Logo

ინტერვიუ

"გოჩას შესრულებულმა ყვავის არიამ, მაყურებელს ყვავი შეაყვარა. განუმეორებელი ხმა ჰქონდა" - გოჩა ლორიას მომღერლები იხსენებენ

"გოჩას შესრულებულმა ყვავის არიამ, მაყურებელს ყვავი შეაყვარა. განუმეორებელი ხმა ჰქონდა" - გოჩა ლორიას მომღერლები იხსენებენ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

14 აპრილს უკანასკნელ გზაზე გააცილეს ავტორ-შემსრულებელი გოჩა ლორია. 77 წლის მომღერალი წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრიდან გამოასვენეს და მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს.

აქტიური კარიერა ანსამბლ "ვია 75"-დან დაიწყო, თუმცა იქამდე იყო "რერო"; ადრეულ წლებში რესტორან "არაგვშიც" მღეროდა. გოჩა ლორია მაინც ყვავის დრამატიზმით აღსავსე არიით დარჩა ქართველი მსმენელის მახსოვრობაში. ალექსნადრე ბასიალაის ეს არია, სპეციალურად მისთვის შეუქმნია და ლეგენდარული "ივერიის" მიუზიკლში ("ჩხიკვთა ქორწილი") მიუწვევია. ახალმა მიუზიკლმა ტრიუმფით ჩაიარა. ასობით ჩატარებულმა კონცერტმა გოჩა ლორიას დიდი პოპულარობა და მაყურებლის სიყვარული მოუტანა. გადაჭედილი დარბაზები, ყვავის პარტიის დროს ისუსებოდა და ამ თითქოსდა უარყოფით პერსონაჟს, გულით უთანაგრძნობდა. ეს პარტია, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა შემსრულებელს ანდეს, თუმცა როგორც ვახტანგ ტატიშვილი "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს, მსგავსი ყვავი, "ივერიის" "ჩხიკვთა ქორწილს" აღარ ჰყოლია.

გოჩა ლორია

22 წლის იქნებოდა რესტორან "არაგვში" რომ მღეროდა. მაშინ ვერ წარმოიდგენდა, რომ თურმე, წინ, ფართო აუდიტორიის დაპყრობა ელოდა. მოულოდნელი იყო ის, რომ ამ ტანმორჩილი კაცის სხეულიდან, ასეთი ძლიერი და გამორჩეული ხმა ამოდიოდა. ამ ვოკალის დამსახურება იყო ის, რაც მერე მის თავს მოხდა... დიდ სცენას დიდი სიყვარული მოჰყვა.

გზის დასაწყისს გოჩა ლორია ასე იხსენებდა: „თბილისში მაშინ, სანაპიროზე, პოპულარული რესტორანი “არაგვი“ იყო და მუშაობა იქ დავიწყე. ერთ დღეს ჩვენთან რობერტ ბარძიმაშვილი, რომა რცხილაძე, უჩა კორძაია და აჩიკო სიმონიშვილი მოვიდნენ. რცხილაძემ მითხრა: შენ ჩვენთან უნდა წამოხვიდეო, მაშინ ისინი გემზე მიდიოდნენ.“

დანარჩენს "ზმნასთან"რომა რცხილაძე ჰყვება.

რომა რცხილაძე: - გოჩა პირველად 1975 წელს მოვისმინე, მაშინ ჩვენ ანსამბლ "ვია 75"-ის ჩამოყალიბებას ვიწყებდით. დაგვჭირდა ვოკალისტი და დავიწყეთ ძებნა. და სულ შემთხვევით, რესტორან "არაგვში" აღმოვაჩინეთ. ახალგაზრდა ბიჭი იყო, დაახლოებით 22 წლის იქნებოდა. მოსასმენად ბატონ რობერტთან დავიბარეთ და იქვე გადაწყდა, რომ ანსამბლის ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა. თვენახევარი გემზე "შოთა რუსთაველზე" ვიცხოვრეთ, რეპერტურს ვწერდით, თან გემით სხვადასხვა ადგილას ვჩერდებოდით.

