
09/23/2026
ცოტა ხნის წინ ერთი სასიხარულო ამბავი გაგიზიარეთ - Tasteit პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც Techstars USA-ში მოხვდა და 220,000 აშშ დოლარის ინვესტიცია მოიპოვა!
"იწყება გზა, რომლითაც პირველ გლობალურ, მაგრამ ქართულ Food სოციალურ ქსელს ავაშენებთ" - ამბობს Tasteit-ის დამფუძნებელი გიორგი ურუშაძე.
რა სტარტაპია Tasteit-ი, ამაზე გიორგი "ზმნა"-სთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. აქვე კი იმას დავძენ, თუ რა მნიშვნელობისაა Techstars USA-ში ქართული სტარტაპის მოხვედრა.
Techstars-ი კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში (Boulder, Colorado) დაარსდა. Techstars-ის პორტფელი მსოფლიოში უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს აერთიანებს, მათ შორისაა Uber, რომელმაც გლობალური წარმატების გზა სწორედ ამ ამერიკული აქსელერატორიდან დაიწყო. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გლობალურ პოტენციალსა და მასშტაბებს, რასაც Techstars-ი თავის პორტფოლიო კომპანიებს სთავაზობს.
Techstars-ი ყოველწლიურად ათი ათასობით განაცხადიდან მხოლოდ საუკეთესო 1%-ს არჩევს. Tasteit-ის ქართული გუნდი სწორედ ამ ძალზედ პატარა პროცენტში მოხვდა და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, სწორედ ბოლდერში, Techstars-ის სათავო ოფისიდან იმუშავებს.

ახლა კი მინდა მოგიყვეთ ამბავი ბიჭზე, რომელმაც ურთულესი ბავშვობა გამოიარა, რამაც ის უფრო გააძლიერა და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიამდე მიიყვანა. ვსაუბრობთ იმ გიორგი ურუშაძეზე, რომლის დაფუძნებული კომპანია - Tasteit-ი ახლა დიდი წარმატებისკენ სავალ გზას შეუდგა.
ეს იშვითია. ის ისტორია, რასაც გიორგი "ზმნა"-ს უყვება, ნამდვილად მძიმეა, თუმცა კეთილი გაგრძელება აქვს. მსგავსი წარსული, ტრავმების სახით, მეტწილად ნეგატიურ კვალს ტოვებს მოზარდზე, მას კეტავს და ცხოვრების ნათელ ფერებში დანახვის უნარს უხშობს. მაგრამ ჩემი რესპონდენტის შემთხვევაში, გორში გატარებული მისი ამგვარი ბავშვობა პირიქით - მთავარი მოტივატორი გახდა, რომ ჯერ საკუთარი თავისთვის, შემდეგ კი გარემოსთვის დაემტკიცებინა, რომ ის წარმატებას აუცილებლად მიაღწევდა.
და მთავარი - 8 წლის "მესთვის" მიცემული პირობა არ დაირღვა - "გიორგი, რაც არ უნდა მოხდეს, შენ კარგ ადამიანად უნდა დარჩე".

ციხეში გატარებული საზაფხულო არდადეგები
გიორგი ურუშაძე: წარმოუდგენლად რთული ბაშვობა გავიარე. მამა ქურდული ავტორიტეტია, ბევრი წელი ციხეში გაატარა. ვარდების რევოლუციამდე ციხეს ხომ ავტორიტეტები მართავდნენ და მე ზაფხულის არდადეგების დიდ ნაწილს ციხეში, მამასთან ვატარებდი...
ამ თემაზე საუბარი დიდი ხანი მიჭირდა. მერე კი დავიწყე და რომ მეგონა, ეს კომპლექსი გადალახული მქონდა, თერაპიაზე სიარულისას, აღმოვაჩინე, რომ ეს ტრავმები უჯრაში იყო ჩალაგებული და მასზე უნდა მემუშავა.
ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი, მაგრამ მრცხვენოდა. მრცხვენოდა იმ განსხვავებული ცხოვრების სტილის გამო. საუბარი იმდენად მიჭირდა, ვწითლდებოდი და ჰაერი არ მყოფნიდა. ამიტომ ფანჯარას აღებდნენ.
