ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დათო დარჩია 57 წლის გახდა. რუსთაველის ეროვნული თეატრი ახლა ინდოეთშია, თამაშობენ სპექტაკლს - "მარია კალასი. გაკვეთილი".
იუბილარმა მსახიობმა სპექტაკლი, საკუთარ დაბადების დღეზე, ინდოელი მაყურებლისთვის ითამაშა.

ამ დღეს პირველად შეხვდა ოჯახიდან შორს. 13 დეკემბერს მეორედ ითამაშებენ და სამშობლოში დაბრუნდებიან.
"ზმნას" მამაზე მსახიობის ქალიშვილი - ელენე დარჩია ესაუბრება.
ელენე დარჩია: უმაგრესი სპექტაკლია. უნდა ნახოთ. მაფანატებს. ისე თამაშობენ, დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ.

- მოდი, იუბილარი მამა დაახასიათე...
- ძალიან თბილი და საოცრად მეგობრული მამაა. მადლიერი ვარ, რომ დათო დარჩი მამაჩემია. წარმოიდგინეთ, სულ ჩემთან და ჩემს ძმასთნ ერთად ერთად უყურებდა მულტფილმებს, სულ ერთად ვიყავით, ყველგან.

მამასთან ერთად იმდენად კომფორტულად ვგრძნობ თავს, რომ მე მასთან საიდუმლო არ მაქვს. ყველაფერი იცის ჩემზე.
საერთოდ, ოჯახის წევრებთან ასე ვარ, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, გახსნილები ვართ.
მამაც ინახავს ჩემს საიდუმლოს. გოგოებს მამების რომ ერიდებათ და რაღაცებს უმალავენ, მე დათოსთან ეს მომენტი არ მქონია.

ზუსტად იცოდა, რომელ ასაკში რა მჭირდებოდა. დიდი მეგობარია. საყვარელი და კარგი მამაა. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი მამა შემხვდა.
როგორ გავხარ მამას ან დედასო, რომ მეუბნებიან, მსიამოვნებს. მე ის უფრო მწყინს, თუ მათთან მსგავსებას ვერ პოულობენ. ორივე ისე მომწონს ვიზულურად, რომ აი, ძალიან. მათთან მიმსგავსება ჩემთვის კომპლიმენტია.

- მამას ფიზიკურად რომ ძალიან ჰგავხარ არ იკმარე და მისი პროფესია აირჩიე, არა?
- მე ბალერინობას ვაპირებდი. მაგრამ თეატრალურში ჩაბარება ბოლო მომენტში გადავწყვიტე. მამას გაუხარდა-მეთქი რომ ვთქვა, მოგატყუებთ. არ ესიამოვნა. ბაბუას, გურამ ფირცხალავას რჩევა იყო ასეთი და დღემდე მახსოვს, ბალეტს გაჰყევი, მსახიობობა არ გინდაო. მსახიობ მშობლებს არ სურთ შვილის მსახიობობა...

როცა რთული პერიოდია ჩემს საქმიანობაში, მამა მაფრთხილებს, კიდევ უფრო დიდი სირთულე იქნება და კიდევ მოგიწევს ამ რთული გზის გავლა და კარგად დაფიქრდი, გვიანი არასდროს არაფერი არ არისო. ანუ პროფესიის შეცვლას გულისხმობს. მაგრამ ეს ის პროფესიაა, რომელიც მე მიყვარს.
25 წლის ვარ და ორი თეატრის დასში ვარ - გორის ერისთავის სახელობის თეატრში და დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში.

- მსახიობი რომ მსახიობი შვილის თამაშს უყურებს, ეს კიდევ სულ სხვა მომენტია. რჩევები, დარიგებები - ამით გამოირჩევა დათო?
- გეტყვით. პრემიერაზე ოჯახის წევრები რომ მესწრებიან, მე ძალიან ვნერვიულობ. არანაკლებ ღელავენ თვითონაც. კოლეგებს უთქვამთ, დათო მოვიდა, ნერვიულობს, წინ და უკან დადის, ვერ ისვენებსო. დათო ჩემს პრემიერაზე უფრო ნერვიულობს, ვიდრე საკუთარ პრემიერაზე.

