Logo

ინტერვიუ

"გინახავთ რუსი, რომელიც ქართულ სიმღერას მღეროდეს?" - გიორგი უშიკიშვილის ინტერვიუ

"გინახავთ რუსი, რომელიც ქართულ სიმღერას მღეროდეს?" - გიორგი უშიკიშვილის ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გიორგი უშიკიშვილი, ქართული სიმღერის გულშემატკივრებისთვის, სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს უნივერსიტეტში, საბაკალავრო პროგრამას - ქართული ტრადიციული მუსიკა - აკრედიტაცია მიენიჭა.

როგორც გიორგი ამბობს, გასულ წელს, გაურკვეველი მიზეზების გამო, აკრედიტაცია უსამართლოდ არ მიიღეს. მიზეზი იყო - არაკვალიფიციურობა. ამას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებდნენ არა მხოლოდ აქ მცხოვრები, არამედ ემიგტანტი ქართველები.

გიორგი "ზმნასთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საზოგადოების მწვავე რეაქციამ განაპირობა ის, რომ ამ პროგრამას დღეს უკვე აკრედიტაცია აქვს

გიორგი უშიკიშვილი: წელს უკვე ველოდებით ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ შეისწავლონ ქართული სიმღერა და გალობა. ეს არის სამ წლიანი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც შედგენილია მალხაზ ერქვანიძის, ოთარ კაპანაძის და ჩემს მიერ. ვგეგმავთ ინტენსიურ სწავლებას.

ძალიან დინამიური პროგრამაა. საქართველოს უნივერსიტეტში გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ ეს სწავლება განვახორციელოთ და გამოვუშვათ მაღალი დონის პროფესიონალები. ჩვენი კურსდამთავრებულები პირველ რიგში ქართული სიმღერის (ხალხური) და გალობის შემსრულებლები იქნებიან. მათ შეეძლებათ ცოდნა შემდეგ სხვასაც გადასცენ.

სიმღერის გარდა, პროფესიული ჩვევების გამომუშავებისთვის საჭირო სხვა საგნებსაც ისწავლიან. მაგალითად, დაოსტატება ტრადიციულ გარემოში. ახალგაზრდა მიდის სოფელში, იქ ცხოვრობს, ურთიერთობს ავთენტურ ჯგუფებთან, მათთან ერთად სწავლობს სიმღერებს, შემდეგ ჩამოდის და აკეთებს წარდგენას, რა შეისწავლა. ეს გარკვეულწილად სადიპლომო ნამუშევრის ნაწილიც იქნება. იქ ჩასვლა, სადაც ყოფაშია ქართული სიმღერა და ადგილზე ამის გაცნობა და შესწავლა, კიდევ უფრო ღრმად შეასწავლით ქართულ სიმღერას.

შეიძლება ბევრი მღეროდეს დღეს, მაგრამ პროფესიული განათლება ხელს არავის შეუშლის. ჩვენ გავხსენით ტრადიციული ხელოვნების სკოლა რეგიონებში და თბილისში, 5 წლიდან 17 წლამდე მოზარდებს ვასწავლით ქართულ სიმღერას და გალობას. ერთადერთი პრობლემა რაც არის, ეს პროფესიონალი პედაგოგის სიმცირეა.

ქართული სიმღერის და გალობის სწავლება ჩვენი კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად, მთავარი ამოცანა უნდა იყოს. ამას კი, პროფესიონალი კადრები სჭირდება. მოკლედ, სექტემბრიდან დავიწყებთ პირველ კურსს. მივიღებთ ათ ახალგაზრდას.

მათე უშიკიშვილი

- ცოტა ხნის წინ მეორე შვილი შეგეძინათ, რომელიც ახლახან მონათლეთ. როგორი ბიჭია? რამდენად გაქვთ იმის სურვილი, რომ ბიჭებიც მღეროდნენ?

- მათე სამი თვის ხდება. ერთ-ერთი ნათლია კოკო როინიშვილია. მხიარული ბიჭია. მომწვანო ფერის თვალები და ღია ფერის თმა აქვს. ყველა მეკითხება, ვის ჰგავს თვალის ფერითო? ბებიაჩემი სონას ფოტო მაქვს ტელეფონში და ვაჩვენებ ხოლმე. უშიკიშვილები მწვანე თვალებით და ქერა თმით იყვნენ - პაპა, დიდი პაპა. მე და ჩემი და, დედაჩემის ხაზით წავედით. სიმღერაში რას იზამს არ ვიცი. თითქმის ყოველდღე ვუმღერი. აქტიურად ვარ ჩართული. ღუღუნებს. ვნახოთ. არც უფროსი, 12 წლის საბა აქტიურობს ამ მხრივ. არ ვაძალებ. გენეტიკა სადღაც, რაღაცას იზამს. საბა თავისებურად უმღერის, ელაპარაკება თავის ძამიკოს. კარგი გასართობი ჰყავს. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ბიჭებს თავიანთი პროფესია უნდა ჰქონდეთ. განათლების მიმართულებას დიდ ყურადღებას ვაქცევ. მარტო სიმღერა იმისთვის საკმარისი არ არის, რომ ოჯახი შეინახო. ენები უნდა ისწავლო, პროფესია გქონდეს.