მამა მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რეალურად აბრალებდნენ მკვლელობას, რომელიც არ ჩაუდენია. მე ვიყავი მასთან ერთად სახლში და ამის მოწმე გახლდით. საბოლოოდ, სასამართლო პროცესზე გაამართლეს.
ძალიან რთული იყო. "მკვლელის შვილიც" დაუძახიათ ჩემთვის.
მამა წამალდამოკიდებული იყო და მახსოვს, ჩემზე მეზობელმა თქვა, ესეც მამისნაირი გახდებაო. ამ ყველაფერზე დიდი პროტესტი მიჩნდებოდა.
მახსოვს, ანატომიასა და ბიოლოგიაში დნმ-ს რომ გავდიოდით - მშობლებისგან შვილებზე მემკვიდრეობით გადასულ თვისებებზე - მე პროტესტი მქონდა, არა ასე არ არის-მეთქი. არ მინდოდა ასე ყოფილიყო.
მოკლედ, ტრავმები და კომპლექსები მქონდა.

მახსოვს, 8 წლის ვიქნებოდი, სახლში საშინელება ხდებოდა, მე კარის უკან ვიმალებოდი და მაშინ ჩემს თავს დავპირდი: გიორგი, რაც არ უნდა მოხდეს, შენ კარგ ადამიანად უნდა დარჩე-მეთქი. ეს დედაჩემის გამო მინდოდა. დედა იყო ჩემი მოტივატორი. არ მომწონდა მამაჩემი როგორ ექცეოდა დედაჩემს. მიუხედავად ამისა, მამაა და ცხადია, ის მიყვარს, მაგრამ არ მომწონს.
11 წლის რომ ვხდებოდი, დაბადების დღე აღვნიშნე, მაგრამ საშინელებები მოხდა ჩემს სახლში. ამას საჯაროდ ვერ მოვყვები, მაგრამ იმ დღის შემდეგ, 30 წლამდე დაბადების დღე არ აღმინიშნავს. ღამის 12 საათზე ოთახში ვიკეტებოდი და ვტიროდი. განა იმიტომ, რომ უბედური ვიყავი, თავს ემოციებისგან ვითავისუფლებდი. ხმით და სხეულით ვტიროდი და ვიცლებოდი. და ეს წრე გავარღვიე 30 წლის რომ გავხდი და ჩემს დაბადების დღეს, 5 იანვარს, ჩახუტების დღე დავარქვი.

გაქცევა
ჩემი ბერლინში წასვლა, სინამდვილეში გაქცევა იყო. მოვიპოვე სრული დაფინანსება და სასწავლებლად გავემგზავრე. მიყვარს წერა, ჟურნალისტიკაც ამიტომ ავირჩიე. ვიპოვე ბლოკპოსტი სადაც მიწერია:
"მთელი ცხვრება ვაშენებ კედელს; მინდა, რომ ეს კედელი არ ჩამოიშალოს". ალეგორიად ბერლინის კედელი მქონდა აღებული.
მახსოვს, მამაჩემმა მომწერა, ბერლინში ჩამოვდივარო. ჩემთან ჩამოსვლა და ცხოვრება უნდოდა. მამა ცხოვრებაში არ ყოფილა ევროპაში. და უცებ ბერლინში ჩამომადგა! მახსოვს, გაჩერებაზე ზურგით რომ დავინახე, გავშეშდი. საუბარი არ შემეძლო, გავიყინე. მივხვდი, რომ სახლში ვერ მივიყვანდი. სასტუმროში დავაბინავე. როდესაც უკან, საქართველოში ბრუნდებოდა, აეროპორტში მეგობართან ერთად გავაცილე. მატარებლით მივდიოდით, მამას ჩაეძინა და რომ შევხედე, მაშინ ჩახუტება მომინდა. მაგრად ჩავეხუტე და როგორც ბავშვს, ტირილი ამიტყდა... ვკანკალებდი და მთელი სხეულით ვტიროდი... ბოდიში მოვუხადე. არა უშავსო, მითხრა.
მამა რომ წავიდა, ცუდად ვიყავი. გარეთ არ გავდიოდი, ბანაობა მეზარებოდა. სამსახურში რომ მივდიოდი, ტირილი მიტყდებოდა. ცრემლებს ჩუმად ვყლაპავდი...