მერე უკვე ფილარმონიაში დავიწყეთ კონცერტები და იყო ერთი ამბავი, ანშლაგები, ხალხი კიბეებზე იჯდა. ძალიან პოპულარულები ვიყავით. მოვიარეთ საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მის ფაგრლებს გარეთაც უამრავი კონცერტი ჩავატარეთ.

75

გოჩა განუმეორებელი ხმის პატრონი იყო. ამ პატარა ტანის კაცს უძლიერესი ხმის ტემბრი ჰქონდა, ძალიან განსხვავებული. ამიტომაც შეიყვარა მსმენელმა. "75"-დან შემდეგ "ივერიამ" მიიწვია თავის მიუზიკლში - "ჩხიკვთა ქორწილი", სადაც ყვავის პარტია შეასრულა. ამ მიუზიკლში ეს არია არ არსებობდა და ალექსანდრე ბასილაიამ სპეციალურად გოჩასთვის შექმნა ყვავის არია. გოჩა ლორიას მიერ შესრულებული ყვავის არია ბომბის აფეთქებასავით იყო. ძალიან პოპულარული გახდა, ყველამ აიტაცა. ეს ისტორიაა.

გოჩა ლორია

იმდენად ბუნებრივი ტემბრი და ხმა ჰქონდა, რომ უცხოეთში, სადაც კი ჩავსულვართ და კონცერტი ჩაგვიტარებია, ყველას ეგონა, რომ ლორია წარმატებული ინგლისელი ვოკალისტი იყო. არავის ბაძავდა, აქეთ იყო მისაბაძი.

მქონდა პატივი ვაჟა აზარაშვილის სიმღერაზე გამეკეთებინა არანჟირება, რომელსაც გოჩა ასრულებდა. სიმღერა საქართველოზეა. ამ სიმღერასაც კარგი რეზონანსში მოჰყვა "75"-ში.

75

ერთხელ, ოზურგეთში, სასტუმროში მომაწოდა ფურცელი, ნახე, ლექსი დავწერე და თუ მოგეწონებაო. მერე მე ეს ლექსი სიმღერად ვაქციე და ის გახლავთ - "მე რომ მენატრება, მას თუ ვენატრები"... დიახ, ეს სიმღერა ჩვენი ერთობლივი ნამუშევარია. ყველგან, სადაც მე მას ვასრულებ, ხმამაღლა ვამბობ, რომ გოჩა ლორიას ტექსტი აქვს. როგორი სიტყვები აქვს ამ სიმღერას...

სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეშიც უძლურები ვართ ამ საშინელი დაავადების წინაშე. იავადმყოფა, ამიტომ ვეღარ იყო აქტიური. თუმცა სახასიათო სიმღერა "ჩურჩულები" მაინც დაგვიტოვა. ხალხმა ეს სიმღერაც ძალიან შეიყვარა.

გოჩა ცოტათი უკარება ჩანდა, მაგრამ აბსოლუტრად, კარდინალურად სხვა ადამიანი იყო. სხარტი ენა ჰქონდა... მაგარი ადამიანი იყო. მე ბედნიერი ვარ, რომ მას ვიცნობდი, მასთან ერთად სცენაზე ვმდგარვარ. მე მას წარსულში ვერ გავიხსენებ, მიჭირს.

ბოლო გზაზე ბევრმა ხალხმა გააცილა და ყველას თვალებში დიდი სევდა იყო.

რომა რცხილაძე

გოჩა ლორიას "ზმნასთან" 84 წლის ვახტანგ ტატიშვილი იხსენებს.

ვახტანგ ტატიშვილი: მიუზიკლების კეთება რომ დავიწყეთ, ბევრი მომღერალი გვჭირდებოდა და მათ ვიწვევდით. როდესაც 1984 წელს "ჩხიკვთა ქორწილი" დავდგით, გოჩა ლორია მოვიწვიეთ და მან ყვავის როლი შეასრულა. იდეაში, უარყოფითი როლი განასახიერა, მაგრამ სინამდვილეში, გოჩა ლორიას შესრულებულმა ყვავის არიამ, მაყურებელს ყვავი შეაყვარა.

