Logo

საზოგადოება

ღმერთშემოსილი გლახა, ბათუმელი სალოსი ბოცორია - ისტორია, რომელიც შეგცვლით

ღმერთშემოსილი გლახა, ბათუმელი სალოსი ბოცორია - ისტორია, რომელიც შეგცვლით

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძრის შესასვლელთან კეთილად მომღიმარი წვერიანი მოხუცის სკულპტურას ნახავთ. ტაძრის უკანა ეზოში კი ამ კაცის საფლავია.

ვინ იყო ბოცორია, სალოსი ღვთის გლახა, რომელიც ასე უკვდავყვეს ბათუმელებმა?

ან სხვაგან სადმე, ტაძრის შესასვლელთან, გინახავთ მოწყალების მთხოვნელი უპოვარის ქანდაკება?

ბოცორიაბოცორია

ჯიბით ღარიბი, სულით კი მდიდარი ვარლამ გოდუაძე, მეტსახელად ბოცორია წარმოშობით წყალტუბოს მხრიდან იყო, ბოლო წლები კი ბათუმში გაატარა. 58 წლის იყო, როცა მოუკლავთ.

ბედის ირონია. გაჭირვებული შეიფარა, მან კი გაძარცვის მიზნით სიცოცხლე მოუსწრაფა ფინანსურად ღარიბ, თუმცა სულით ყველაზე მდიდარ ადამიანს.

***

დედა ადრე გარდაცვლია. მამას მეორე ცოლი მოუყვანია. ვარლამი დედინაცვალს ვერაფრით შეგუებია და სახლიდან გაპარულა... უპოვარი ბიჭი ეკლესიის კარზე იზრდებოდა... ზამთარ-ზაფხულ ხელგაწვდილი, კეთილი ადამიანების მოწყალებითა და ზრუნვით გაჰქონდა თავი. დრო გადიოდა... ეკლესია იყო მისი სახლიცა და კარიც... ღმერთი – მამა მოწყალე, ღვთისმშობელი – დედა მფარველი... უფალმა ინება მიეცა მისთვის დაფარული სიბრძნე და უდიდესი სიყვარული მოყვასისა... სალოსობდა... ღამ–ღამობით, სადღესასწაულო დღეებში, ჩუმად შეიმოსებოდა მღვდლის სამოსით, გულზე დიდ ჯვარს დაიკიდებდა და წავიდოდა შემოსალოცად...

როცა მამა გარდაეცვალა, ძმამ სახლი გაუყიდა და როგორც გონშერყეული, საგიჟეთში მოათავსა... ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მრევლს თვალში მოაკლდა. ბოცორიას ხომ ყველა იცნობდა. ეძებეს და ვერ მიაგნეს...

ერთხელ პატრიარქი ჩამობრძანებულა და წმიდა ნიკოლოზის ტაძრის კარიბჭესთან ბოცორია რომ ვერ შეუნიშნავს, მოუკითხავს – სად არისო? შეუტყვია მისი გაუჩინარების ამბავი, მოაძებნინა თურმე და საგიჟეში აღმოაჩინეს.

– პატრიარქმა გამომიყვანა იმ ჯოჯოხეთიდანო, – იგონებდა თვალცრემლიანი ბოცორია.

– მე და პატრიარქი ერთი კბილა ვართო, – სიყვარულით იხსენებდა უწმინდესთან გატარებულ დღეებს.

***

1989 წელს ტაძარი, რომელიც მანამდე კათოლიკური იყო (აგებულია სტეფანე ზუბალაშვილის მიერ 1898-1903 წლებში), პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა. მაშინ 5 000 აჭარელი მოინათლა ქრისტიანულად.

ტაძარში მართლმადიდებლური მსახურება დაიწყო. ღვთის სახლს წყლის პრობლემა ჰქონია. მის წინ მოწყალების მთხოვნელმა ბოცორიამ კი, შეგროვილი ფული წყლის ავზის შესაძენად შესწირა ეკლესიას. დღეს სწორედ აქედან მომდინარე წყალი ეკურთხება მორწმუნეთათვის.

საოცრად თავმდაბალი და კეთილი მოხუცი, თურმე გამორჩეულად ჰყვარებია ყველას.

ბოცორია

რა იყო გამორჩეულობის მიზეზი?
თურმე მოწყალებით ნაშოვნი ფულიდან, თავისთვის არაფერს იტოვებდა - ჩუქნიდა ბავშვებს, სხვა ხელგაწვდილებს... აბა, რად მინდა ეგეთი ფული, სხვას როცა შია და სცივაო, ამბობდა თავად უპოვარი.