ტკივილი, როგორც მოტივაცია
საერთოდ, ოპტიმისტი ადამიანი ვარ. ადამიანებში კარგს ვხედავ; როცა ვინმე ცუდს მიკეთებს, გამართლების გზას ვეძებ. მე რომ ამდენი ნეგატიური და მძიმე რამ გამოვიარე, ვცდილობ, სხვებსაც გავუგო, რატომ მოიქცნენ ცუდად.
ჩემი ბავშვობის მძიმე წლები ჩემი სამომავლო ცხოვრების მოტივატორად ვაქციე. თუ რაიმე ჯადოსნური თვისება მაქვს, ეს არის ტკივილის სიძლიერედ გადაქცევა. ბრაზის და ტკივილის ენერგია იმის ძალას გაძლევს, რომ იბრძოლო და წინ წახვიდე. თერაპიამ ტრავმებში ჩამაღრმავა და მათგან გამათავისუფლა. დღეს ბრაზის ენერგია აღარ მჭირდება. მე ცხოვრების უზომოდ მადლიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი გამომატარა.
ადრე ჩემს ამ რთულ ბიოგრაფიას იმიტომ ვყვებოდი, რომ თავზე ხელი გადაესვათ - ვა, რა მაგარი ბიჭი ხარო. ახლა არც ეგ მჭირდება. მისგან გავთავისუფლდი. ჩემს სხეულში ისედაც კომფორტულად ვარ.
ბავშვობამ მომცა ის, რომ საკუთარ თავს ვაჯობე. დღეს კი მთავარი, რაც ძველ ამბებთან მაკავშირებს, მადლიერების განცდაა. ადრე თუ ბრაზის ენერგია იყო ჩემი მამოძრავებელი, ახლა მადლირების ენერგიაა.
ბავშვობიდან ჩავიბეჭდე, რომ წარმატების გზა, განათლების მიღება და მუდმივი შრომაა. რაღაც ძალა მიბიძგებდა, რომ ამას მივყოლოდი და არასდროს გავჩერებულიყავი.

კრეატიული დირექტორი და... Tasteit-ის დაბადება
გერმანიაში Miami Ad School Europe-ში სწავლის პარალელურად სარეკლამო კომპანია Factory Berlin-ის კრეატიული დირექტორი გავხდი.
იდეების ჩამოყრის ჩემი მეთოდია - სიტყვებს, რაც თავში იმ წამს მოვიდოდა ვწერდი და ამ სიტყვებს ვაერთებდი. კრეატიული ბრეინშტორმინგის ხერხია და ერთხელაც, ასე შევაერთე სიტყვები - Food და Dating-ი, საჭმელი და პაემანი. და იმ მომენტში გაჩნდა იდეა შექმნილიყო აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს დააკავშირებდა საჭმლის გავლით.
ყველა დროში, კულტურასა და ისტორიაში საჭმელი, ოდითგან, სოციალური აქტი იყო. ამისთვის რესტორანში, ბარში მივდივართ და მივდივართ არა მხოლოდ საჭმელად, არამედ ზოგჯერ გულის გადასაყოლებლად, სალაპარაკოდ, განსატვირთავად. ეს ყოველდღიურობის ნაწილია.
ბერლინში ახალი ჩასული ვიყავი და მეც მჭირდებოდა ადამიანების გაცნობა. ახალი სანაცნობო წრე. მაგრამ არსებული დეითინგ აპები, ანუ პაემნების - შეხვედრების დასანიშნი აპლიკაციები, არ იყო ჩემთვის გამოსავალი, რადგან პარტნიორს არ ვეძებდი, მე ადამიანების გაცნობა მინდოდა.
დეითინგ აპებს კი სტრესი და უხერხულობა ახლავს, მოლოდინი ახლავს და იმედგაცრუებაც შეიძლება მოჰყვეს...
ეს მოლოდინია ამ აპების მთავარი პრობლემა. სტრესი გაქვს, უნდა მოგეწონოს, მას უნდა მოეწონო, უხერხულია.
მოკლედ, ჩემი სტარტაპით - Tasteit, მე და ჩემმა გუნდმა, ამ უხერხული მომენტების მოხსნა გადავწყვიტეთ. ანუ ადამიანები არა პაემანზე, არამედ უბრალოდ საჭმლის გარშემო შეხვედროდნენ ერთმანეთს.
