ჩვენი ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დღეს, როდესაც საზოგადოებრივ სივრცეში ისევ გააქტიურეს პროპაგანდისტული ნარატივი გიორგიევსკის ტრაქტატისა და რუსეთთან „მეგობრობის“ შესახებ, მნიშვნელოვანია ისტორიულ ფაქტებსა და მეცნიერულ ანალიზზე დაყრდნობა. დიდი ქართველი ისტორიკოსის, ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევები ნათლად აჩვენებს, თუ როგორ იქცა ერეკლე მეფის მიერ ხელმოწერილი ისტორიული ხელშეკრულება, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციის იარაღად.

გაცრუებული იმედები და ისტორიული კრახი
XVIII საუკუნის ბოლოს, როდესაც საქართველო მძიმე პოლიტიკურ კრიზისში იმყოფებოდა, ტახტზე ასულმა მეფე გიორგი XII-მ ვერ შეძლო სიტუაციის მართვა. გიორგის არც მამის ნიჭი და პირადი სიქველე ჰქონდა, არც საამისო გავლენა მოეპოვებოდა ხალხში, რომ ესოდენ გართულებული პოლიტიკური მდგომარეობიდან საქართველო რამენაირად სამშვიდობოს გაეყვანა; შინაური აშლილობა გაძლიერდა, გარეშე მტრები უფრო გათამამდნენ, ჩრდილოელი „მოკავშირის“ მფარველობა და დახმარება კი არა ჩანდა.

გიორგი მეფეს რუსეთის დახმარების იმედი ამოეწურა, გადაწყვიტა დარუბანდის კარი ჩაეკეტა და სამხრეთისკენ გზა რუსეთისთვის სამუდამოდ ამოექოლა. მას ეგონა, რომ ისევ ოსმალეთთან პოლიტიკური შეთანხმება და მისი მოკავშირეობა მიანიჭებდა ღონემიხდილ საქართველოს მშვიდობიანობას. მეფეს დესპანი ჰყავდა გაგზავნილი ახალციხის ფაშასთან, რომ იქიდან სტამბოლში წასულიყო ამ საქმის მოსაგვარებლად. დესპანი ახალციხეს არ იყო გაცილებული, რომ რუსეთიდან ბატონიშვილი დავითი ჩამოვიდა და რუსეთის ხელმწიფის პავლეს საქართველოსადმი კეთილგანწყობილების ამბავი ჩამოიტანა. მაშინ „ერთმორწმუნე“ რუსეთის იმედი ხელახლა გაჩნდა და საქართველოს ელჩი ახალციხიდან უკან გამოსაბრუნებელი შეიქმნა.

მფარველობის ნაცვლად - ფარული თვალთვალი და ანექსია
„როდესაც გიორგი მეფემ რუსეთის ხელმწიფეს, პავლეს თავისი სამეფო ტახტზე ასვლა აცნობა, პავლემ მილოცვასთან ერთად მოსწერა, რომ 1783 წლის ხელშეკრულებით, იგი მოვალე იყო, რუსეთის იმპერატორისთვის დამტკიცება მოეთხოვა. თვითონ პავლეს არ ახსოვდა, რომ ხელშეკრულება მარტო საქართველოს კი არა, რუსეთის სახელმწიფოსაც აკისრებდა ვალდებულებებს და რუსეთს არც ერთი მათგანი შესრულებული არ ჰქონდა.“