ჯიბეში სულ კანფეტები ჰქონია და ბავშვებს ურიგებდა.

დადიოდა სახლების ეზოებში, მოწყალებას არ ითხოვდა. კიბეებზე ჩამოჯდებოდა, ბავშვებს ელაპარაკებოდა, ბათუმელები კი ხან საკვებით, ხან ტანსაცმლით, ხან ფულით ასაჩუქრებდნენ.

კეთილი და უწყინარი კაცი იყო. სულ ბავშვების გარემოცვაში იყო... ბავშვის გული ხომ ნამდვილს გრძნობს... ბოცორია სიკეთის ხორცშესხმული სახე იყო...

ბოცორია

ზოგს ძველმანებში ჩაცმული, გულზე დიდი ჯვრით ახსოვს, ზოგსაც ინტელექტუალურად შემოსილი. სალოსიაო ამბობენ. კომუნისტების დროში ხომ, ამგვარად მალავდნენ უფლის მიმდევრობას... ახსოვთ წვერით, ბლანჟეთი, პენსნეთი, ჯიბეში საწუწნი კანფეტებით.

სწორედ მასზე შეიძლებოდა გეთქვა, ღვთითგანსწავლულიაო. ზეპირად იცოდა საეკლესიო კანონები და წესები, საქართველოს პატრიარქთა ბიოგრაფიები, აღსაყდრებისა და ანგელოზთა დღეები..

***

მერე ერთმა მადლიანმა ოთახი მისცა იტალიური ეზოს პირველ სართულზე – მიწის გასწვრივ... ეს სამ მეტრიანი ოთახი უბრალო ღამის გასათევი თავშესაფარი იყო. კედელთან რკინის საწოლზე დაგლეჯილ-დაკონკილი ლეიბი და საბანი... საწოლის თავზე სხვადასხვა ზომის ჯვრები და ფსკვნილები... მოპირდაპირე მხარეს დაბალი, კარგამოგლეჯილი კარადა... კარადის თავზე შავი, ხუთსანთლიანი მძიმე შანდალი... ცენტრში კი პატრიარქის სურათი... ირგვლივ ხატები, იქვე თავმომწვარი სანთლები და სასაკმევლე...

ერთხელაც თურმე უბინაო და ძალიან ღარიბი ახალგაზრდა შეიკედლა.
ღამის გასათევიც მისცა და დააპურა კიდეც.
გულხარბმა მიკედლებულმა სიკეთეს ბოროტებით უპასუხა - მოხუცი გაქურდვის მიზნით დაახრჩო.

ბოცორიაბოცორია

ცრემლად დაიღვარა თურმე ყველა, ვინც " ბოცორიას" მკვლელობის ამბავი გაიგო. უამრავი ადამიანი დასწრებია მის დაკრძალვას. ბავშვებიც მისულან ყვავილებით. გულწრფელად დაუტირებიათ კეთილი მოხუცი.

ის მამა დავითის, შემდგომში მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის შარვალ-კოსტუმით (რომელიც მეუფეს ერობაში, ჯვრისწერაზე ეცვა) გაუსვენებიათ...

სასამართლომ თურმე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ამ უღირს ადამიანს და იცით, რა მოხდა?
იმერეთიდან ჩამოსულმა " ბოცორიას" დამ, მკვლელის გათავისუფლება ითხოვა: ჩემი ძმა არ ისურვებდა, მის გამო ვინმე რომ დასჯილიყოო!
თუმცა, სასამართლომ დამნაშავეს 15 წელი მიუსაჯა.

ბოცორიას ქანდაკება დაუდგეს. საფლავიც მოუწესრიგეს. ფული ზური კალანდარიშვილმა და იმ ხალხმა გაიღო, ვისაც ბოცორიას მზრუნველობა და მისი ღიმილიანი სახე ახსოვდა.

საფლავზე კი წარწერაა დატანილი – ღმერთშემოსილი გლახა,

ბათუმელი სალოსი ბოცორია.

ამგვარი ადამიანები ცოცხალი მაგალითნი არიან იმისა, რომ სიკეთე ღმერთის ხელით კეთდება. რომ ღვთისშვილია ყველა გლახაკი და მათია სასუფეველი ღთისა.

ამბობენ, თუ ქალაქს თავისი კოლორიტი, სალოსი, "გიჟი" არ ჰყავს, რომელიც თავისი ამ ქვეყნიდან წასვლით, ასე ჩაწყვეტს გულს ყველას, ის ქალაქი ცოცხალი არ არისო. ბათუმს ბოცორია ჰყავდა, რომელმაც ქალაქი შეცვალა...

ბოცორია

ავტორი: ზმნა

08/24/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024