კი ბატონო, ჭამა ყველაზე სოციალური აქტია, ყველაზე ხშირია, მარტოც ჭამ, ვინმესთან ერთადაც, მაგრამ ამაზე სოციალური ქსელი, ჩვენს სტარტაპამდე, არ არსებობდა. ეს ნიშა არავის უკავია. უცდიათ საჭმლის გარშემო სიციალური ქსელის აშენება, თუმცა ყველა იყო მოსაწყენი რესტორნების ჩამონათვალი. ჩვენ კი, ადამიანური კავშირები, ცენტრად ჩავსვით.

Tasteit
ჩვენი მიზანია შევქმნათ საჭმლის გლობალური სოციალური ქსელი, სადაც ადამიანები აღმოაჩენენ ახალ გემოებს, ახალ კერძებს, გაიცნობენ ერთმანეთს, წავლენ სადილებზე, საკვებთან დაკავშირეულ ივენთებზე, მასტერკლასებზე, საყვარელი საჭლის სიებს შექმნან. ჩვენთან მთავარი გმირი არის კერძი. რესტორანი ცნობილი შეიძლება გახდეს ერთი კერძით. ვინ ჭამა ეს კერძი, ვინ მოიწონა, შეგიძლია მას მიწერო, მასთან ერთად წახვიდე დასაგემოვნებლად.
ამაღამ მინდა პიცის ჭამა, ჩვენი ქსელით ირჩევენ ადგილს, კომპანიონს და ასე შემდეგ …
მთავარი - ადამიანებს ხვდები საჭმლის ან სასმლის გავლით.
Tasteit აგვარებს გლობალური მარტოობის პანდემიას. ანუ ადამიანებს რეალურად ახვედრებს ერთმანეთს. ეს ჩვენს დროში მნიშვნელოვანია, რადგან AI ხელს უწყობს მარტოობას და დღითიდღე უფრო მარტოსულად ვგრძნობთ თავს.
ჩვენი საბოლოო მიზანია ყველა ადამიანის ტელეფონში იყოს Tasteit.
გშია? გახსნი ჩვენს აპლიკაციას, იპოვი კვების ობიექტებს, გინდა მარტო წახვალ. გინდა მეგობარს მოიწვევ და მასთან ერთად წახვალ. ამ აპლიკაციაში გაიცნობ ადამიანების ჯგუფს და მათთან ერთად წახვალ. გექნებათ თქვენი tatseit პროფილი და საყვარელი კერძების შესახებ ინფორმაციას იქ განათავსებთ. რომელი კერძები მოგწონს ქალაქში, სადაც იმოგზაურე, იქ რა კერძები ჩაინიშნე და ასე შემდეგ.

Tasteit-ის გუნდი
გუნდი საქართველოში შევკრიბე. ანანო ასპანიძე, ჯიპაში ჩემი კურსელი, პროგრამირებაში ყველაზე მაგარი იყო. თეა გონგლაძე ჩემი კოლეგა იყო პირველ არხზე და იდეა რომ გავუზიარე, მაშინვე შემოუერთდა გუნდს. მარკეტინგში დიდი გამოცდილება ჰქონდა.
ბიზნესის მხარდასაჭერი სატელევიზიო შოუ "შარქ თენქ საქართველო"-დან ჩემ გუნდს შემოუერთდა პავლე მგელაძე და ქეთი ქვარცხავა. ისინი არა მხოლოდ ინვესტორები, არამედ გუნდის წევრები გახდნენ.
მერე ბიზნესმენი ლევან ყარალაშვილი შემოგვიერთდა, "თბილისი ცენტრალის" ერთ-ერთი მფლობელი, რომელმაც აპლიკაციაში ასი ათასი დოლარი ჩადო. იმ დროს გვენდო, როდესაც წარმატება არ გვქონდა. 150 ათასი ლარი ავიღეთ სამთავრობო გრანტები სტარტაპებისთვის - "ჯიტასგან".
