
09/10/2026
1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამ, რომელმაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის მფარველობაში შეიყვანა, ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა არა თუ გააუმჯობესა, არამედ - კრიტიკულ ზღვრამდე დაამძიმა. როგორც ცნობილი ქართველი ისტორიკოსი სარგის კაკაბაძე მიუთითებს, რუსეთის მხრიდან მხარდაჭერა მხოლოდ ფარატინა ქაღალდად დარჩა - იმპერიას არც რეალური და არც სათანადო სამხედრო დახმარება არ აღმოუჩენია ქართველებისათვის. მეტიც, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორი რუსული ბატალიონიც კი უკან გაიწვიეს. საქართველომ დაკარგა სუვერენული მანევრირების უნარი, რეგიონული მეზობლები გადაიკიდა, მტრები კი უკიდურესად გააღიზიანა, რადგან ამათ ქართლ-კახეთის რუსეთთან დაკავშირება საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად მიაჩნდათ. ასეთ სავალალო ვითარებაში, ქვეყნის შინაური ცხოვრების მოწყობა და ეკონომიკურ-სამხედრო რეორგანიზაციაც შეუძლებელი გახდა. რუსეთის იმპერია ამ მხრივაც არ აჩვენებდა არც მორალურ და არც პრაქტიკულ თანადგომას.
სპარსეთის ულტიმატუმი და მეფე ერეკლეს სულიერი დილემა
სპარსეთის ახალი მბრძანებლის, აღა მაჰმად-ხანის მხრიდან ერეკლე მეფეზე ზეწოლა ძლიერდებოდა. მან ერეკლესთან ელჩი გამოაგზავნა და კატეგორიულად მოსთხოვა რუსეთთან კავშირის გაწყვეტა და მორჩილება. სარგის კაკაბაძის გამოკვლევებიდან ირკვევა, რომ აღა- მაჰმად-ხანი, სანაცვლოდ ერეკლეს ძალზე სარფიან პირობას სთავაზობდა: ამიერკავკასიის სახანოებზე - მათ შორის ყარაბაღზე, შაქსა და შირვანზე - სრულ უზენაესობას, გარდა ბაქოსა და თალიშის სახანობებისა. შეთავაზება მაცდური იყო და ერეკლეს მერყეობაც დაუწყია, მაგრამ საბოლოოდ მტკიცე უარი უთქვამს.

სარგის კაკაბაძე შენიშნავს, რომ მეფე ერეკლეს ერთგულება გეორგიევსკის ტრაქტატის მიმართ, მთლად პრაგმატული გათვლებით არ აიხსნებოდა. ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა „ერთმორწმუნეობას“ და რუსეთის იმპერატორთან დადებულ ფიცს წმინდათაწმინდა აქტად აღიქვამდა. ერეკლე მეორე ვერც კი იფიქრებდა ფიცის გატეხვაზე, მაშინ როცა ქრისტიანი რუსეთის ხელმწიფე ფიცს არაფრად მიიჩნევდა და მარტივად არღვევდა. ეს რელიგიური მიდგომა უშლიდა ხელს ქართლ-კახეთის ლეგენდარულ მეფეს სპარსეთთან მოქნილი პოლიტიკის წარმოებაში.

კრწანისის ომის წინ რუსეთის ღალატით გამწარებულს, ეს თავადაც გაუცნობიერებია და პეტერბურგში მყოფი შვილისთვის, მირიანისთვის მიუწერია: „მე რომ რუსეთის კართან ფიცით არ ვყოფილიყავი შეკრული და აღა მაჰმად-ხანს მოვრიგებოდი, ეს ამბავი არ დამემართებოდაო“.

შიდა დაპირისპირებები და ღალატი
კრწანისის ომის წინ შექმნილი მძიმე საგარეო ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა ქვეყნის შიგნით არსებულმა ღრმა პოლიტიკურმა და სოციალურმა დაპირისპირებებმა. ერეკლე II-ის შვილიშვილი, ალექსანდრე ორბელიანი თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ კრწანისის ომში მარცხი მთელ საქართველოს მოდებულმა შინაურმა ღალატმა განაპირობა. ორბელიანი აკრიტიკებს დიდებულებს, რომლებმაც პირადი წყენისა თუ ინტერესების გამო, ომში ძალები არ გამოიყვანეს, თუმცა იქვე ასახელებს მეფის და ქვეყნის ერთგულ მებრძოლებსაც, რომლებმაც ბოლომდე გმირულად იომეს.

