საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
როცა სსრკ ისტორიას ბარდებოდა და ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებები ღვივდებოდა, როცა ზომიერება და შორსმჭვრეტელობა ასე გვჭირდებოდა, საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში იყო ლიდერი, რომელიც პოლიტიკოსის მთავარ დანიშნულებად მტრულად განწყობილებთან საერთო ენის გამონახვას მიიჩნევდა. აქ წაიკითხავთ ზურაბ ჭავჭავაძეზე, მათ შორის, 9 აპრილის ღამეზე მისი მოგონებით.
დაიბადა 1953 წლის 5 თებერვალს, გარდაიცვალა 1989 წლის 21 დეკემბერს. იყო 2 ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი. მისი სიტყვებია:
“ჩვენი მოვალეობა ის კი არ არის, ვინც გვიყვარს, იმასთან მოვნახოთ საერთო ენა, ჩვენი მოვალეობაა, საერთო მოვნახოთ იმასთან, ვინც ჩვენდამი მტრულადაა განწყობილი. ეს არის პოლიტიკური მოღვაწეობის ხელოვნებაც და აუცილებლობაც.“
ზურაბ ჭავჭავაძემ შეძლო მშვიდობიანი დიალოგის წარმოება „ადამონ ნიხასის“ ლიდერ ალან ჩოჩიევთან, რის მერეც “ადამონ ნიხასმა” და “ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ” ოსი და ქართველი ხალხებისადმი ერთობლივ მიმართვას მოაწერეს ხელი.
1988 წლის 3 დეკემბერს სოხუმში გამართულ მიტინგზე ზურაბ ჭავჭავაძემ აფხაზებს და ქართველებს აფხაზურ ენაზე მოუწოდებდა ერთიანობისკენ. ზურაბი ამაყობდა 1989 წლის აპრილში სოხუმში ჩატარებული გრანდიოზული დემონსტრაციით, სადაც ქართველი ახალგაზრდების გვერდით აფხაზი ახალგაზრდებიც იდგნენ.
1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) შემზარავი ავტოავარია მოხდა. ადგილზე დაიღუპა ეროვნული მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე კი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და მოგვიანებით ისიც გარდაიცვალა.

ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ამ საინტერესო ლიდერს zmna.ge-ს მკითხველს 9 აპრილის ღამეზე მისი ჩანაწერით გავახსენებ. აქ ზურაბ ჭავჭავაძე აღწერს, დარბევის ადგილას, დღევანდელი პარლამენტის შენობის წინ, პარაპეტთან, ღრმულში ჩაცვენილ დემონსტრანტებს რამხელა დახმარება გაუწიეს საბჭოთა საქართველოს მილიციის თანამშრომლებმა:

„განწირული ქალების კივილი ცას წვდება. ხსნა არსაიდან ჩანს და აქ, ჩემთვის მოულოდნელად, რადგან ჩემი ცხოვრება საპირისპიროს მოწმე ვარ, განწირულთ მხსენლად მოგვევლინა ხუთი ქართველი მილიციელი! ორი მათგანი რიგითი იყო, სამნი, ვგონებ, ზემდგომები. ისინი მთავრობის სახლის მხრიდან შემოვიდნენ, სამნი ჯარისკაცებსა და ჩვენს შორის ჩადგნენ და აწიოკებული ხალხის ამოყვანა დაიწყეს. ორმა ქანდაკებასა და ჯარისკაცებს შორის დერეფანი შექმნა და ორმოდან ამოყვანილების გატარება დაიწყო უსაფრთხო ადგილისკენ. ერთი უცნობი მამაკაცი, მერაბ კოსტავა და მე ქვევიდან ვეხმარებით. უმრავლესობა ქალები და გოგონები არიან. თითქმის ყველანი ნაიარებნი, აცახცახებულნი, ფეხშიშველნი (იმ გოგოებიდან, ვინც მე ავსვი ზევით, მხოლოდ ერთს შერჩენოდა ცალი ფეხსაცმელი). ზევით კი ავსვამთ, მაგრამ რა? ბევრი ისეა გაბრუებული, რომ ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებს და იქვე იკეცება. მათ გადასაყვანად ბიჭების ასმაც დავიწყეთ, ისინი ზურგზე იკიდებენ და ისე მიათრევენ გათიშულთ. ორმო ნელნელა ცარიელდება. მე და მერაბიც ამოვდივართ პარაპეტზე, მილიციელი ისეა ქანცგაწყვეტილი, თითქოს ვეღარ გვეხმარება. ორმოში კვლავ ცვივა ხალხის ახალი ტალღა, ჩვენ მათ ამოყვანას ვიწყებთ.

„წადით, თქვენ წადით, ჩვენ ამოვიყვანთ,“ – გვეუბნება მილიციელი, რომელსაც სახეზე ფერი აღარ აქვს, ცივი ოფლი ასხამს და ძლივსღა სუნთქავს. ჩვენ ფეხს არ ვიცვლით, ორი თუ სამი კაცის ამოყვანას კიდევ ვასწრებ და თავს გვესხმიან რუსთაველის გამზირის მხრიდან იერიშით ამოსული სპეცჯარის გამძვინვარებული ჯარისკაცები.“
ეს იყო 1989 წლის 9 აპრილი. ზურაბ ჭავჭავაძეს, სამწუხაროდ, ბევრი აღარ დასცალდა. 5 თებერვალს მას 73 წელი შეესრულებოდა.
02/05/2026