გოჩა ლორიაგოჩა ლორია

შემდეგ ჩვენ, როდესაც ამ მიუზიკლს სხვადასხვა დროს ვიმეორებდით, ყვავის არიის შესასრულებლად, სხვადასხვა შემსრულებელს ვიწვევდით. მაგრამ გოჩას დონის ყვავი არც ერთი არ იყო. ძალიან კარგები იყვნენ სხვები, მაგრამ გოჩა ლორიას ყვავი იყო შეუდარებელი. ის ამ სიმღერით ახსოვს მაყურებელს, რადგან მიუზიკლი გადაღებულია და მას ტელევიზიით აჩვენებდნენ.

სხვათა შორის, მას არ მოსწონდა თავისი როლი. ეტყობოდა, რომ ყვავის პარტიით არ იყო მთლად მოხიბლული. მაგრამ როგორ ასრულებდა? ძალიან კარგი მომღერალი იყო.

ცოტა ჩაკეტილი ბუნების კაცი იყო. მე მგონი, ეს იყო "ვია 75"-დან მისი წამოსვლის მიზეზი. მშვენიერი ანსამბლი იყო. რობერტ ბარძიმაშვილი, საქართველოში, ანსამბლების შექმნასა და ახალგაზრდა თაობების აღმოჩენაში, რევოლუციონერი იყო. ის რომ არ ყოფილიყო, ამდენი კონკურსები და ანსამლები, იმ წლებში, არ იარსებებდა. ჩვენი ფილარმონია საბჭოთა კავშირში იყო პირველი, ამ პატარა ქვეყანას 27 მუსიკალური კოლექტივი ჰყავდა. "ორერას" დაშლის შემდეგ, მან ანსამბლი "75" გააკეთა და ნიჭიერი ახლაგაზრდა მომღერლები და მუსიკოსები შემოიკრიბა - გოჩა ლორია, რომა რცხილაძე, მერაბ სეფაშვილი, ნუგზარ ერგემლიძე, ბესო კალანდაძე, უჩა კორძაია, აჩიკო სიმონიშვილი...

გოჩა ლორია

გოჩას იუბილეებზე, ბანკეტებზე, როცა ვეპატიჟებოდით, არ მოდიოდა. ეს არ ნიშნავდა, რომ გაბრაზებული იყო, უბრალოდ ასეთი ხასიათი ჰქონდა. ხშირად არ ვხვდებოდით.

ბუთხუზ ბასილაია რომ გარდაიცვალა და ჩვენ საღამო გავაკეთეთ, ვერ მოვიყვანეთ გოჩა, არადა, გვინდოდა როგორც ვეტერანს, ამ საღამოში მონაწილეობა მასაც მიეღო.

ვეხმიანებოდი, ვურეკავდი. მითხრა, რომ გულზე გაიკეთა შუნტირება. ბოლოს სიმსივნით დაავადდა. და ახლა, ბოლო რამდენიმე კვირაში სწრაფად პროგრესირდა, ფილტვებზე გადაუვიდა და... 77 წლის იყო.

გოჩა ლორია

რაღაცნაირად ჩაკეტილად ცხოვრობდა, არ ჩანდა, არ აქტიურობდა. შეიძლება ნაწყენიც იყო, რომ მის მიმართ ნაკლებ ყურადღებას იჩენდა საზოგადოება თუ კულტურის სფეროს მესვეურები.

მუხათგვერდის სასაფლაოზე დაიკრძალა. გაცილება არ იყო ცუდი, ბევრი ხალხი მოვიდა. ვეტერანი ფეხბურთელები მოვიდნენ, კინოსტუდიასთან ცხოვრობდა და მსახიობებიც იყვნენ. მოვიდნენ და გააცილეს, პატივი სცეს. თუმცა მე რომ მკითხოთ, გოჩა ლორია მეტი ყურადღების ღირსი იყო...

ვახტანგ ტატიშვილი

ავტორი: თამარ გონგაძე

04/15/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024