Logo

გია ფარადაშვილი კუს ტბაზე ფეხით გავლას აანონსებს

გია ფარადაშვილი კუს ტბაზე ფეხით გავლას აანონსებს

09/30/2026

ტექსტის ზომა

ტიკტოკზე მფრინავი ჯოხით გამოჩნდა თუ არა, გია ფარადაშვილის ვიდეომ სამი მილიონ 150 ათასი "ნახვა" დააგროვა. ილუზიონისტის ყოველი მორიგი გამოჩენა ამგვარ ინტერესესს იწვევს. ილუზიით დაინტერესებას ასაკი არ აქვს. დაფარულის, ამოუხსნელისა და ჯადოსნურის ინტერესი, ადამიანს მუდმივად აქვს. ამიტომაც არის, რომ ილუზიონისტების შოუს ნებისმიერი ასაკის მაყურებელი ჰყავს.

ცნობილი ქართველი ილუზიონისტი კი, 69 წლისაა. თუმცა ის მხნეობა და შემართება, რაც მას აქვს, ამ ციფრების ლოგიკას ცდება. გია ფარადაშვილი "ზმნას" მკითხველს ამ მხნეობის რეცეპტს უმხელს.

"წლებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს... მე ჩემს წლებს არ ვუყურებ, ახლაც შემიძლია ავდგე და ვიფრინო" - ამბობს ის. და მართლაც დაფრინავს.

ილუზიონისტი მის განვლილ გზაზე გვიყვება... "მსოფლიოში ყველაზე პლასტიკური ილუზიონისტის" წოდება იმ ხანგრძლივი მოზაურობისა და გასტროლების დროს მიიღო, როცა ქვეყნიერებას თავისი ფენომენალური ნიჭით აცნობდა თავს.

გია ფარადაშვილი: 69 წლის ვარ და როგორ ინარჩუნებთ ახალგაზრდულ იერსო, სულ მეკითხებიან. ძალიან ჩვეულებრივ, სარკეში ვიხედები, ვიღიმები და კარგ განწყობაზე ვდგები.

ყოველთვის კარგად ვარ, კარგ ხასიათზე, რადაგანაც სულ ვიღიმები. არ მიყვარს ტირილი. სცენაზე გამოსვლის დროს, მე სულ ამ რჩევას ვაძლევ პუბლიკას, რაც მეტს გაიღიმებთ, მით გვიან დაბერდებით-მეთქი. ასე რომ, დილით ღიმილით უნდა გაიღვიძოთ, აურაც კარგი გექნებათ და ხასიათზეც იქნებით. მეც კარგი აურა მაქვს და ჩემს ოჯახსაც.

- სხვის აურას, ალბათ, მარტივად შეიგრძნობთ.

- სხვის აურას მაშინვე ვგრძნობ. მეათე კლასში ვიყავი, ადამიანს რომ შევხედავდი, შემეძლო მეთქვა, რითი სუნთქავს, როგორი აურის მატარებელია. ტელეპატიის ნიშნები მქონდა, ჰიპნოზსაც ვფლობდი, მაგრამ ეს ნიჭი არ განვავითარე, რადგან ძლიერი თავის ტკივილები იცის. ამიტომ თავი დავანებე ტელეპატიას.

- და სწრაფი ხელების მაგიაზე გადაერთეთ?

- ხელები ძალიან სწრაფი მქონდა, კოსმოსური ხომალდივით. თითებს ისე სწრაფად ვურევ ერთმანეთში, რომ თითები არ ჩანს, ჩანს მარაოსავით. იმდენად სწრაფი თითები მარგუნა ღმერთმა, რომ მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვინც სამ წამში საათს ხსნიდა.

ეს ნიჭი ღმერთმა მაჩუქა. მე ღმერთის მწამს და მინდა ყველას სწამდეს. ის ზევიდან გვიყურებს და მადლიერები უნდა ვიყოთ.

გია ფარადაშვილი

- საიდან იწყება თქვენი, როგორც ილუზიონისტის კარიერა?

