საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ეს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაიაა (ჭანტურია). მეუფე ისაია თითქოს ბიბლიიდან გადმოსული პერსონაჟია ჩვენს დროში. საოცრად მშვიდი, სათნო და ამავდროულად გაუტეხელი, მებრძოლი სულის ვაჟკაცი. გაცვეთილი ბერის ჩოხით წლებია ოკუპირებულ ტერიტორიებს საკუთარი სიცოცხლის ფასად დარაჯობს. ყველას მსახური, ყველას ჭირის გამზიარებელი, ყველას გულის მესაიდუმლე, უზომოდ თავმდაბალი და თბილი მეუფე ისაია - საღორაშენის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მსახური...




1995 წლის 5 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო – აღსდგა უძველესი ეპარქია ნიქოზისა და ცხინვალისა, რომელიც შუა საუკუნეებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში.
წმიდა სინოდმა იღუმენი ისაია გამოარჩია ახლადაღდგენილი ეპარქიის საჭეთმპყრობლად. 1995 წლის 9 აპრილს, ღირსი მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს, წმიდა სინოდის განჩინების თანახმად, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, წმიდა სინოდის წევრი მღვდელმთავრების თანამსახურებით, აღასრულა იღუმენ ისაიას ეპისკოპოსად კურთხევის წესი.
8 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად წარდგინებისას იღუმენმა ისაიამ ასე დაიწყო თავისი გამოსვლა:

„უპირველეს ყოვლისა, ვმადლობ ღმერთს ჩემთვის მონიჭებული წყალობისათვის. შემდგომად ღვთისა გმადლობთ თქვენ, უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო, იმ მამობრივი ზრუნვისა და სიყვარულისათვის, რომელმაც ჯერ ეკლესიაში მომიყვანა, ხოლო შემდეგ ღვთისმსახურების გზაზე დადგომა შემაძლებინა და დღემდე მომიყვანა.
მონასტერში ცხოვრების მანძილზე განმარტოვებული ცხოვრების სურვილი დამებადა. ჩემი მომავალი ცხოვრება უფრო მყუდრო ადგილას მესახებოდა, ვიდრე ანტონ მარტყოფელის მონასტერია. განსაკუთრებით ხშირად აფხაზეთზე ვფიქრობდი, მინდოდა იქ როდესაც დაბრუნებას შევძლებდით, რამდენიმე ძმასთან ერთად სადმე სამოღვაწეო – უდაბნო – ადგილას დავმკვიდრებულიყავი, მაგრამ გამოუკვლელ არიან გზანი შენნი. უფალო! მისი ნებით ჩემი ცხოვრება სულ სხვაგვარად წარიმართა.
მიფიქრია იმაზეც, ბრძოლის ველზე მეთაური ყველაზე ძნელი დავალების შესასრულებლად ვის გაგზავნიდა და ვის სიცოცხლეს დასდებდა სასწორზე. რა თქმა უნდა, იმას, ვისი განსაკუთრებული ნდობაც ექნებოდა. დღეს თქვენი მხრიდან, თქვენო უწმიდესობავ, ჩემს მიმართ სწორედ ამგვარი ნდობა იქნა გამომჟღავნებული, რისთვისაც დიდად გმადლობთ.
დღევანდელი დღე ჩემთვის დასასრულია მყუდრო მონასტრული ცხოვრებისა და იმგვარი გზის დასაწყისია, რომელიც ღვთის წინაშე არა მხოლოდ საკუთარ სულზე, არამედ სხვათა სულებზე პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. ამ პასუხისმგებლობაზე დაფიქრებამ არ შეიძლება ადამიანი არ შეაძრწუნოს, მაგრამ ჩემს მღელვარებას თან სიხარულიც ახლავს, თქვენი ნდობით გამოწვეული.
თუმცა ნიქოზისა და ცხინვალის მხარეს კარგად არ ვიცნობ, ეს კი კარგად ვიცი, რომ აქ მსახურება სასულიერო პირისაგან დიდ ძალისხმევას და თავდადებას მოითხოვს… შევეცდები ამ მხარეში ეკლესიური ცხოვრების გაძლიერებას… არსებული კრიზისის დაძლევა ხომ მხოლოდ ჭეშმარიტი სარწმუნოების მეოხებითაა შესაძლებელი.
ბერად აღკვეცისა თუ დიაკვნად და მღვდლად კურთხევისას უწმიდესისაგან სულ ერთსა და იმავე რჩევას ვიღებდი: „ახლა უფრო მეტი თავმდაბლობა და მორჩილება გმართებს, რადგან ეს თვისებები, რომელიც ქრისტიანის ძვირფასი სამკაული და სულიერი წარმატების გვირგვინია, ხარისხის პროპორციულად უნდა იზრდებოდეს“.
