Logo

ინტერვიუ

„გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, ექიმს უთხრა...“ - თაკო ჩარკვიანი მამუკას უკანასკნელ დღეებზე

„გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, ექიმს უთხრა...“ - თაკო ჩარკვიანი მამუკას უკანასკნელ დღეებზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მამუკა ჩარკვიანი საკუთარ დაბადების დღეს დაკრძალეს. ასეთი რამ იშვიათია. ალბათ, ესეც შემოქმედი ადამიანის ხვედრია... 70 წელი უკვე იმიერში შეუსრულდა.

ინტერნეტ გამოცემა "ზმნასთან", ძმის ხანგრძლივი ავადმყოფობისა და გარდაცვალების მიზეზზე, თაკო ჩარკვიანი საუბრობს.

თაკო ჩარკვიანი: მამუკას 13 წლის წინ ფეხი მოტყდა. რკინა, რომელიც ფეხში ჰქონდა ჩადგმული, თითქოს მოეშვა. ქუთაისში, თეატრში, გასაოცარი კონცერტი ჩაატარა, დარბაზი სკანდირებდა. ბისზე ლამის მეორე კონცერტი გაიმართა, ისეთი ამბავი იყო; ისეთი საოცარი ენერგეტიკა ჰქონდა, სცენაზე მოძრაობდა. კულისებში რომ შემოვიდა, გვითხრა, ოქტომებრში, ცოტა რომ აგრილდება, ამ ფეხს უნდა მივხედო, კონცერტის ბოლოს საშინელ ტკივილს ვგრძნობდი კოჭთანო... მოკლედ, მივიდა კლინიკაში და გაუკეთეს ოპერაცია. რომ გამოიყვანეს, ფეხი ილიზაროვის აპარატში ჰქონდა ჩადგმული. არ მესიამოვნა. დაეწყო სიცხეები. გავიდა 6 თვე, სიცხით, ანტიბიოტიკებით. ხდება ხოლმეო, ექიმები ამბობენ. ამ წვალებაში დიდი დრო გავიდა. დედა ექიმის შვილია და თქვა, აქ რაღაც ამბავია, ვიღუპებითო. ამ დროს დედაც ცუდად არის თავისი დაავადებით, კლინიკაში მყავს. დილის ექვს საათზე მირეკავს მამუკა, ფეხის ამპუტაცია შემომთავაზეს, მოდიო. მივიყვანე ინფექციონისტ ერეკლე გოცაძესთან, რომელმაც ზუსტი დიაგნოზი დასვა - ეს ბაუმანის ინფექციააო!. დაწყებული იყო ოსტეომელიტი, ძვალი არ ხორცდებოდა. მამუკას ბაუმანის ბაქტერიით დაინფიცირებული აპარატი დაამაგრეს ფეხზე. იმავე კლინიკაში დაინფიცირდა პატარა პაციენტიც, ბავშვიც. ავსტრიაში პრაქტიკულად მომაკვდავი მამუკა წავიყვანეთ. იქ ამოითესა - ეს იყო ნამდვილად ბაუმანის ინფექცია. იმავე წამს მოახდინეს პაციენტის ეკიპირება. სხვაგან გადაიყვანეს, რომ ამ მომაკვდინებელ ბაქტერიას გავრცელება არ ჰქონოდა.

ვენაში სოსო ნანობაშვილმა ავსტრიელ ქირუგთან ერთად რვა ოპერაცია გააკეთა. დილეტანტის ენაზე რომ ავხსნა, ამ ბაქტერიამ რიკოშეტით ისროლა და გამოიწვია დაავადებები - პნევმონია და სეფსისი. ავსტრიიდან ეტლით ჩამოვიყვანეთ. ის აპარატი, რომელიც იქ ფეხზე ჰქონდა მიმაგრებული, როცა მოვხსენით, ავსტრიელი ექიმების რეკომენაციით, სპეციალურ ცელოფანში გახვეული დავწვით. და შემდეგ დავმარხეთ.

მამუკა სწორედ ბაუმანის დატოვებული პნევმონიებით გარდაიცვალა. ბაქტერიამ ფილტვი დაუსუსტა. ალკოჰოლიზმიო, სულ რომ ეს ახსოვთ და წერენ, მთელი ოჯახი ფეხზე ვიდექით და ცოცხალი გვყავდა ეს ბიჭი. კლინიკამ კი, დაუდევრობით დაღუპა. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ამას გულდაწყვეტით ბევრი ექიმი დაადასტურებს. სამწუხაროდ, პასუხი არ მოგვითხოვია მათთვის.

მე სულ მქონდა პანიკური შიში, რომ რაიმე ინფექცია არ შეხვედროდა.

ინფექციამ ხერხემალზე, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დარტყმა გამოიწვია და შეიძინა პარკინსონის ჯგუფის დაავადება. კანკალმა გამოიწვია ღრმა დეპრესია. ძალიან გაწვალდა. გიტარაზე ვერ უკრავდა. ამ წამებაში გავიდა 13 წელი. კატასტროფა გადავიტანეთ მასთან ერთად.

მამუკა ჩარკვიანი

- როგორი იყო მამუკას უკანასკნელი დღეები?

- ბოლოს კლინიკაში სეფსისით მოხვდა. კავკასიის მედიცინის ცენტრი თან გადაგვყვა. ბოლო ორ თვენახევარი გაატარა იქ. ორჯერ ავედით პალატაში. რეანიმაციის და ექიმების წყალობით გამოძვრა. სხვა არაფერი შემეძლო, კლინიკიდან არ გამოვსულვარ. ექიმებთან ერთად ყირაზე დავდექით მთელი ოჯახი. მაგრამ ანტიბიოტიკი ვეღარ აიტანა ორგანიზმმა და გული გაჩერდა.

გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, მდგომარეობიდან გამოიყვანეს და ექიმმა ჰკითხა, ბატონო მამუკა, როგორ ხართო? მამუკამ ჟანგბადის ნიღაბი მოიძრო და მე კარგად, შენო? გაეხუმრა კიდეც...

ავტორი: თამარ გონგაძე

10/31/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024