„თვით მეფე ირაკლის ძე ვახტანგ. ამას სამასი ცხენიანი აზნაურშვილები ჰყუანდა თავიანთი მოსამსახურეებით, არაგველები, რომლებიც სულ ომში დაიხოცნენ და თავი იქვე დაიგდეს. ამ ბატონიშვილს არათუ სამასი მეომარი, შეეძლო სამი ათასი მოეყვანა ხეობის ოსებით, მაგრამ იქაც ეშმაკები შეიპარნენ და იმათ ჩაშალეს.
მეფე გიორგის ძე, ბატონიშვილი იოანე. განუყრელად თავის პაპას ახლდა, როგორც უშიშარი გმირი. მეფე ირაკლიზე სეტყვასავით ტყვია რომ წამოვიდოდა, ბატონიშვილი იოანე გადაუდგებოდა წინა და თავის გულს მიუშვერდა. მაშინ ამას ქსანი ეჭირა, შეეძლო ათასი ცხენიანი კაცის გამოეყვანა, მაგრამ ორმოც და ათამდისინ ძლივსა ჰყუანდა. აქაც ეშმაკებისგან მოხდა.
მეფე ირაკლის სიძე ივანე მუხრანის ბატონი. განუშორებლად ახლდა მეფეს, ამასაც შეეძლო ათასამდის ცხენიანი კაცის გამოყვანა, მაგრამ სამოცამდისინ ეყოლებოდა. აქაც რასაკვირველია ეშმაკები იყუნენ სამუხრანოში. მთელ საქართველოში იყო მოდებული საზიზღარი, მოღალატე კაცები ეშმაკებისგან ეშმაკები.“

ქიზიყელთა გადამწყვეტი ღალატი
ქიზიყში ჯარის შეკრება მეფის ძეს, გიორგის ევალებოდა, რომელიც მძიმედ დაავადებული და ყოველგვარ ინიციატივას მოკლებული იყო. მან ეს საქმე თავის მეორე ცოლის ძმას, რევაზ ანდრონიკაშვილს მიანდო. რევაზი წარსულში ქიზიყის მოურავი, მამაცი და გავლენიანი კაცი იყო. მოურაობა მას უსამართლოდ ჩამოართვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბატონიშვილი ელენე ზაქარია ანდრონიკაშვილზე დააქორწინეს და დარეჯან დედოფალმა ქიზიყის მოურაობა თავისი ახალი სიძისთვის მოინდომა. ზაქარიაც მამაცი პიროვნება იყო, მაგრამ რევაზს ყოველმხრივ ჩამორჩებოდა. რევაზი ამ ამბის გამო გაუორგულდა ერეკლეს და კრწანისის ომის წინ, ქიზიყში ჯარის შეკრების მისთვის დავალება დიდი შეცდომა აღმოჩნდა. რევაზმა 2000 ქიზიყელი თბილისის მისადგომებიდან უკან გაატრიალა, გზად გასახიზნად მიმავალ ცხვრის ფარას გადაეყარა, გაიტაცა და თავისი ჯარიანად უკან წავიდა. „უშველოს ახლა ზაქარია მოურავმა,“ - სამწუხაროდ ასეთი იყო რევაზ ანდრონიკაშვილის სამარცხვინო გადაწყვეტილება.

სარგის კაკაბაძის ვარაუდით, კრწანისის ომში ერეკლეს ჯარი 6000-ს აღემატებოდა, აქედან 2000 იმერეთიდან ჩამოყვანილი იყო. საუბედუროდ, ომის წინ, თბილისში, იმერლებს მუცლის დაავადება შეეყარათ და ნაწილმა ბრძოლის ველზე გასვლა ვერ შეძლო, უკან მიტრიალდა.

მიუხედავად მცირერიცხოვნებისა, ქართველებმა პირველ ეტაპზე წარმოუდგენელი გმირობა აჩვენეს. აღა მაჰმად-ხანს უკვე გაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა, 10 სექტემბერს ღამით ვიღაცამ დაარწმუნა ერეკლეს ჯარის სიმცირეში და ბრძოლის გაგრძელება გადააწყვეტინა. ვინ იყო ეს გამცემი? სარგის კაკაბაძის ვარაუდით, ეს შეიძლება ყოფილიყო ოსეფა ყორღანაშვილის შვილი ივანე, რომლისთვისაც მერე, რუსების დროს, ხალხს „ვანკა-კაენი“ დაურქმევია ბიბლიური ძმისმკვლელი კაენის შთაგონებით. ოსეფა ყორღანაშვილის ოჯახიც ასევე პირადი მოტივაცით ყოფილა ერეკლეზე განაწყენებული.
კრწანისის ომიდან 231 წელი გავიდა.
გააზიარე სტატია