ეს გემრიელია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
არაფერი ისე არ უხდება შემოდგომის თბილ საღამოებს, როგორც გოგრის წვნიანი.
წვნიანის მომზადების იმდენი ხერხი არსებობს, რამდენი დიასახლისიც გადაწყვეტს მის მომზადებას. თუმცა ამჯერად გამოცდილ მზარეულს, ვახო კანდელაკს ვთხოვეთ zmna.ge-ს მკითხველისათვის თავისი უგემრიელესი გოგრის კრემ-სუპის რეცეპტი გაემხილა.

ვახო კანდელაკი:
„გოგრის მარცვლები მოვხალოთ ზომიერად. იმისათვის, რომ არ დაგვეწვას და სიმწარე არ შეეპაროს, სასურველია მარცვლები მარილთან ერთად მოიხალოს. მარილი ინარჩუნებს ტემპერატურას და პარალელურად გოგრის მარცვალს სასიამოვნო გემოს აძლევს.
შემდეგ ეტაპზე მოვამზადოთ კერძის კონცენტრირებული ბაზა - ტაფაზე უცხიმოდ შევწვათ (შეიძლება ითქვას პირდაპირი მიშვნელობით დავწვათ) ბოსტნეული - პირველ რიგში თხლად დაჭრილი სტაფილო, შემდეგ ხახვი, რამდენიმე კბილი ნიორი და შავი პილპილის მარცვლები.

ბოსტნეულის ეს ბაზა გოგრის მოტკბო გემოს ძალიან საინტერესოს და განსხვავებულს ხდის.
დაჭრილი გოგრის გული, შეგიძლიათ ღუმელში მობრაწოთ და შეგიძლიათ ტაფაზე, როგორც დანარჩენი ბოსტნეული.

მერე ტაფაზე გოგრას და დანარჩენ ბოსტნეულს დაუმატეთ ოხრახუშის ძირები, სითხის გამოსაყვანად ცოტა მარილი, ზეითუნის ზეთი და 200 გრამი წყალი.
მიღებული მასა დააბლენდერეთ და დაამატეთ ნაღები.

გამზადებულ კრემ-სუპს მოაყარეთ მოხალული გოგრის მარცვლები და მიირთვით ღუმელში გახუხულ ბაგეტთან ერთად, რომელსაც ძალიან უხდება მოხეხილი პარმეზანი.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა - თუ გინდათ შედეგი მიიღოთ, აუცილებელია გააკეთოთ გულით. არ არსებობს გემრიელი ხელი, არსებობს გემრიელი გული."
11/12/2025