- ძირითადი საქმის პარალელურად, სწორედ ამიტომ აამუშავეთ სასტუმრო კახეთში, არა?

- ეს იძულებითი გადანაცვლება იყო. დავრჩი უსამსახუროდ და გადავწყვიტე სასტუმროს გაკეთება. მამაჩემს ჰქონდა ადრე იქ მოძრაობები დაწყებული. მე სესხით ბოლომდე მივიყვანე საქმე. მენეჯერული თვისება დედისგან მაქვს. ის ორგანიზებული და გამორჩეულია ამ ხმრივ. თუმცა ამ საქმეში დისკომფორტი მაქვს. არ ვგიჟდები. ეს ოჯახის შენახვის საშუალებაა. თუმცა, ქართულ კულტურას, როგორც შემიძლია, ამითაც ვუწევ პოპულარიზაციას. სტუმარი ვინც ჩამოდის, ავთენტურ ქართულ გარემოს ვახვედრებს, ქართული ღვინით, სიმღერით, ცეკვით ვმასპინძლობ. უცხოელისთვის საინტერესო გარემოა ის, რაც ჩემთან ხვდება. ხშირად მე ვმღერი. ასევე ადგილობრივი ბიჭები მღერიან...

ზამთარში დავხურე. კახეთში ტურისტული მდგომარეობა არ არის სახარბიელო. ჩემი ძირითადი სტუმრები იყვნენ ევროპელები. შარშან ყველა ტურისტული კომპანია აუქმებდა ჩამოსვლებს. კონფერენციები საერთოდ არ ყოფილა. შეცვლილი კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ შემოსავლები და ვეღარ ახორციელებენ ამ ტიპის აქტივობებს. ტურისტულ ბაზარზე მიმწოდებელი უფრო მეტი დავრჩით, ვიდრე მსურველია. 2025 წელი, წინა წელთან შედარებით, 70 პროცენტით ნაკლებად მუშაობდა. ამან გამოიწვია ის, რომ ზამთარში სტაფი შემენახა, დანაზოგები არ გვქონდა. სტაფი, რომელიც ადგილობრივი ხალხისგან შედგება, უმუშევარი დამრჩა. როცა სტაფს უშვებ, იქიდან ვიღაც შეიძლება აღარ დაბრუნდეს, მერე ახალი უნდა აიყვანო. ახალგაზრდები, რომელიც მიმტანებად გჭირდება, თითქმის აღარ არიან რაიონებში. ორმაგი შრომა გიწევს, ახალი ხალხი მოძებნო, დაატრენინგო.

უნდა გავაგრძელო, მაისისთვის ავამუშაო და საინტერესო რამე გავაკეთო. პოლიტიკური მდგომარეობა ამ ბიზნესზე ძალიან მოქმედებს. არასტაბილური სიტუაციაა და არ გყავს ტურისტი. ძვირდება პროდუქტები, ცხოვრებაა გაძვირებული. ხელფასის ფონდის თავმოყრა საკმაოდ რთულია. იმ ადამიანისთვის, ვისაც ამ ხელფასს აძლევ, აღარაფერი აღარ არის, აღარ ყოფნის. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონია, ყველაფერი ძვირია.

- რა მოსწონთ უცხოელებს ჩვენთან?

- სერვისის ნაწილში დიდია სამუშაო. ადამიანები აღარ გვყავს, ახალგაზრდები რეგიონებიდან დედაქალაქში მიდიან, ან საერთოდ - უცხოეთში. ამიტომ სერვისის ნაწილში მუდმივი ცვალებადობაა. ყოველ ორ კვირაში რომ ახალი მიმტანი მოდის, უკვე პრობლემებია.

უცხოელებს მოსწონთ მრავალფეროვნება - ავთენტური სიმღერა, ქორეოგრაფია, კერძები. ამის ერთობლიობა უფრო მეტ შედეგს იძლევა. ტურიზმმა უნდა გაითვალისინოს ის, რომ უცხოელს, რომელიც შედის ალავერდის ტაძარში, იქიდან რომ გამოდის და რესტორანში შედის, ქართული კერძების საჭმელად, იქ რუსული, ინგლისური ან სხვა უცხოენოვანი სიმღერა არ უნდა იყოს ჩართული. მხოლოდ ქართულ სიმღერას უნდა ასმენინებდე. სრულიად გაოგნებული ვიყავი ზღვისპირეთში ჩასული. სულ რუსული სიმღერები ისმის. შეიძლება გაგიჟდეს კაცი. ჩვენს ეროვნულს უნდა მივაქციოთ ყურადღება და დავაფასოთ. ჩვენ თუ არ დავაფასეთ, არავინ ყურადღებას არ მიაქცევს.

