Logo

საზოგადოება

"გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს“ - 1991 წლის 31 მარტი - უდიდესი დღე

"გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს“ - 1991 წლის 31 მარტი - უდიდესი დღე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

1991 წლის 31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში უდიდეს დღედ ჩაიწერა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ერთხმად დაუჭირა მხარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმი ჩატარდა ერთიან საქართველოში, ხოლო დასავლური პრესა აღფრთოვანებით აშუქებდა საქართველოს მოქალაქეთა თავისუფლებისადმი ერთგულებას.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი ისტორიული რეფერენდუმის შედეგები გახდა. რეფერენდუმზე კი მოსახლეობას შესთავაზეს, პასუხი გაეცა შეკითხვაზე:

თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?

ამ უმნიშვნელოვანეს შეკითხვას ერთიანი საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა უპასუხა - დიახ, ეს კი რეფერენდუმში მონაწილე 3 300 000 -ის 99 % იყო. მაშინ სრულიად საქართველო შეთანხმდა ებრძოლა და მიეღწია დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოსთვის.

რეფერენდუმი

უმნიშვნელოვანესი იყო, რომ რეფერენდუმში აქტიურად მიიღეს მონაწილეობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმაც და მხარი დაუჭირეს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.

რეფერენდუმი ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და მაშინდელ კონფლიქტურ ზონაში - შიდა ქართლში.

აფხაზეთში დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა 97.73%-მა, რაც ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩევლის 58,84% იყო.

აქტიური იყო შიდა ქართლის მოსახლეობაც ახალგორისა და ცხინვალის რაიონებში.

რეფერენდუმი

რეფერენდუმი არ ჩატარებულა ცხინვალში, ჯავისა და ყორნისის რაიონებში. აქედან ჯავის რაიონში 5,8%, ყორნისში კი - 35,4% ქართველი ცხოვრობდა.

„საგულისხმოა, რომ ჯავის რაიონის 474 ამომრჩეველმა, მათგან 149 ოსმა, ხმა მისცა საჩხერის რაიონის სოფელ პერევში და ყველამ დადებითად უპასუხა შეკითხვას,“ — ეს ზვიად გამსახურდიამ აღნიშნა 1991 წლის აპრილში, უზენაეს საბჭოში სიტყვით გამოსვლაში.

ზვიად გამსახურდია

დამოუკიდებლობის რეფერენდუმამდე ცოტა ხნით ადრე, ზვიად გამსახურდიას სახელზე ემიგრაციიდან წერილი გამოაგზავნა სამშობლოდან მთელი 70 წლის წინ გადახვეწილმა სიმონ კეკელიძემ:

„მაქვს დიდი თხოვნა მიმაღებინოთ მონაწილეობა რეფერენდუმში. მაქვს საბუთი, რომლის ძალითაც ვბრუნდები სამშობლოში მუდმივ მაცხოვრებლად. სრულიად ახალგაზრდამ განვიცადე საქართველოს დამოუკიდებლობით გამოწვეული ბედნიერება 1918 წლის 26 მაისს. რადგან შესაძლებელია მეორედ მოვესწრო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ნუ მეტყვით უარს. თანახმა ვარ აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს.“

კორნელი

სიმონ კეკელიძის წერილი 1991 წლის პრესაში გამოქვეყნდა. მისთვის საპასუხო შეტყობინება გაუგზავნიათ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან და თან გადაუციათ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას გულითადი სალამი.

მაშინ გამოჩნდა მეორე პირიც, ვისც მეორედ მოუწია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მხარდაჭერა. ეს 1900 წელს სოხუმში დაბადებული ვლადი კაკუბერი იყო, რომელიც იმ დროს უკვე 91 წლის გახლდათ.

კაკუბერი

დასავლური პრესა აქტიურად აშუქებდა საქართველოში ჩატარებულ ისტორიულ რეფერენდუმს.

Le Monde-ში 1991 წლის აპრილში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც შემდეგ ქართულ პრესაში დაიბეჭდა, ასე აღწერდა რეფერენდუმის დღეებს:

„ ვინც არ უნდა ჰკითხოთ — რა ხდება საქართველოში? ერთ პასუხს მიიღებთ: აქ ხომ კომუნისტები აღარ არიან!“

არც ისე დიდი ხნის წინ ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდა საქართველოში. დავიწყება არ შეიძლება.

ავტორი: ელენე ლომთაძე

02/04/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024