საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაიპყრო. ამ სამხედრო აგრესიას მალევე მოჰყვა კარგად დაგეგმილი პროპაგანდისტული კამპანია, რომლის მიზანი საერთაშორისო საზოგადოების თვალში ოკუპაციის „რევოლუციად“ წარმოჩენა იყო. დოკუმენტური წყაროები და თავად საბჭოთა ლიდერების წერილები ცხადყოფს, როგორ შენიღბეს ძალადობა ტყუილით.
ეს საინტერესოა, მით უფრო, რომ რუსეთის მეთოდები უცვლელია.
1921 წლის 25 თებერვალს სერგო ორჯონიკიძემ ბაქოდან დეპეშა გაუგზავნა ლენინსა და სტალინს და სიხარულით აუწყა, რომ თბილისის თავზე საოკუპაციო წითელი დროშა ფრიალებდა.

საერთაშორისო რეაქცია საქართველოს დაპყრობაზე
ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობას საერთაშორისო საზოგადოება უარყოფითად შეხვდა. ქვეყნიდან გახიზნულ დემოკრატიულ მთავრობას აქტიურად გამოექომაგნენ მეორე ინტერნაციონალის პარტიები და ევროპის სოციალისტური პრესა. ამ ვითარებაში, 1921 წლის 18 აპრილს, უკვე ლენინი სწერდა ორჯონიკიძეს:
„ჩვენს წინააღმდეგ საზღვარგარეთ გააფთრებულ აგიტაციას ეწევიან საქართველოს გასაბჭოებასთან დაკავშირებით. საჭიროა საქართველოს რევკომმა დაიწყოს სერიოზული კონტრაგიტაცია. უნდა აღინიშნოს რუსეთის მშვიდობისმყოფელი როლი და საქართველოს მუშებისა და გლეხების აქტიური მონაწილეობა მთავრობის დამხობაში.“

სარკისებური პროპაგანდა
ამ წერილით ლენინი მოითხოვდა საერთაშორისო საზოგადოების თვალში მსხვერპლი — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - დამნაშავედ წარმოეჩინათ. საქართველოში საბჭოთა რუსეთის არმიის შეჭრა და ოკუპაცია შეენიღბათ ტყუილით, თითქოს დემოკრატიული მთავრობა აჯანყებულმა მშრომელებმა დაამხეს, ოკუპანტი, ქვეყნის მაოხრებელი და მძარცველი რუსეთის არმია კი მშვიდობისმყოფელად გაესაღებინათ.
რომელი სამხედრო შენაერთები მონაწილეობდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამხობაში?
გაზეთ „ფორვარდის“ რედაქციისთვის ნოე ჟორდანიას წერილის თანახმად, ესენი იყვნენ: საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია, 18-ე, 20-ე, 28-ე, 32-ე ქვეითი დივიზიები, 9-ე, 31-ე, 33-ე, 34-ე ქვეითი დივიზიები, მატროსების პოლკი და სხვა სამხედრო ნაწილები — ტანკებითა და არტილერიით.
განსაკუთრებით საგულისხმოა ნოე ჟორდანიას მინიშნება იმის შესახებ, რომ ქართველ კომუნისტებს ამ არმიაში მონაწილეობა არ ჰქონდათ. ისინი წინ გამოუძღვნენ ოკუპანტებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვერ იპოვეს ძალა, რომელიც ამბოხების ორგანიზებას შეძლებდა.
ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის აღიარება: „დამოუკიდებლობა მხოლოდ სიტყვიერად“
საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის, ფილიპე მახარაძის, მოსკოვში გაგზავნილი შეტყობინება, დათარიღებული 1921 წლის დეკემბრით:
„საბჭოთა რეჟიმის დამყარებისას აქ არ მოიძებნებოდა პარტიის არც ერთი წევრი (იგულისხმება კომუნისტური პარტია), რომელიც საქმიანობის ორგანიზებას შეძლებდა. ეს დავალება უმეტესად კრიმინალურმა ელემენტებმა შეასრულეს.“
ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი მოყვანილია კომუნისტური აგრესიის შესახებ საგანგებო კომიტეტის ანგარიშში, რომელიც 1954 წელს წარედგინა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას. ამავე შეტყობინებაში ფილიპე მახარაძე მოსკოვის ხელმძღვანელობას წერდა:

„საქართველოში მასები შეეჩვიენ დამოუკიდებლობის იდეას. ამიტომ თავდაპირველად ჩვენ გარეგნულად სწორი პოზიცია შევიმუშავეთ, ვაცხადებდით, რომ საბჭოთა რუსეთი არ აპირებდა საქართველოსთვის დამოუკიდებლობის წართმევას და წითელი არმია მხოლოდ იმისთვის შემოვიდა, რომ მშრომელი მასები გაენთავისუფლებინა. ნათლად უნდა გვეჩვენებინა, რომ ჩვენი პოზიციაც დამოუკიდებლობაზე დავაფუძნეთ, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერად. ჩვენ ამგვარი მიზანი საერთოდ არ გვამოძრავებდა. ჩვენ ვაცხადებდით, რომ დამოუკიდებელი საქართველოსთვის ვიღწვვოდით მაშინ, როცა თანმიმდევრულ ნაბიჯებს ვდგამდით ამ პირობის დასარღვევად.“
წინააღმდეგობა
საქართველოს ხალხი წითელი არმიის შემომყვან ქართველ ბოლშევიკებს ზიზღით უყურებდა. ოკუპანტებისა და საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგობა არ წყდებოდა და მასში უფროს თაობებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებიც.
დამფუძნებელი კრების წევრის, ვლასა მგელაძის მოგონებების მიხედვით, 26 მაისის საპროტესტო დემონსტრაციებს, განსაკუთრებული მასშტაბი, 1921 და 1922 წლებში ჰქონდა:


„თავპირდასისხლიანებული ახალგაზრდა ქალები და ვაჟები ჩეკისტებს ეროვნული სამფეროვანი დროშების წართმევის საშუალებას არ აძლევდნენ… განსაკუთრებით სისხლიანი გახდა ბათუმი 1922 წლის თებერვალში.“
საბჭოთა ოკუპაციასთან ქართველი ახალგაზრდების გმირულ წინააღმდეგობაზე ბევრია დასაწერი.
01/30/2026