გუნდი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. კარგი და სწორი გუნდის გარეშე ვერაფერ გააკეთებ. ბევრი პრობლემა გადავლახეთ. იყო პერიოდი, თანხა არ გვქონია, სერვერის თანხას ვაკოწიწებდით. რთული მომენტები გამოვიარეთ. ამერიკაში ყოფნისას, "სტარტაპ ვორლდ ქაფზე" რომ გავიმარჯვეთ და იქიდან ფოტოებს ვპოსტავდით, თან ვიცინოდით, ახლა ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჩვენ რა ძალიან კარგად ვართ, სინამდვილეში "კაპიკს კაპიკზე" ვაწებებდით, საჭმელი რომ გვეჭამა.
სტარტაპის გზა
ასე იყო. მოვხვდით აქსელერაციის პროგრამაში ჯერ საქართველოში, გერმანიაში მოვხვდით დიდ საინვესტიციო კომპანიაში, რომელსაც აქსელერაცია ჰქონდა.
მანამდე კი სულ მქონდა მომენტი, რა მაგარი იდეა მაქვს და უარს როგორ ამბობენ-მეთქი. ვბრაზობდი. მაგრამ ამასობაში ბევრ რამეს სწავლობ. როგორც დამფუძნებელი, მართლა ბევრ რამეს სწავლობ.
განა იმაზე უნდა გაბრაზდე, რომ ვიღაცას არ მოეწონე, არამედ უნდა დაფიქრდე, იქნებ შენ უშვებ რამე შეცდომას და რაღაცას არასწორად აკეთებ.
დავიწყეთ ფიქრი, ეს იდეა ბიზნეს პროდუქტად როგორ გვექცია.
ამის პარალელურად მე Factory Berlin-ში კრეატიულ დირექტორად ვმუშაობდი. ხანდასხან სამსახურში Tasteit-ზე ჩუმად ვმუშაობდი, რომ არ გაეგოთ. ანუ სამსახურს რომ ვამთავრებდი მერე Tasteit-ზე ვიწყებდი მუშაობას და ფაქტობრივად, 24 საათიან რეჟიმში მიწევდა შრომა.
რთული ორი წელი იყო. ხან ვფიქრობდი, რომ აღარ გამოდის.
გულწრფელად გეტყვი, მხოლოდ მე ვარ ჩემი ოჯახის ფინანსურად უზრუნველმყოფელი. ჩემს ოჯახში არავინ მუშაობს, არც დედა, არც მამა. ასევე ძმა, ძმისშვილი, ბებაჩემი. ყველა ჩემს კისერზეა. ეს პასუხისმგებლობა მარტივი არასდროს ყოფილა.

და ამ წლის მარტში, როცა ბერლინში ჩემი ცხოვრების უფლება სამსახურზე აღარ იყო მიბმული, დავწერე განცხადება და წამოვედი სამსახურიდან. TasteIt-ზე სრული განაკვეთით გადმოვერთე. და დაიწყო ბოლო ცხრა თვიანი დიდი შრომა.
სტარტაპის შენება რთული პროცესია. როგორც დამფუძნებელმა, ბევრი რამ უნდა აკეთო - თან ინვესტორებთან მუდმივ კონტაქტზე ხარ, თან მომხმარებელი უნდა მოიზიდო. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე.
დიდი დაფინანსება უნდა აგვეღო და ბოლო მომენტში უარი თქვეს ინვესტრორებმა, რაც სტარტაპსამყაროში ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა ეს მე მარტივად არ აღვიქვი. ყველაფერი ჩამომენგრა თვალწინ. დანაზოგიც მელეოდა. ბევრი ღამე ყოფილა, როცა თავს ვამხნევებდი - კიდევ ერთი დღე, კიდევ ერთი დღე-მეთქი...
შორიდან მარტივად ჩანს. შარშან საერთო სტარტაპ ვორლდ ქაფში გავიმარჯვეთ, საქართველოდან მხოლოდ ჩვენ და სანფრანციკოში წავედით. Tasteit რვა სტარპატში მოხვდა. ეს დიდი ვალიდაცია იყო და დაგვარწმუნა, რომ სწორ რაღაცას ვაკეთებთ.
Techstars USA-ში მოხვედრა ბოლო გაბრძოლება იყო. ჩანაწერიც გვაქვს, მოდი, არ დავნებდეთ, ეს იყოს ბოლო და მთავარი გაბრძოლებათქო.
