Logo

საზოგადოება

გიგლა ბერბიჭაშვილი - საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შერცხვენილი კაცის ისტორია

გიგლა ბერბიჭაშვილი - საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შერცხვენილი კაცის ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

„სამი თუმანი – ეს იყო ფასი, რაც ფილიპე მახარაძემ გიგლა ბერბიჭაშვილს ილია ჭავჭავაძის მოკვლისთვის წინასწარ გადაუხადა. ყოველშემთხვევაში, ასეთი ცნობა შემოგვინახა ალექსანდრე სულხანიშვილმა. ალბათ საინტერესოა, საიდან მოდის ეს ცნობა. ამ სტატიაში წაიკითხავთ გიგა ბერბიჭაშვილის სამარცხვინო სიცოცხლის დასასრულზე და 1923 წელს მასთან ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეხვედრაზე.

გიგლა ბერბიჭაშვილი რუსეთის ბოლშევიკური პარტიის წევრი იყო და რევოლუციურ მოძრაობაშიც აქტიურად მონაწილეობდა. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ საქართველოდან გაიქცა, რითაც დაპატიმრებასა და სიკვდილით დასჯას გადაურჩა. 1921 წლის ოკუპაციამ ბერბიჭაშვილს და მისნაირებს საქართველოსკენ გზა გაუხსნათ. საბჭოთა საქართველოში დაბრუნებული ილიას ეს მკვლელი სხვადასხვა ადმინისტრაციულ-სამეურნეო თანამდებობაზე მუშაობდა და ჩვეულებრივი მოქალაქის ცხოვრებით ცხოვრობდა. წლები გადიოდა. საბჭოთა ხელისუფლებას თითქოს არც მისი ვინაობა ახსოვდა და არც წარსული. ამიტომ, მოულოდნელი იყო, როდესაც 1941 წლის ივნისში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან მთელი 34 წლის შემდეგ, პასუხისგებაში მისცეს.

გიგლა ბერბიჭაშვილი

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ ასეთ დროს? და ასე გვიან? იმ დროის საბჭოთა სამართალშიც არსებობდა პრინციპი, რომლის მიხედვითაც მძიმე დანაშაულსაც კი გარკვეული დროის შემდეგ ხანდაზმულობა ეხებოდა. ბერბიჭაშვილთან მიმართებით საბჭოთა იურისტებმა გამოსავალი ნახეს. რევოლუციონერის მკვლელობა ხანდზამულობას არ ექვემდებარებოდა და ამათაც დაწერეს:

„ილია ჭავჭავაძის, როგორც მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ნაციონალურ -რევოლუციური მოძრაობის, საზოგადო მოღვაწის და გამოჩენილი მწერლის მკვლელობა გაუთანაბრდა რევოლუციურ მოღვაწეთა მკვლელობას.“

ამ ამავზე რევაზ ჭეიშვილი ირონიით წერდა: „ხედავთ, რამოდენა პატივი მიუგიათ ილიასთვის? რამოდენა დათმობაზე წასულა საბჭოთა სასამართლო. ილია ჭავჭავაძის მკვლელობა საშა ობოლაძის და კამოს მკვლელობის ტოლფასი გახადეს, თუმცა ილიასთვის საშა ობოლაძის მსგავსი პატივი მაინც არ უციათ. ბერბიჭაშვილი არ დახვრიტეს.“

ქაქუცა ჩოლოყაშვილი

რატომ დაინდო გიგლა ბერბიჭაშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილმა?

როცა ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოში ბერბიჭაშვილისნაირებს აბრუნებდა, პატრიოტები შეიარაღებული აჯანყებებით ცდილობდნენ ავაზაკების რეჟიმის მოცილებას და სამშობლოს დეოკუპაციას.

ტყეში გასული ქაქუცა ჩოლოყაშვილი1923 წლის დეკემებერში თბილისში ჩამოვიდა, თანამოაზრეებთან აჯანყების გეგმის განსახილველად. საბჭოთა უშიშროება მას მთელ ქვეყანაში გამალებით ეძებდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ძებნილი მეთაური, მთელი კვირის განმავლობაში, დედაქალაქში იმყოფებოდა და აქტიურად მოქმედებდა. 1923 წელსვე ქაქუცას რაზმს საგურამოსთან ხელში ჩავარდნია საქართველოში დაბრუნებული ბერბიჭაშვილი. მებრძოლთა ნაწილს ილიას მკვლელის ადგილზე დახვრეტა სურდა, თუმცა ქაქუცას ამის ნება არ მიუცია. მას ბერბიჭაშვილი ცალკე გაუყვანია და დაუკითხავს. ამ ძალზედ საინტერესო დაკითხვის დეტალები ჩოლოყაშვილს თავისი ერთგული თანამებრძოლისთვის ალექსანდრე სულხანიშვილისთვის მოუყოლია. სულხანიშვილმა კი ამბავი თავის მოგონებებში ჩაწერა და ასე შემოგვინახა.

სულხანიშვილი

დაკითხვისას სიკვდილის შიშით აცახცადებულ გიგლა ბერბიჭაშვილს ქაქუცა ჩოლოყაშვილისთვის უთქვამს, რომ ილიას მოკვლა მისთვის პირადად ფილიპე მახარაძეს დაუვალებია, სახარჯოდ სამი თუმანი მიუცია, დანარჩენს კი სამომავლოდ დაპირებია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქაქუცამ ბერბიჭაშვილი არ მოკლა. მან ჩათვალა, რომ მომავალში მკვლელი შესაძლოა მნიშვნელოვან მოწმედ გამოსდგომოდა. ამიტომ სიცოცხლე შეუნარჩუნა და გაუშვა.

ილია ჭავჭავაძე

1924 წლის აჯანყება დამარცხდა. 1930 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილი სამშობლოდან დევნილობაში გარდაიცვალა. ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 34 წლის მერე, პასუხისგებაში მიცემული გიგა ბერბიჭაშვილი, საბჭოთა საქართველოს სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მკვლელობის დამკვეთად მეფის საიდუმლო პოლიცია გამოკვეთა, ბერბიჭაშვილის ბოლშევიკობა კი უარყო. ილიას მოკვლისთვის მას დახვრეტა 1942 წელს მიუსაჯეს, მაგრამ ხანდაზმულობის გამო სასჯელი 10 წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცოდვილი და შერცხვენილი კაცი ციხის საავადმყოფოში მოკვდა.

ავტორი: ელენე ლომთაძე

06/12/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024