საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. სტუდენტობის მსურველები ეტაპობრივად ეცნობიან ქულებს, რომლებიც სხვადასხვა საგნებში დააგროვეს.
ამაყი მშობლები კი შვილების შედეგებს, გულშემატკივრებს სოციალური ქსელების საშუალებით უზიარებენ.
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე, რომელიც თავადაც რეპეტიტორია და ახალგაზრდა თაობას უმაღლესი განათლების მისაღები გამოცდებისთვის ამზადებს, დღეს სოციალურ ქსელში საკუთარი ძმისშვილის, რუსუდან კუპატაძის შედეგებს აზიარებს და ამბობს, რომ სურს საზოგადოებას შეახსენოს, როგორი ჯიშისა და გენეტიკის ადამიანი მოუკლეს ქვეყანას.
"მართალია, ჩვენს ოჯახს აღარ აქვს სიხარულის უფლება და აღარც არაფერი გვახარებს, მაგრამ უნდა დავდო ჩემი ძმის — კოტეს შვილის, რუსუდან კუპატაძის — ეროვნული გამოცდების შედეგები. ქართული ენა და ლიტერატურა — 60/60 მათემატიკა — 51/51 მართლა უნდა გაიგოს საქართველომ, რა გენი ჩაკლეს იმნაძეებმა და მალანიებმა. P.S. ვერ დაველოდები ინგლისურის შედეგებს — ინგლისურში ფრინავს, მენდეთ," - წერს ეკა კუპატაძე და აღნიშნავს, რომ რუსუდანმა ამ უმაღლესი შედეგების მიღწევა, უდიდესი სტრესის ფონზე, საყვარელი მამიდაშვილის მკვლელობის მიუხედავად მოახერხა.
"უდიდესი სტრესის ფონზე დადებული შედეგია ეს. კოტე ხმამაღლა ტირის სახლში ყოველ დილა-საღამოს... დღის განმავლობაში კი სხვის შვილებს ეფოფინება... ჩვენ მოგვკლეს, მაგრამ დავბრუნდებით!" - წერს ეკა კუპატაძე.
zmna.ge ულოცავს რუსუდან კუპატაძეს უმაღლესი ქულების მოპოვებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ხოლო ეკა კუპატძის ოჯახს გამძლეობას და გამოძიების სამართლიან დასასრულს უსურვებს.
07/29/2026