- ჩემს ჟანრში მუშაობა 1972 წელს, სკოლიდან დავიწყე. მასწავლებლები, ბავშვები აღტაცებულნი ამბობდნენ - გია ფარადაშვილი ფოკუზებს აკეთებსო. ნახევარ საათიანი პროგრამა მქონდა მომზადებული. კლასელი გოგონები მეხმარებოდნენ.

1973-74 წლიდან „მზიურთან“ ერთად კონცერტები მქონდა. პირველი საჯარო გამოსვლა კი, ზუგდიდში, იპოლიტე ხვიჩიას შემოქმედებით საღამოზე მქონდა. დიდ პატივს ვცემდი, თვითონაც პატივისცემით იყო ჩემდამი განწყობილი. სუფრასთან რომ იჯდა, მისი ერთი გამოხედვაც საკმარისი იყო, ხალხი თავს ვერ იკავებდა. ვერ ჭამდნენ, სულ იპოლიტეს უყურებდნენ. დიდი ვირტუოზი იყო.

1975 წელს უცხოურ სიმღერაზე (ბონიემის "Sunny") ცეკვის ნომრით წარვსდექი და უკვე პოპულარული გავხდი. სასცენო ჩაცმულობა განსხვავებული მქონდა. უცხოეთში ვიძენდი სამოსს, მეცვა ძალიან მაგრად. აიწევდნენ პერანგებს და მაისურზე ხელს მაწერინებდნენ. სადარბაზოსთან მხვდებოდნენ, ინტერვიუს იღებდნენ.

გია ფარადაშვილი

კონკურსზე რომ გამოვდიოდი და მფრინავი ჯოხის ნომერი მქონდა, ილუზიონისტები გაოგნებულები იყვნენ.

ამ ჟანრში, ნომრებზე, ცეკვით მუშაობა მე დავიწყე. პირველი თანამედროვე ილუზია მე შემოვიტანე. მანამდე, ილუზიონისტები სერიოზული სახეებით იდგნენ შარვალ-კოსტუმითა და ბაფთით. მე სულ თანამედროვედ ვიყავი. რომელ ქვეყანაშიც ვიყავი, ყველგან აცხადებდნენ, "მსოფლიოში ყველაზე პლასტიკური ილუზიონისტი."

შემდეგ ხელები დავიზიანე, დიდი ტრავმა მივიღე და აღდგენას წელიწად ნახევარი დასჭირდა. 1981 წელს მამას ვეხმარებოდი, ხელი მოტორში ჩამივარდა და ისევ ჩემი თითების სისწრაფემ გადამარჩინა. ვისაც იქ ჩაუვარდა ხელი, თითები იქვე დაუტოვებია, მე სწრაფად ამოვიღე ხელი, მაგრამ მყესები გამიწყვიტა. ბევრი ვივარჯიშე და ნელ-ნელა აღმიდგა. ერთ თითს დღესას ვერ ვხრი ბოლომდე.

- როგორ ფიქრობთ, ეს განსაცდელი, მაინცდამაინც ხელზე - ტრავმის სახით, რატომ მოვიდა?

- შეიძლება ღმერთმა შემაჩერა ამ განსაცდელით; მითხრა, ცოტა ხანი სდექ! იცით, ეს ჟანრი ორ ნაწილად იყოფა - მანიპულატორები და ილუზიონისტები. მე ორივე ჟანრში გახლდით. მანიპულაციაში სასწაული ვიყავი. თითების დაზიანების შემდეგ კი, ნომრები, რომელსაც ხელის სისწრაფე უნდოდა, ერთი წლით შევაჩერე. თითებს ვერ ვხრიდი. ამიტომ დიდ ყუთებზე გადავერთე - გაქრობა - გაჩენის ნომერი. ვმუშაობდი ხელთათმანებით. და რაღაც დროის შემდეგ, ისევ გადავედი მანიპულაციაზე.

დღესაც კი, ბევრი 16 წლის ბიჭი ვერ შემედრება ხელის სისწრაფეში. ზედმეტსახელი მქონდა - „კარტის მეფე“. კარტით მანიპულაციაში ბევრი ახალი რამ მე მაქვს შეტანილი. ძალიან ძლიერი ვიყავი ბურთების დამალვაშიც. ოთხი წელი მაღალი რეიტინგი მქონდა. ამ საქმეში ბადალი არ მყავდა.

