ფინანსური კეთილდღეობა არა მხოლოდ შემოსავლებზე, არამედ ჩვენს აზროვნებასა და ყოველდღიურ არჩევანზეა დამოკიდებული.
იმისთვის, რომ ცხოვრების დონე შევცვალოთ, ხშირად კომფორტის ზონიდან გამოსვლა და საკუთარი შეცდომებისთვის თვალის გასწორებაა საჭირო.
სამშენებლო კომპანია Nikolman-ის დამფუძნებელი, ანტერპრენერი და კონტენტ კრეატორი ვახო ნიკოლავა განმარტავს, როგორ მოქმედებს ჩვენზე გარემოცვა, რატომ არის მნიშვნელოვანი ინვესტიციის საკუთარ ცოდნაში ჩადება და როგორ ავირიდოთ თავიდან ფინანსური დამოკიდებულება, რომელიც მხოლოდ დროებითი სტატუსის განცდას გვიქმნის.
„გინდათ გითხრათ, რატომ ხართ ღარიბები? ვიცი, არ მოგეწონებათ, მაგრამ ვიღაცამ ეს უნდა გითხრათ...
რა თქმა უნდა, ყველას, ვისაც ფული არ აქვს, ეს არ ეხება. უფულობა შეიძლება გამოწვეული იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობით ან სხვა ფაქტორებით, მაგრამ, ძირითადად, ღარიბებს აერთიანებს რამდენიმე თვისება.
- პირველი და უმთავრესი არის გარემოცვა. უფულო ადამიანებში თუ ყველაზე მეტი ფული გაქვთ, ეს ნუ გაიმედებთ, თქვენ მაინც ღარიბი ხართ. წადით გარემოცვაში, სადაც ყველაზე ღარიბები იქნებით და თქვენზე წარმატებული ადამიანებისგან ისწავლეთ, როგორ გამდიდრდეთ.
- მეორეა წამხედურობა. სხვას რომ აქვს, იმიტომ წახვედით და განვადებით გამოიტანეთ iPhone? ჰოდა ზიხართ მერე და იმაზე, ვინც თქვენს უტვინობაზე ფული იშოვა და iPhone მოგყიდათ, იძახით მძარცველიაო. არადა ფული საკუთარი ხელით მიუტანეთ. ქურდი კი არა, აღიარეთ, უბრალოდ თქვენზე ჭკვიანია. ჰოდა თქვენც შეგიძლიათ იყოთ ეგეთი ჭკვიანი, ადგეთ და iPhone-ის ნაცვლად, თუნდაც ჭრა-კერვის კურსები იყიდოთ და შექმნათ ნაკეთობები, რომელსაც სწორედ იმას მიჰყიდით, ვისგანაც iPhone უნდა გეყიდათ.
- მესამე არის უცოდინარობა. ნუ გგონიათ, რომ ის, რაც 20 წლის წინ ისწავლეთ, დღესაც ვალიდურია. პროფესიები იცვლიან ფორმას ყოველდღიურად და თქვენ თუ ფეხი არ აუწყვეთ ამ ცვლილებებს და ყოველდღე არ ისწავლეთ, დარჩებით იქ, სადაც ხართ. ჰოდა იმოქმედეთ! თუ მოინდომებთ, აუცილებლად გამოგივათ,“ - გვირჩევს ბიზნესმენი.