1799 წლის 16 აპრილს რუსეთმა საქართველოში ელჩი და ორი ბატალიონი ჯარი გამოგზავნა, თითქოსდა ქვეყნის დასაცავად, რეალურად კი რუსეთის მთავრობა მეფესაც კი ეჭვით უყურებდა და ელჩს მასზე თვალთვალი დაავალა. ივანე ჯავახიშვილი ამ ამბის აღწერისას შენიშნავს, რომ 2 ბატალიონის გამოგზავნით რუსეთს საქართველოსთვის კი არ შეუწუხებია თავი, პირადი სარგებლის მიზნით ხელმძღვანელობდა და საიდუმლო გეგმას სახავდა.
კამერჰერმა გრაფმა, მოსტინ-შუშკინმა მიიღო საგანგებო დავალება - შეესწავლა საქართველოს ადგილობრივი სიმდიდრეები და მადნეულობა. ამ მისიით ჩამოვიდა საქართველოში, შეისწავლა ქვეყანა და იმპერატორს მოახსენა, რომ საქართველოს შეერთებით რუსეთი შეიძენდა მდიდარ ქვეყანას, დაცული იქნებოდა კავკასიელ მთიელთა თავდასხმებისგან და მთავარი: სპარსეთთან და ოსმალეთთან ომებში, საქართველოს მეშვეობით შეიქმნიდა სამხედრო უპირატესობას, თან ინდოეთისკენ სავაჭრო დერეფანი გაეხსნებოდა. ეს აზრი პეტერბურგში მოიწონეს. 1800 წლის 18 დეკემბერს პავლე იმპერატორმა ხელი მოაწერა მანიფესტს საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ, შემდეგ კი გიორგი მეფეს წინასწარ დამზადებული ქაღალდი გაუგზავნეს ხელმოსაწერად, ვითომ თავად მეფემ სთხოვა რუსეთის ხელმწიფეს საქართველო ერთხელ და სამუდამოდ რუსეთს შეერთებოდა.
რუსეთის მთავრობას წინასწარ ჰქონდა გათვლილი, თუ რა უნდა მოემოქმედებინა ძლიერ ავად მყოფი გიორგი მეფის გარდაცვალების შემთხვევაში. წარმომადგენელს ნაბრძანები ჰქონდა, რაწამს მეფე გიორგი გარდაიცვლებოდა, არ დაეშვა ტახტზე მემკვიდრის ასვლა, რისთვისაც საქართველოში დამატებითი ბატალიონიც გამოგზავნეს.
„მიუხედავად იმისა, რომ 1783 წლის ხელშეკრულების მე-12 მუხლი პირობების შეცვლას მხოლოდ ორივე მხარის თანხმობით უშვებდა, რუსეთმა ეს პრინციპი უხეშად დაარღვია. რადგან 1783 წლის შემდგომ არანაირი სხვა ხელშეკრულება არ დადებულა, რუსეთის მთავრობას უნდოდა რაიმე საბუთი ჰქონოდა იმის დასამტკიცებლად, ვითომც თვით საქართველოს სურდა თავისი სახელმწიფოს მოსპობა. რაკი გიორგი მეფის სიკვდილის გამო ეს მათი გეგმა ფიზიკურად განუხორციელებელი იყო, რუსეთის მთავრობა ხელშეკრულების დარღვევას აღარ მოერიდა და, რაჟამს გიორგი მეფის სიკვდილის ამბავი შეიტყო, მაშინვე 1801 წლის 18 იანვარს, პავლე პირველის მანიფესტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, ვითომც თვით მეფე გიორგის, მოწინავე წრეებისა და ქართველი ერის სურვილით შემოუერთა რუსეთმა საქართველო.“

ივანე ჯავახიშვილის აღწერით, საქართველოში რომ არც ხალხი და არც თვით მეფე გიორგი თავისი სახელმწიფოს მოსპობაზე არ ფიქრობდა, ამას ის გარემოებაც ამტკიცებს, რომ ქვეყნის მოწინავე წრეებში ინტენსიური კულტურული მუშაობა და მტკიცე სამზადისი იყო, როგორც სახელმწიფო წესწყობილების გასაუმჯობესებლად და ევროპულის მსგავსად გარდასაქმნელად, ისე ევროპული მეცნიერების, ფილოსოფიისა და მწერლობის გადმოსანერგად. საუკეთესო თხზულებები და სახელმძღვანელოები (ფილოსოფიაში, ფიზიკაში, მათემატიკასა და სამხედრო ხელოვნებაში) ქართულადაც იყო ნათარგმნი. იოანე ბატონიშვილს ამ დროს ვრცელი მოხსენება წარუდგენია მეფისთვის სახელმწიფო წესწყობილების შეცვლის შესახებ, რომელშიც სამი ლიცეუმის მსგავსი უმაღლესი სასწავლებლის გახსნა იყო გათვალისწინებული, მეფე გიორგის ეს პროექტი 1799 წელს დაუმტკიცებია. მასაც და საქართველოს მოწინავე წრეებსაც გულუბრყვილოდ ეგონათ, რომ რუსეთის მფარველობით ჩვენი ქვეყანა მოღონიერდებოდა, გარეშე მტრებს მოიგერიებდა და მყუდრო ცხოვრებაში ჩქარი ნაბიჯებით განვითარდებოდა.

ივანე ჯავახიშვილის მიერ დოკუმენტურად დასაბუთებული ისტორია ცხადყოფს, რომ საქართველოს „ნებაყოფლობითი შეერთების“ მითი რუსული პროპაგანდის მიერ შექმნილი ფიქციაა. რეალურად, ერეკლე მეფის გულუბრყვილო რწმენით, თითქოს რუსეთის მფარველობით ქვეყანა გარეშე მტრებს მოიგერიებდა და განვითარდებოდა, იმპერიამ ბოროტად ისარგებლა, წიხილით გათელა გეორგიევსკის ტრაქტატი და ქართლ- კახეთის სამეფო ძალადობრივად გააუქმა.
08/21/2026