ახლა, კომპიუტერს რომ ჩავრთავ, ვუყურებ ჩინელები როგორ მუშაობენ და მომწონს, მაგრამ მანახონ ცხადში და მე დავიჯერებ, რომ ეს სინამდვილეა. კომპიუტერით რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, შემიძლია სპილოც გავაქრო.

ინგლისში, ქალაქი ბლექპულში ყოველ სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ, იკრიბებიან მსოფლიოს ილუზიონისტები. მეც მათთან ერთად ვიყავი და კარტებით ისეთ მანიპულაციებს ვუტარებდი, პირი ღია რჩებოდათ.

1986 წელს პირველი ბრეიქდანსი გახსოვთ თბილისში? ვინ შემოიტანა? გია ფარადაშვილმა.

აფრიკაში, მოზამბიკში ვმუშაობდი და ჩემი სასტუმროს ფანჯრის წინ, პატარა ფერადკანიანი ბიჭები იკრიბებოდნენ, შუაში მაგნიტოფონს დადებდნენ და მიდი - მოვდივარ. იქ ვნახე აწყვეტილი მოძრაობები, პანტომიმა, ბრეიქ დანსი - ტრიალი, წყვეტილი სიარული, ვითომ მთვარეული ხარ. ამას ვუყურებდი და გადმოვიღე.

მე ძველი მიმი გახლავართ, პანტომიმის კურსი გავლილი მაქვს. მოსკოვში სწავლისას, პანტომიმაში ყველაზე მაგარი პედაგოგი მყავდა. მარსელ მარსო და ელიზაროვი - მსოფლიოში განთქმული პანტომიმის პედაგოგები გახლდნენ. სტაჟირება დიდ თეატრთან არსებულ თეატრალურ აკადემიაში გავიარე, სადაც ვინ აღარ მინახავს. სტაჟირებაზე მოდიოდა ალა პუგაჩოვა. იქ სწავლობდა ევგენი პეტროსიანი. დიდი თეატრიდან მოდიოდნენ ბალერინები, ბალეტს მეც გავდიოდი. ნებისმიერი მსახიობისთვის ეს იყო უმაღლესი წერტილი, ამ აკადემიის დასრულების შემდეგ, გენია იყავი. მასწავლიდა ანდრეი მირონოვის დედა. ჩიჩოტკას მასწავლიდა იური გუსაკოვი. საოცარი სკოლა გამატარეს.

მერე უკვე გასტროლების პერიოდი დაიწყო. "გოსკონცერტის" მეშვეობით ვმუშაობდით. მოდიოდა მოწვევა, პროგრამა, მაგალითად ასეთი დაკვეთით - გია ფარადაშვილი და 20 კაცი. მე ვადგენდი საგანსტოლო ჯგუფებს და შედგენილი პროგრამით მივემგზავრებოდით.

1985 წლიდან ამ პროგრამით დამყავდა "სუხიშვილებიც". მაგალითად, 1988 წელს ფილიპინების ნახევარ კუნძულზე გავუშვი ჯგუფი - "სუხიშვილებიდან" 12 მოცეკვავე, ჯაზმენი თათუზა ყურაშვილი, ენრი ლოლაშვილი, საესტრადო მომღერალი მანანა თოდაძე და ოპერის მომღერალი - მაია თომაძე, ანსამბლი „თბილისი“. ბევრი ქვეყანა მოვიარეთ.

გია ფარადაშვილი

გასტროლებზე დავდიოდით მე და ზალინაშვილები. თოჯინების თეატრისა და კინოს მსახიობები, ალა და რობერტ ზალინაშვილები ცნობილი მეთოჯინეები იყვნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ პოპულარულ პროექტებში, მათ შორის ცნობილი იყო მუსიკალური ფილმი "რერო მასპინძლობს". ჰქონდათ მუსიკალური ნომერი "თოლია - მღერიან თოჯინები". ერთად 52-ზე მეტი ქვეყანა შემოვიარეთ.