ეს ბოლო წარმატება რომ არ მოსულიყო, ვამბობდი, Tasteit რომ მომკვდარიყო, მაინც არ ჩავთვლიდი ამ პროექტს წარუმატებლად, რადგან მასზე მუშაობისას მე და ჩემი გუნდის წევრები, იმდენად გავიზარდეთ, რომ ამხელა გამოცდილებას ვერც ერთი სკოლა, უნივერსიტეტი და სამუშაო გამოცდილება ვერ მოგვცემდა. ადამიანებს ჰგონიათ, რომ რაღაცის დასრულება წარუმატებლობის აღიარებას ნიშნავს. არა, ასე არ არის. თუ დასასრულებელია, უნდა დაასრულო. მოკლედ, ვთქვით, რომ ბოლომდე უნდა გავიბრძოლოთ და... მოვხვდით TechStars-ზე.
მსოფლიოში რამდენიმე დიდი აქსელერაციის პროგრამა არსებობს. ერთ-ერთი ეს არის.
დღეს ძირითადად AI სტარტაპებს აფინანსებენ. ყველა ინვესტიცია AI სტარტაპთან მიდის. ჩვენ არ ვართ AI სტარტაპი. ჩვენ რეალურ სამყაროში ვახვედრებთ ადამიანებს. ესაა ჩვენი მიზანი.
Techstars
ორ თვე ნახევრის წინ TechStars-ის ერთ-ერთი მმართველი დირექტორისგან რეკომენდაცია მივიღე. და მოვხვდით ბოლდერ კოლორადოში, მთავარ პროგრამაში. ძალიან დიდი ქსელია და კონკრეტულად აქ მოხვედრა, უამრავი შესაძლებლობის გახსნას ნიშნავს. დაიწყო ჩვენი ინტერვიუები მმართველ დირექტორთან. ჯერ ჩემთან, მერე გუნდის წევრებთან.
შემდეგ ვხუმრობდით: ყველა კარგი ამბავის დროს, რაც Tasteit-ზე მოხდა, მე საქართველოში ვიყავი. და ამით ვამაყობთ, რომ თუ სადმე უნდა დაიბადოს საჭმელთნ დაკავშირებული სოციალური ქსელი, ეს უნდა მოხდეს საქართველოში. ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო, ჩვენი სამზარეულო ცნობილია და ეს დამატებით ძალას გვმატებს.
მოკლედ, მივიღეთ 220 ათასი დოლარის დაფინანსება. ეს თანხა ახლა ნახევარმილიონამდე უნდა ავწიოთ და საამისოდ ინვესტორები გვყავს. 2027 წლის პირველ ნახევარში კი, თანხა ხუთ მილიონამდე უნდა ავწიოთ, რომ გლობალურად ჩავეშვათ ჯერ ამერიკაში, შემდეგ ეტაპობრივად, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში... და Tasteit კვების თემასთან დაკავშირებით გახდეს ნებისმიერი ქალაქის პულსი.
თუ ჩვენი სტარტაპი დღემდე მოვიდა და წარმატებას მიაღწია, ეს მისი კრეატიული კამპანიების დამსახურებაა. ბერლინში რომ ჩავეშვით, პრაიდზე გავედით და ათასზე მეტი ქაღალდის თვითმფრინავი გავაკეთეთ ხელით. ერთ ფრთაზე ჩვენი აპლიკაციის ქიუარკოდით, მეორეზე კი ეწერა ანტი დეითინგ აპლიკაცია. მანქანიდან ვისროდით. ჩვენი აპლიკაცია მაშინ ბევრმა გადმოწერა.
ბერლინში მეტროში ბანერით ვიდექი. დედაჩემს ეგონა, მოწყალებას ვითხოვდი. არ ვიცი რატომ ეგონა, ცხოვრებაში არ მიმათხოვრია. მაგრამ დედა დრამებში ვარდება ხოლმე.
სან-ფრანცისკოში კუბო ვიყიდეთ და გასვენება მოვუწყეთ დეითინგ აპებს. ასე გავაპიარეთ Tasteit-ი. ანუ ამით ხაზი გავუსვით, რომ დაითინგ აპები ყველას მობეზრდა და არ მუშაობს, ჩვენ კი, ალტერნატივას ვთავაზობდით.