ეპარქია, რომელიც მეუფე ისაიამ ჩაიბარა ერთ-ერთი ურთულესია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ცხინვალის რეგიონში გარე ძალების წაქეზებით მოხდა დაპირისპირება ოსებსა და ქართველებს შორის. მეუფე ისაიას ძალისხმევით ეპარქიაში ამოქმედდა ნიქოზის ამაღლების, ავნევის ღვთისმშობლის შობის, ქურთის ყოვლადწმიდა სამების, ლარგვისის თეოდორე ტირონის, იკორთას ალექსი ბერის სახელობის დედათა მონასტერი, ავლევის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი.
2000 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის, ეპისკოპოს ისაიას მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2006 წელს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა.
2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით.
2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარები შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე და დაიწყეს ქართული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა, განსაკუთრებით სასტიკად დაიბომბა ცხინვალის ქართული სოფლები: თამარშენი, კეხვი, აჩაბეთი, ქემერტი, ქურთა, გორის სოფლები: ტყვიავი, ნიქოზი…
მეუფე ისაიას ერთი წუთითაც არ მიუტოვებია ეპარქია. როგორც იგი იხსენებს: „აქ დარჩენილმა ქართულმა მოსახლეობამ სხვადასხვა სახის განსაცდელი გამოიარა. განსაცდელის პირველი ტალღა იყო, როცა ბრძოლები ჯერ კიდევ ჩვენგან მოშორებით მიმდინარეობდა, როცა გვიშენდნენ ქვემეხებიდან, რაც ფსიქოლოგიურად მძიმე იყო… მერე განსაცდელის ახალი ტალღა მოიწია. გამოჩნდნენ ბომბდამშენები, რომელთა ჭურვებიც აზანზარებდა აქაურობას, ეს შემზარავი სანახაობა იყო… ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით, წირვის შემდეგ ყველანი ერთად სატრაპეზოში ვისხედით, ჩვენი სატრაპეზო ერთსართულიანი ნაგებობა იყო, მის გვერდით სენაკები გვქონდა. მარტო ამ ადგილას 12 ჭურვია ჩამოვარდნილი… სამონასტრო ნაგებობა მთლიანად დაიწვა, სრულიად განადგურდა ბიბლიოთეკა და არქივი, არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა სადმე მოვიძიოთ ის უნიკალური ფოტოები, რომელნიც აქ იყო დაცული“.
მეუფე ისაიამ ბოლომდე გაიზიარა ეპარქიის მოსახლეობის მძიმე ხვედრი. ასეთ ვითარებაში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მთელ მსოფლიოს უჩვენა გმირობის მაგალითი, იმ დროს, როდესაც გორისა და ცხინვალის რაიონებში რუსული ბომბდამშენები ინტენსიურად ახორციელებდნენ დაბომბვას, ცეცხლის ალში იყო გახვეული სოფლები, პატრიარქი ჯერ გორში, ხოლო შემდეგ ნიქოზში ჩავიდა, გაამხნევა ეპარქიის სამღვდელოება, შეხვდა რუს გენერლებს…
მან აღნიშნა: ვერ წარმოგვედგინა, რომ მართლმადიდებელი რუსეთი ასე გაიმეტებდა საქართველოს.
24 აგვისტოს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში მისმა უწმიდესობამ ბრძანა: „რამდენჯერ ყოფილა ჩვენს ისტორიაში, როცა მტერს უნდოდა ხერხემალში გადაეტეხა ჩვენი ერი, უნდოდა ჩვენი მიწა-წყლის წართმევა, ჩვენი კულტურის, ჩვენი სარწმუნოების განადგურება, მაგრამ უფალმა არ დაუშვა ეს და განგვკურნა და დაგვიამა ჭრილობები. ადამიანი, რომელიც გულში ბოროტებას ატარებს, უპირველეს ყოვლისა, თვის თავს ვნებს. შურისძიება არ ახასიათებს ქართველს“. ღრმა ჭრილობები აქვს საქართველოს, ეს ჭრილობები ყველაზე კარგად ჩანს ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, მაგრამ გვწამს ჩვენი ხალხის შეუდრეკელობისა და თავდადებისა, მეუფე ისაიამ ამ თავდადების მაგალითი უჩვენა ყველას და ასე დარჩება იგი ისტორიაში.
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)
ერთი წლის წინ, მეუფე ისაია ცხინვალის საოკუპაციო საზღვართან ჩავიდა,"მარავლაჟამიერის" ფონზე ლოცავდა და აკურთხებდა ადგილს...
02/16/2026