მე, ჩემ ჟანრში, 70-იან წლებში, მარტო ვიყავი. ჯაზს მაშინ გიული ჩოხელი მღეროდა. ამას წინათ ტელევიზორში ვნახე და ჩამწყდა რაღაც. უკვე ასაკშია, ფეხზე იდგა და თვალებში რომ ვუყურებდი, 70-იანი წლები გამახსენდა. გიული ჩოხელის სახელი რომ საბჭოთა კავშირის მასშტაბით ქუხდა. ჯაზის შემსრულებელი ქალი საბჭოთა კავშირში ის ერთადერთი იყო.

მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეებზე პოპულარული იმ დროს არავინ იყო. ედუარდ შევარდნაძეს ბანკეტი არ ჰქონია, რომ არ ვყოფილიყავით - მე, ჩიხლაძეები, "ცისფერი ტრიო". წამყვანი ან ქართლოს კასრაძე ან გია ჭირაქაძე იყო.

არჩილ ჩიხლაძეზე გული დამწყდა, მოხუცებულთა თავშესაფარში რომ აღმოჩნდა. ასეთ ძვირფას ადამიანებს, ძველ არტისტებს მეტი ყურადღება და დაფასება სჭირდება. უნდა ჰქონდეთ ორმაგი პენსია. ამ ხალხმა გაუთქვეს სახელი ჩვენს ქვეყანას და დიდ ყურადღებას იმსახურებენ.

გიული ჩოხელიჩიხლაძეებიჩიხლაძეები

- საკმაოდ დიდი გზა გაიარეთ. უკან რომ მოიხედავთ, რა განცდა გეუფლებათ?

- მე ჩემი მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ ბევრ ცნობილ არტისტან მიმუშავია. ასე მაგალითად, დენის რუსო, "ბონიემი". ერთმა მეზღვაურმა კასეტა რომ მაჩუქა და ბონიემის Sunny მოვისმინე, გადავირიე. ჯოხის ნომერი ამ სიმღერაზე გავაკეთე. შრი-ლანკაში ამ ლეგენდარულ ანსამბლთან ერთად ვმუშაობდი. 20 დღით ანტალიაში მყავდა ჩაყვანილი. ვმუშაობდი "ჯიფსი კინგის" ერთ-ერთ მომღერალთან.

გია ფარადაშვილიგია ფარადაშვილი

შარლ აზნავურის კლუბში ვმუშაობდი. "ბონდთან" - გოგონების ჯგუფთან ერთად, რომელიც "ჯეიმს ბონდშია" გადაღებული, სტამბულში ვმუშაობდი. საბჭოთა კავშირის ყველა ცნობილ ანსამბლთან ვმუშაობდი.

მოკლედ, ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ და დღეში სამჯერ ღმერთს მადლობას ვუხდი, მაღლა ვიხედები.

გია ფარადაშვილი

- ილუზიონის ჟანრში ხედავთ გამგრძელებელს? ახალ თაობაზე რა აზრის ხართ?

- გეტყვით. მოდი, კარტი გამოვიცნო - ეს შოუ არ არის. ეს არ არის ილუზია, ეს ქუჩის ფოკუზია. ახალ თაობას ვურჩევა, აიღონ დიდი რეკვიზიტები და პროფესიონალურად იმუშაონ. მე მყავდა ბევრი მოწაფე. ზოგი ისრაელში წავიდა, ზოგი თბილისში დარჩა. მაგრამ ცუდია, როდესაც ეკითხებიან, ეს ჟანრი ვინ გასწავლაო, თვითნასწავლი ვარო, პასუხობენ.

დათო რობაქიძე სახლში მეჯდა, ყველაფერი ვასწავლე. 2010 წლის "ნიჭიერის" ფინალშიც გავიდა და რომ კითხეს, ვინ გასწავლაო, თვითნასწავლი ვარო უპასუხა. ისე მეწყინა, ისე გავოცდი, პირი ღია დამრჩა. ჩემმა ცოლმა მითხრა, ნეტავ არაფერი გესწავლებინაო. მას შემდეგ მოსწავლეები არ ამყავს.

- ამის სწავლება შეიძლება? თუ ეს ნიჭია?

