
09/21/2026
35 წლის გიორგი გველესიანმა ცოტა ხნის წინ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. საკლუბო კარიერის ძირითადი ნაწილი მან ირანში გაატარა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 10 მატჩი ჩაატარა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გველესიანმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპში მიიღო მონაწილეობა ეროვნული ნაკრების კიდევ სამ ფეხბურთელთან ერთად: ოთარ კიტეიშვილთან, ოთარ კაკაბაძესთან და ლუკა ლოჩოშვილთან.
„საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გარკვეული წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებიდან, რომ სოციალურ ქსელებში მხარდამჭერი პოსტები და განცხადებები დაედოთ“, - ეს განცხადება ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა Geo Team-თან საუბარში გააკეთა.
გიორგი გველესიანი ამბობს, რომ კლიპში მონაწილეობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ, მისი შეფასებით, ქვეყანა „ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე იდგა“, ხოლო არჩევანი „ქართულ ოცნებასა“ და „კოლექტიურ, ქვეყნის მოღალატეებს შორის“ იყო.
„როცა ომების პერიოდია და ემპირიულად ჩვენ ამას დღეს და ახლა ვუყურებთ, ჩვენს რეგიონში რა ხდება, მუდმივი დაძაბულობა და დანის პირზე სიარული. და მე, როცა ვხედავ, რომ ეგზისტენციალური საფრთხეა და ჩვენი ქვეყანა დგას ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, ვფიქრობ, რომ ჩემი ვალი იყო იმ კლიპში მონაწილეობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ყველაფერში ვეთანხმები იმ პარტიას.“

გიორგი გველესიანი: პოლიტიკა და ფეხბურთი, ზოგადად სპორტი, ერთმანეთზე გადაჯაჭვულია, იმიტომ, რომ ფეხბურთი და სპორტი თამაშობს ძალიან მნიშნელოვან როლს გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ახლა, როცა ომების პერიოდია და იმპერიულად ჩვენ ახლა ამას დღეს ვუყურებთ ჩვენს რეგიონში რა ხდება - მუდმივი დაძაბულობა და დანის პირზე სიარული. და მე როცა ვხედავ, რომ ეგზისტენციალური საფრთხეა და ჩვენი ქვეყანა დგას ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, ვფიქრობ, რომ ჩემი ვალი იყო იმ კლიპში მონაწილეობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ყველაფერში ვეთანხმები იმ პარტიას.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გარკვეული წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ სოციალურ ქსელებში მხარდამჭერი პოსტები და განცხადებები დაედოთ.
პრაქტიკულად, უმრავლესობამ დაწერა, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში და ეს არის აქსიომა და ხელშეუვალი მანტრაა. მე დავსვი აქ შეკითხვა, რომ არ ვარ, ბატონებო, ამის წინააღმდეგი, მაგრამ ვიცით ჩვენ ეს რას მოუტანს ჩვენს ეკონომიკას, გააზრებული გვაქვს ეს რას მოუტანს ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას? კითხვა დაისვა, რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა?
ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდი, თუ რა მოაქვს ფობიებს, ქსენოფობიებს და რუსოფობიებს და ზოგადად, სხვადასხვა ფობიებს არაფერი კარგი, რაც ახლა აქტუალურია ჩვენს პოლიტიკაში, და მაშინდელი ეს ძალები მე თავს დამესხნენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ, მე რამე მატკინონ.
იმ კონკრეტულ მომენტში, საქართველო, ჩემი აზრით, იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ და იდგა არჩევანი ერთ პარტიასა და ჩემი აზრით, კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის.

გველესიანმა ფეხბურთიდან წასვლაზეც ისაუბრა. ამბობს, რომ საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულია და წასვლასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას, არ თვლიდა საჭიროდ.
გიორგი გველესიანი: ფეხბურთმა ის რომანტიზმი დაკარგა, რაც ადრე ჰქონდა. დინამო ტრანზიტულ ზონად იქცა. შეიძლება უხეში შედარებაა, მაგრამ ჩემთვის ტრანზიტული ზონაა. დინამო ჩემთვის და ჩემზე დიდი თაობის ფეხბურთელებისთვის ქართული ფეხბურთის ფლაგმანი იყო. მე მეამაყებოდა დინამოს ეკიპირება რომ მეცვა. ახლა რაღაც გადასხვაფერდა, მაგრამ ამაში არაფერია ახალი. დინამოც ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა კლუბები, მაგ კუთხით ევოლუციას განიცდის. იცვლება ფეხბურთი და საფეხბურთო ბაზარი და ძალიან ნორმალურია.
მე არც არასდროს მითხოვია ხალხის სიყვარული და არც ხალხის გარკვეული ნაწილის სიძულვილი მაღიზიანებს. როცა მე ფეხბურთის დასრულების გადაწყვეტილება მივიღე, ყველა მეუბნებოდა, რომ დაწერე, რომ დაასრულე და დაემშვიდობეო. კაი, ვის აინტერესებს-მეთქი, ასე ვამბობდი. მაგრამ მივხვდი, რომ ბევრი ხალხია, ვინც მგულშემატკივრობს და აინტერესებს. და მათი პატივისცემით, რა თქმა უნდა, დავწერე. თუმცა გამოსაქვეყნებლად ხელს ვერ ვაჭერდი. ალბათ, სენტიმენტები და ემოციურობა თავისას შვრება.
თურმე აინტერესებდათ და მივიღე ძალიან თბილი წერილები და მადლობელი ვარ ამისთვის. ვიღაც იტყვის - კაი რა, ეს ვინ არის, რა ფეხბურთელი იყო, მაგრამ ყველას სჭირდება დაფასება. მე ყოველთვის ზედმეტად კრიტიკული ვარ ჩემს თავთან მიმართებაში. მესი რომ დაასრულებს და ხვიჩა რომ დაასრულებს კარიერას, ვფიქრობ, მათ ეკუთვნით გაცილება. მე არ მეკუთვნის.
ვიტნი ჰიუსტონი ფიქრობდა, რომ ვერ მღერის. წარმოგიდგენიათ? არის ადამიანებში ასეთი განცდა, რომ რაღაც არ გამოგდის, ან რაღაცაში მთლად კარგი არ ხარ. მე ვფიქრობ, არ მეკუთვნის გაცილება. ათი თამაში მაქვს ნაკრებში და რა საჭიროა, დავწერო დასრულების შესახებ. დავასრულებ ისე, ჩემს წასვლა შუშხუნები რომ არ მოჰყოლოდა.
ადამიანურად გამიხარდა ბევრი გამოხმაურება რომ მივიღე. მადლობა ამისთვის. მაშინ ვიგრძენი, რომ თურმე ხალხს ეს ამბავი აინტერესებს.
გააზიარე სტატია