- ჩვენ ამჟამინდელ მდგომარეობას რომელ ქართულ სიმღერას მიუსაუდაგებთ?

- "ჩაკრულოს". მე მაინც ვთვლი, გარკვეული ტიპის ბრძოლის ეტაპზე ვართ. ჩვენ ვიბრძვით დასავლური ცივილიზაციისთვის. ძალიან სამწუხაროა, ისევ იმაზე ვსაუბრობთ, რუსეთი თუ დასავლეთი? სამწუხაროდ, დღეს კიდევ არიან ქართველები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთთან თანაცხოვრება შეიძლება მისაღები იყოს. ასეთ აბსურდულ მდგომარეობაში ყოფნა, ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. ჩემი ერი იმსახურებს ევროპული ცივილიზაციის ოჯახში დაბრუნებას. თუ რაიმე დახმარება ყოფილა, მათ შორის, ქართული სიმღერის უნიკალური ჩანაწერების გადარჩენა, გაციფრულება, საგალობლების ხელნაწერების გადარჩენა, თუ ტაძრების რესტავრაცია, სულ დასავლეთის მიერ განხორციელებული თანხებით ხდებოდა. გინახავთ რუსი, რომელიც ქართულ სიმღერას, ან ჩვენს ხალხურს მღეროდეს? ან ანსამბლი იყოს რუსეთში, სადაც ქართულად მღერიან? მე გეტყვით, მრავალ ევროპულ ქვეყანას, სადაც ქართულად მღერიან.

გიორგი უშიკიშვილი

- რატომ უნდებათ ევროპელებს ქართულად სიმღერა და რუსებს - არა?

- სრულიად უნიკალური და განსხვავებულია ქართული სიმღერა. ის ჰარმონია, რომელიც ქართულ მუსიკას გააჩნია, ხიბლავს ევროპელს და ამერიკელს. ჩვენ ევროპული კულტურა გვაქვს, ეს მათთან ახლოსაა. გემოვნების ნაწილი მგონია. რასაც რუსეთში უსმენენ, რაზეც გიჟდებიან და ცხოვრებას ატარებენ, ეს არის ძალიან მდარე ხარისხის მუსიკა. მათ უყვართ ჩვენი მხოლოდ "სულიკო", "თბილისო", მაგრამ ურთულეს, მრავალხმიან სიმღერებს, ისინი აღფრთოვანებაში არ მოჰყავთ. მუსიკალური კულტურა ევროპაში მაღალია. ერთ-ერთი ფაქტორი ეს მგონია.

- კორსიკელები როგორ გვგვანან. ჩვენნაირად მღერიან...

- ამბობენ, მათი სიმღერები კახურ სიმღერებს როგორ გავსო. არაპროფესიონალის ყურით რომ მოუსმენ, მართლა გავს ქართულს. იაპონელებიც მღერიან ქართულად, თუმცა ევროპელები და ამერიკელები უკეთ მღერიან ასრულებენ. იაპონელებს უჭირთ ქართული სიტყვების გამოთქმა. საფრანგეთში დიდი ხანია არის კარგი ანსამბლი - "მარანი", ქართულად რომ მღერიან. ძალიან კარგი ანსამბლია ბრიტანეთში, ამერიკაში. ბოლოს ვიყავი ნიდერლანდებში, სადაც ერთ-ერთი ანსამბლი გადავიღე, 20-მდე ადამიანი, ბევრ ქართულ სიმღერას ძალიან კარგად მღერის. ჩამოდიან საქართველოში და ქართულ სიმღერას სწავლობენ. ყოველწლიურად ამერიკიდან და ევროპიდან ასობით ადამიანი, რეგიონებში სპეციალური ტურებით ჩადიან და ეთნოფორებისგან ქართულ სიმღერას სწავლობენ.

ჩვენ თვითონ თუ არ გავაანალიზეთ ის, რომ პატივი ვცეთ ჩვენს კულტურას, სიმღერას, ბევრს დავკარგავთ. გულდასაწყვეტია, ასეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს რომ არ ვუფრთხილდებით. არამატერიალური თუ მატერიალური კულუტურლი მემკვიდრეობის მიმართ, დიდი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ.

- რას მოგვიტანს კოსმოსში გაგზავნილი "ჩაკრულო"?

- ეს არის გარკვეული სიმბოლური აქტი, რომ მსოფლიოს კაცობრიობას, ქართული სიმღერის სახით, მაღალი დონის კულტურული მუსიკალური შემოქმედება გააქვს. ამან ჩვენ უნდა მოგვიტანოს მსოფლიოს ინტერესი, ბევრმა შეისწავლოს და მოისმინოს ქართული სიმღერა. ეს გვაძლევს საშუალებას მეტი პოპულარიზაცია მოვუტანოთ ქვეყანას. მოისმენს ჩვენს სიმღერებს, შემდეგ ჩამოდის, სწავლობს ქართულ ენას და უყვარდება საქართველო...

ავტორი: თამარ გონგაძე

02/23/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024