უკვე ერთადაც ვითამაშეთ. რუსთაველის და გორის თეატრების ერთობლივი დადგმა იყო, ნიკოლოზ სანი შველიძემ დადგა "მთებმა დახუჭეს თვალები", ვაჟა-ფშაველას სიცოცხლის ბოლო პერიოდს ასახავს. დათო ვაჟას ასახიერებს, მე მის ქალიშვილს - გულქანს. ერთად თამაში რთული გამოვიდა ორივესთვის, რადგან ერთანეთზე უფროს ვფიქრობდით, ვიდრე საკუთარ თავზე.

მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღე. სამაგიდო რეპეტიციაზე, დათოს ისეთი გარდასახვა ჰქონდა, ისეთი მაგარი იყო, რომ მას შემდეგ ვოცნებობ, რომ მსახიობის ოსტატობის კუთხით, მაგ დონემდე ავიდე. იმედი მაქვს, მეც მივაღწევ ისეთ დონეს.

- პროფესიულად გაგხსნა, როგორც უფროსმა კოლეგამ.
- დიახ. ეგ მომენტი იყო და ძალიან შთამბეჭდავი აღსაქმელი. საინტერესო იყო და იმაზე რთული, ვიდრე მანამდე წარმოვიდგენდი. თვითონაც უხერხულად გრძნობდა თავს. რომ არ დავიძაბო და არ ჩავიკეტო, ცდილობს, რჩევები და შენიშვნები რეპეტიებზე არ მითხრას. სახლში კი მეუბნება, სად შევანელო, სად რა აქცენტი გავაკეთო. მიშვებს, ურჩევნია ჩემით მივაღწიო და გაგიავრო გზა, ვიდრე მზა რეცეპტით.
- ტელეწმყვანის ამპლუაც მოირგო. მოგწონს?
- მომწონს, მოუხდა და მინდა გითხრათ, ძალიან ნერვიულობს. ზოგადად, დიდი პასუხისმგბელობის მქონე ადამიანია. რომ ნახოთ, წინა დღეს, როგორ მეცადინეობს ტექსტზე... როგორ ირგებს. როცა ამას ვუყურებ, მეც დიდ მოტივაციას მაძლევს.

- ქუჩაში რომ ცნობენ, ერთად რომ ხართ, რა განცდა მოდის?
- მამას ხასიათით დავემსგავსე; როცა ქუჩაში ერთად ვართ და მამას ცნობენ, უხერხულობას ვგრძნობთ ორივე, უცნაურ ემოციაში ვვარდებით. გვიან გავიზარე, რომ ცნობილი მსახიობია. ჩემთვის მაინც მამაა... როცა ქუჩაში ყურადღებას აქცევენ და მთხოვენ გადავუღო დათოსთან ფოტო, მეც თავმდაბლურად ვასრულებ თხოვნას. სასიამოვნო ფაქტია, თუმცა გვერიდება.
- მამები გოგონებზე ღელავენ, "ვინმემ, რამე არ უთხრას" - რა ხდება ამ კუთხით?
- მამა უკვე ხუთი წელია იცნობს ჩემს შეყვარებულს. კახი გაზდელიანი ჩემი ჯგუფელია. ის კარგად მიიღეს ჩემს ოჯახში. მამა და კახი მეგობრობენ. კვარიათში რომ ვისვენებდი, მამა რომ მირეკავდა, პირველი კახის კითხულობდა. ზუსტად ისე მიიღო, როგორც ყველა მამამ უნდა მიიღოს. კახიც იმ სპექტაკლში თამაშობს, სადაც მე და მამა.
- შეიცვალა "ასაკში"?
- არ იცვლება, სულ ისეთია, როგორიც იყო. ვერ ვგრძნობ. მე შევიცვალე და ჩემი ასაკით უფრო და უფრო ვუახლოვდები, რაც ემოციურად, კიდევ უფრო სიღრმისეულად მაახლოებს მასთან.

12/10/2025