- ფოკუზი შეიძლება ასწავლო, მაგრამ ის არ ისწავლება, როგორ იმუშაოს. ამ ნიჭით ღმერთმა მე დამასაჩუქრა. ერთი და იგივე ფოკუზი შემიძლია ოცნაირად გავაკეთო და ყველაზე დიდი ტაში მექნება. გულში მიდევს, ამით გაჟღენთილი ვარ.

- თქვენმა ვაჟებმა თქვენი გზით წამოსვლა რომ არ მოინდომეს, გწყინთ?

- მწყინს, რომ ეს ჟანრი არ აირჩიეს. ერთხელ უფროსი სცენაზე გამოვიდა, მეხმარებოდა, მაგრამ არ წავიდა ამ გზით. მეორემაც არ აირჩია ეს პროფესია, თუმცა მის სახელს, მალე, მსოფლიოში ცნობილ ბალერონად გაიგებთ. მალე იქნება აღიარებული. ჯერ ჩუმად ვართ.

გია ფარადაშვილი

- რატომ ხიბლავთ ადამიანებს ილუზიის ყურება?

- კარგი საყურებელია და ითხოვენ. არავინ მითხრას, არც მომღერალმა, არც მოცეკვავემ, რომ გია ფარადაშვილზე მეტი კონცერტი მქონიაო. ყველაზე მეტი კონცერტი მქონდა მე. დღეში სამი-ხუთი კონცერტიც კი.

ჩემი ხელოვნებით ბოლომდე ვიხარჯები, მასში გულს ვდებ და ამიტომაც არავის ავიწყდება. ჩემს სოლო კონცერტს რომ ნახავთ, სულ სხვა წარმოდგენის გახდებით ჩემზე. მე ვაცხადებ კიდეც, ისეთ კონცერტს განახებთ, მთელი ცხოვრება გულში გექნებათ და არასდროს დაგავიწყდებათ-მეთქი.

ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს ბორჯომში ვატარებ კონცერტებს და დარბაზი მაყურებლით სავსეა. შოუ მოსწონთ. გრძნობენ გულით ნაშრომს.

მე რომ დევიდ კოპერფილდის შოუს ვუყურებ, ვტკბები. ლას-ვეგასში ადრე ხშირად დავდიოდი და მარს ბარტონის შოუ მაქვს ნანახი. ზიგფრიდ და როი (Siegfried & Roy) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანელ-ამერიკელი ილუზიონისტებისა და შოუმენების დუეტია, რომლებმაც რევოლუცია მოახდინეს ლას-ვეგასის შოუ-ბიზნესში. მათი შოუ რომ ნახოთ, გაოგნდებით - ალბინოსი ცხოველებით მუშაობენ. დიდი სანახაობაა. ნომერ პირველ შოუდ ითვლება ლას-ვეგასში.

- ასეთივე გასაოცარი რა შოუა თქვენს კარიერაში?

- ყველაზე დიდი სტატუეტი - ქართლის დედა გავაქრე 2008 წელს. დევიდ კოპერფილდთან მოლაპარაკება გქვონდა. ჩვენ გვინდოდა ტელევიზიის ანძის გაქრობა. მაგრამ მერე ომი დაიწყო და ეს პროექტი ჩაიშალა...

ახლაც მაქვს ასეთივე დიდი პროექტი - მინდა კუს ტბაზე - წყალზე ფეხით გავიარო, ერთი ბოლოდან მეორემდე. წელს ვერ მოვასწარი. 2027 წლის ივნისის ბოლოს გავივლი ტბის წყალზე, ოღონდ სიგანეზე. ყველა ნახავთ ამას.

- დაბოლოს, თქვენს მეუღლეზე და 25 წლიან თანაცხოვრებაზეც გვითხარით ორიოდ სიტყვა.

- 25 წელია ერთად ვართ, მყავს ოთხი შვილი, ბიჭი - გოგო, ბიჭი - გოგო. და მყავს ხუთი შვილიშვილი. მიყვარს ოჯახი, ჩვენი ქვეყანა, ყველა ქართველი. მეტს ვერაფერს დავამატებ.

- 69 წელი რა ასაკია თქვენთვის?

- როგორც გამოვიყურები, ისეთი.

გია ფარადაშვილი

გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ გონგაძე

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026