თბილისში ზაფხულში open air-ის პარტნიორები გავხდით. ადამიანებს ვთხოვდით ყოფილებთან დაერეკათ და გზავნილი გაეგზავნა. ამ კამპანიამ მაგრად იმუშავა. 3-4 დღეში 25 ათასი ადამიანი შემოუერთდა აპლიკაციას.
TechStars-ში დაინახეს, რომ ჩვენ გვაქვს კრეატივი და ბრძოლის უნარი ადამიანები აპლიკაციაში ფულის დახარჯვის გარეშე შემოვიყვანოთ.
მნიშვნელოვანია ადამიანები ბრენდთან დაახლოვდნენ, იგრძნონ, რომ მისი ნაწილია. ადამიანებს ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორიცაა კოკა-კოლა, მაკდონალდსი, ნაიკი ემოციური კავშირი უჩნდებათ. ჩემი მიზანია Tasteit ასეთ ბრენდად იქცეს.
მიზანი, ოცნება, თავის პოვნა
ახლა უკვე ვეღარაფერი ვეღარ შემაჩერებს. ჩემი ოცნებით ცხოვრება დავიწყე.
მარტივი ცხოვრებიდან არ მოვდივარ და ყოველთვის იმაზე მეტი მუშაობა მჭირდებოდა, ვიდრე სხვას. მიუხედავად იმისა, რომ კარგი კარიერა ავიშენე, ჩემი დიდი პასუხისმგებლობების გამო, ფინანსურად გამართული არასდროს ვყოფილვარ. მიუხედავად იმისა, რომ გარედან ყველაფერი კარგად ჩანდა. საქართველოში კარგი კარიერა მქონდა, მაგრამ წავედი ბერლინში, კრეტიული დირექტორი გავხდი, მერე ლექტორიც...
აქამდე ბევრი სტარტაპი გამიკეთებია, სტუდენტური ჟურნალი მქონდა. მერე გავყიდე. სულ რაღაცებს "ვჩალიჩობდი", სულ რაღაცის დაარსებაში ვიყავი. მუდმივი სწავლის პროცესში ვიყავი. ვიცოდი, რომ Tasteit მხოლოდ იდეა არ იყო. ვიცოდი, რომ ბოლომდე უნდა ჩავყოლოდი. იყო იმედგაცრუება, ხელის ჩაქნევა, ცრემლი, ეჭვი, რატომ ვაკეთებ, არ გამოდის... მეორეს მხრივ კი, ვხედავდი, რომ ხალხი იყენებს აპს და არსებობს მისი არსებობის პოტენციალი.
ახლა მე და თეო გონგლაძე კოლორადოში ვართ. ვფიქრობდი, სადაც ბავშვობიდან მინდოდა, ახლა იქ ვარ.
ხანდახან გვიჭირს იმის დაჯერება, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება. მუშაობისას ერთმანეთს გადავხედავთ - ეს ნამდვილად ხდება? განა იმიტომ, რომ თავში დაჯერება გვაკლია. არა, უბრალოდ დავიმსახურეთ. აქ მოხვედრა ძალიან რთულია! 10 800 ზე მეტი აპლიკაციიდან 9 სტარტაპი მოვხვდით.
16 სექტემბრამდე არ გვქონდა ამ ამბის გასაჯაროვების უფლება. თავი დავიჭირე იმაში, რომ რაღაცებს რომ ვაქვეყნებდი იმიტომ ვიქცეოდი ასე, რომ გამომხაურება მქონოდა, თავზე ხელი გადაესვათ, ყოჩაღ, გიორგი, რა მაგარი ბიჭი ხარო. და იმ პერიოდში, ამ ამბის გახმაურების საშუალება რომ არ მქონდა, გავიაზრე - რა გავაკეთე. მივხვდი, აქამდე ჩემი თავისთვის იმის უფლება არასდროს მიმიცია, რომ საკუთარი თავით მეამაყა და მეცხოვრა ამ მომენტით. სულ ვშრომობდი, სულ რაღაცას ვუმტკიცებდი თავს. ბერლინში ვსეირნობდი და მივხვდი, რომ მე ეს დავიმსახურე! უმთავრესი რამაა მადლიერება. ვინც კი ოდესმე დამხმარებია, ყველასთვის მომინდა პირადში მიმეწერა მადლობა.
