასეთი ღია წინააღმდეგობა მეტად სარისკო იყო და მაშინდელი გამბედაობა ყველას უნდა დავუფასოთ.

ნოდარ ნათაძე

გადამწყვეტ ეტაპზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან დაიწყო სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მასობრივი მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ. ცნობილია, რომ მსვლელობას წინ აკაკი შანიძე მიუძღოდა.

აკაკი შანიძე

არავინ იცოდა რა მოხდებოდა, ყველა აცნობიერებდნენ შესაძლო რისკებს, მათ შორის 1956 წლის მარტის გამოცდილების გათვალისწინებით და ნახეთ ცხელ კვალზე, როგორ ეხმაურებოდა ამ მოვლენას საფრანგეთში, ქართული ემიგრაციის გამოცემა „თავისუფალი ტრიბუნა“:

„თბილისის 14 წლის აპრილის დემონსტრაციის მონაწილებმა გამოიჩინეს პოლიტიკური სიმტკიცე. თავი ისე ეჭირათ, დამსჯელ ძალებს არ მისცს საბაბი პროვოკაციის. თან უჩვენეს, რომ თუკი მათ სამართლიან მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდნენ, უსიკვდილოდ უკან არ დაიხევდნენ.“

მოსკოვმა უკან დაიხია და საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნების შესახებ. როგორც ჩანს, თბილისის საპროტესტო მანიფესტაციამ საბჭოთა ხელმძღვანელობას აჩვენა, რომ ენის საკითხი შეიძლებოდა სერიოზული პოლიტიკური კრიზისის შექმნის საბაბი გამხდარიყო.

ამ გადასახედიდან ხომ ძალიან საინტერესოა, თუ იყვნენ მაშინ ქართველებს შორის ქართულის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმების მომხრეები? რა თქმა უნდა ასეთები იყვნენ. თსუ-ს მაშინდელი პროფესორი სერგო ჯორბენაძე ერთ ინტერვიუში იხსენებდა, როგორ დაირაზმა კომპარტიის მთელი იდეოლოგიური ფრონტი, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები რამენაირად გაემართლებინათ.

გაზეთი

„მაშინდელი გაზეთების თვალიერებისას, პარტიის ისტორიის პროფესორის ასეთ „აღმოჩენას“ წავაწყდი:“ „ რუსული ენა სრული ნებაყოფლობით შეისწავლეს როგორც რუსი, ისე არარუსი ხალხების ფართო მასებმა და დღეს დიდი რუსი სოციალისტური ერის ენა მსოფლიო მნიშვნელობისაა.“

ე.ი. რუსები ნებაყოფლობით სწავლობენ და ჩვენ რა ღმერთი გაგვიწყრა, რა არ მოგვწონს, თუ რუსლი ენა ჩვენს ქვეყანაში თანდათან ჩაანაცვლებს მშობლიურსო, - ამ სიტყვებით გაიხსენა ს. ჯორბენაძემ ერთი კომუნისტი პროფესორის საჯარო წერილი. სამწუხაროდ, ეს ერთი კომუნისტი პროფესორი საკმაოდ ბევრის სახე იყო. ისტორია თავის ადგილს უჩენს მტყუანს და მართალს. თან ასეთებს მუდამ დრო აიძულებთ შეიცვალონ პოზიციები.

გაზეთი

მართალია, 1978 წლის გაზაფხულზე საქართველოს კომპარტიის იდეოლოგიური ფრონტი ერთიანად დარაზმული ამართლებდა მოსკოვის განზრახვას მშობლიური ენის სტატუსის ხელყოფასთან დაკავშირებით, 1990 წელს 14 აპრილი საქართველოს კომუნისტური ხელისუფლების გადაწყვეტილებით გამოცხადდა დედა ენის დღედ.

ავტორი: ელენე ლომთაძე

04/17/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024