Logo

საზოგადოება

"გოგო, როგორი თვალებით გიყურებდი, ვერ ხედავდი?" - გურამ ოთხოზორიას სიყვარულის ისტორია

"გოგო, როგორი თვალებით გიყურებდი, ვერ ხედავდი?" - გურამ ოთხოზორიას  სიყვარულის ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მამა გურამ ოთხოზორიას ეკლესიასა და ღმერთზე საუბარს საზოგადოება მუდამ განსაკუთრებული ინტერესით უსმენს. მისი ყოველი სიტყვა ადამიანების გულებამდე აღწევს... თუმცა ამჯერად, გადაცემა „პირველ სტუდიაში“ სტუმრობისას, მან მსმენელს საოცრად გულწრფელი და განსხვავებული პირადი ისტორია გაუზიარა. ისტორია პირველ სიყვარულზე, რომელმაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
ვინ იყო გოგონა, რომელსაც მომავალი მოძღვარი უნივერსიტეტის დერეფნებში ლანდივით დაჰყვებოდა, რატომ ჩათვალა მან საკუთარი თავი მიუწვდომელ სამყაროში შეჭრილ „გლეხის ბიჭად“ და როგორ დამთავრდა ეს ისტორია ფსიქიატრიულ კლინიკაში?
გთავაზობთ მამა გურამის პირად აღსარებას, რომელიც საოცრად დრამატული და საინტერესოა.

„რადგან იმ ქალბატონმაც იცის ეს და ერთადაც გვისაუბრია, დასამალი არაფერია. მალე ჩემი ლექსების კრებულიც გამოვა და იქიდანაც გამოჩნდება, ვინ იყო ის გოგო. ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც საინტერესო იქნება, ამიტომ გავაჟღერებ მის სახელს - ეს იყო ტიციან ტაბიძის შვილიშვილი, ნინო.

ტიციანს ერთი ქალიშვილი ჰყავდა, ნიტა, რომელმაც შვილს ბებიის, ნინო მაყაშვილის სახელი დაარქვა.

მე ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ტიციანზე, ჩემი კერპი იყო. ნინო მისი შვილიშვილი რომ გახლდათ, თავიდან არ ვიცოდი. პირველად რომ ვნახე, მეათე კლასში იყო და მისი დანახვისას ნამდვილი შოკი მივიღე. მერე უნივერსიტეტში ჩაირიცხა და იქაც ვხედავდი.

როცა გავიგე, ტიციანის შვილიშვილი ყოფილა, წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა... მე უბრალო გლეხის ბიჭი ვიყავი, სად შევდგი ფეხი? ეს სამყარო ჩემთვის სრულიად მიუწვდომელი ჩანდა. მაგრამ მე ყოველთვის მიყვარდა მიუწვდომელი სამყაროები...
თავიდან ეს გოგო ისეთი შორეული იყო, ახლოს მისვლას ვერ ვბედავდი, მხოლოდ შორიდან ვუყურებდი, არადა მასზე ყველაფერი ვიცოდი... გოგებაშვილის ქუჩაზე, მწერალთა სახლში ცხოვრობდა. ყოველდღე ვგეგმავდი მასთან გასაუბრებას, მაგრამ ვერაფერს ვეუბნებოდი, გამბედაობა არ მყოფნიდა.

ნინომ შეამჩნია, რომ სადაც კი მიდიოდა, ყველგან მე ვხვდებოდი. ჰოდა, სამი ბიჭი გამომიგზავნა - ვიღაც ყაჩაღი დამდევს და მომაშორეთო. მერე ვუთხარი: გოგო, როგორი თვალებით გიყურებდი, ვერ ხედავდი? რა ყაჩაღი-მეთქი...
მეორე დღეს ნინო თავად დამხვდა უნივერსიტეტთან. მომიახლოვდა, გამომელაპარაკა და სახლში დამპატიჟა - დედიკომ თქვა, ჩვენთან მოვიდესო.

თუმცა, ამ ამბავს მოულოდნელი დასასრული ჰქონდა. ერთ დღეს მითხრა: „გურამ, მე ის არ ვარ, ვინც შენ გიყვარს. შენ სულ სხვა ვიღაც გიყვარს, მე ვერ მოგცემ მაგ სიყვარულს, ასე ვერც შენ იქნები ბედნიერი და ვერც მეო“. მიხვდა, რომ მე ქალში დიდ, აბსოლუტურ სიყვარულს ვეძებდი და ეს გრძნობა მასში მოვაქციე. მე ეს ყველაფერი გაცილებით გვიან გავაცნობიერე, როცა ქრისტე ვირწმუნე.

მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ეს არ იყო ნორმალური სიყვარული და ნორმალური დამოკიდებულება. როცა მის სახლში მივდიოდი და მასთან ახლოს აღმოვჩნდებოდი, უცნაური განხიბვლა მემართებოდა და იქიდან გავრბოდი. არანორმალური იყო ეს განცდა, მანაც შეამჩნია და შეეშინდა.

ეს სიყვარული ტრაგიკულად დამთავრდა და არ მეშინია ამის თქმა... ამ ყველაფრის შემდეგ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოვხვდი, ავლიპ ზურაბიშვილთან. და ის ორი თვე მიკვლევდა მე, როგორც სიყვარულისა და ღმერთისგან გაგიჟებულს," - იხსენებს მამა გურამი.

ნინო ანდრიაძე  გურამ ოთხოზორია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

06/21/2026

მამა გურამინინო ანდრიაძესიყვარულიტიციან ტაბიძე
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024