საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თამრიკო ჭოხონელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების თემას ეხება და ამ ბავშვების დედეს სოლიდარობას უცხადებს. მომღერალი ფეისბუქზე წერს, "როცა ბავშვებს ვტოვებთ უყურადღებოდ - ვკარგავთ მომავალს!"
რამდენიმე კვირაა, ამ დაავადების მქონე ბავშვების მშობლები, კანცელარიის წინ, 24 საათიან რეჟიმში მოითხოვენ ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვან წამლებს.
დაავადების ახალი, ინოვაციური თერაპიები, მათ შორის, გენური თერაპიის ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და დამოკიდებულია ქვეყნის შესაძლებლობებზე, მის პროგრამებზე.
ეს ვერაგი დაავადება კუნთების განლევასა და ბავშვების ეტლზე მიჯაჭვულობას იწვევს. დაავადების მქონე ბავშვებს საკმაოდ ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდებათ. ასეთ ბავშვებსა თუ მოზარდებს წამლებით, უცხოეთში, სახელმწიფო უზრუნველყოფს. ჩვენთან კი ჯერჯერობით, მშობლების მოთხოვნა - დაავადებას შვილების სიცოცხლე გამოსტაცონ, დაუკმაყოფილებელი რჩება.
თამრიკო ჭოხონელიძე: როგორც დედა და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, არ შემიძლია ჩუმად ვიყო მაშინ, როცა საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების გარეშე დარჩენილი ბავშვები არიან და დედებთან ერთად დახმარებას ითხოვენ - "მინდა დედას ჩავეხუტო და არ შემიძლია...", "მინდა ვიცოცხლო და დამეხმარეთ"... და რამდენი ასეთი სულისშემძვრელი ფრაზა... და ეს სიტყვები ბავშვებს ეკუთვნის!!!
დღეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ხმა ავიმაღლოთ მათთვის!რადგან როცა ბავშვებს ვტოვებთ უყურადღებოდ - ვკარგავთ მომავალს!თითოეულ ბავშვს და მათ მშობლებს მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუხატო და ვუთხრა, მიგულეთ თქვენს გვერდით!
გავკადნიერდები და გთხოვთ, ყველას, განსაკუთრებით ქალბატონებს - დედებო, ბებიებო, ნუ ვიქნებით გულგრილნი! აქ მაინც ვიყოთ ერთად!
05/05/2026