გულით მჯერა, რომ ეს დავიმსახურეთ. ახლაც ვცდილობ, ეს განცდა არ დავკარგო. მადლიერება არ გამექცეს და ხიბლში არ ჩავვარდე.
ახლა 33 წლის ვარ. მივხვდი, რომ ის ხალხური სიბრძნე, როგორიცაა - თუ არ გაჩერდები, ყველაფერი გამოგივა, ნამდვილად მუშაობს. ჩვენ გავაუფასურეთ ბრძნული სიტყვები.
ამერიკაში თუ მებრძოლი ხასიათი არ გაქვს, დაიკარგები. სულ ვაკვირდები მეგობარს თუ ნაცნობს, რომელიც ამერიკაში ჩავიდა. ის, ვინც სამშობლოში უნიათო იყო, ამერიკაშიც უნიათოა. ცხადია, ადამიანს შეუძლია შრომით ესეც გამოასწოროს. მაგრამ აქ მებრძოლი ხასიათი ძალიან მნიშვნელოვანია.
ბოსტონში, Google-ის სათაო ოფისში გახსნაზე იყვნენ ძალიან წარმატებული კომპანიების წარმომადგენლები. მათ რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, ეს ადამიანები კი მაგრები არიან, მაგრამ ყველას შეუძლია ასეთი მაგარი გახდეს. თუ მე მივაღწიე, ეს სხვასაც შეუძლია.

ძალიან პირადს გაგიმხელთ. ბავშვობაში, ჩემს სახლში ძალიან ცუდი რაღაცები რომ ხდებოდა, მე თავზე საბანს გადავიფარებდი, თვალებს მაგრად დავხუჭავდი და წარმოვიდგენდი, რომ სადღაც ვაღწევ წარმატებას, ვბრუნდები ჩემს ქალაქ გორში და ვეხმარები ჩემს ოჯახს, მეზობლებს, ყველას... ეს აკვიატებული მქონდა. ახლა გავიაზრე, რომ იმაზე მეტს მივაღწიე, ვიდრე ვოცნებობდი. გორში რომ ჩავდივარ, ქალაქს ფეხით შემოვივლი აუცილებლად. ბოლო ვიზიტზე, მივედი ჩემს სკოალში, მეხუთე საჯარო სკოლაში. მისვლამდე დავინახე პატარა გიორგი როგორ მიდიოდა ჩანთით. სკოლის დერეფანში დავინახე, როგორ დახტოდა. და საკუთარი თავით პირველად ვიგრძენი სიამაყე.
ბოლო ორი წელია თერაპიაზე დავდივარ. და ამით სწორი გადავწყვეტილება მივიღე. ჩემი მოტივაცია დიდი ფულის შოვნა არ არის. ჩემი მამოძრავებელი სურვილია, შევიცნო ჩემი თავი, ჩემს ტრავმებს ჩავეძიო, მივიღო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ვიყო ნამდვილი. ბოლო დღეებში რასაც განვიცდი არის ის, თუ როგორ „ასწორებს“ ბოლომდე იყო ის, ვინც რეალურად ხარ. თუნდაც ამერიკაში.
მაქვს ქართული აქცენტი. ადრე შეიძლება ამის გამო მორცხვი ვყოფილიყავი. ახლა ყველაფერი "მკიდია", ბოლომდე მე ვარ, გიორგი ვარ. არ ვიცი, როგორ ვიქცევი, აღარ მადარდებს ხალხი რას იტყვის. ამას სხვანაირად ნუ მიიღებთ. როცა თავს საშუალებას აძლევ ბოლომდე შენ იყო, ცხოვრება ძალიან ლამაზი ხდება. მაშინ გამოგდის ყველაფერი - ბიზნესიც, პირადი ცხოვრებაც და ყველაფერი. დილით რომ ვიღვიძებ, განცდა მაქვს, აბა, როგორ ვიყო ბოლომდე საკუთარი თავი, როგორ ვიყო წარმატებული. როგორ გავხადო ჩემი დღე ნაყოფიერი. ადრე თუ მხოლოდ იმიტომ ვიღწვოდი, რომ სხვას მოწონებოდა, ახლა ასე აღარ ვცხოვრობ. ახლა მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვაკეთებ ყველაფერს, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.
გააზიარე სტატია