ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
COVID-19-ის პანდემიის პირველ წლებში სპეციალისტები სერიოზულად შიშობდნენ, რომ სკოლების დახურვა, იზოლაცია, სოციალური კონტაქტების შემცირება და ოჯახებში გაზრდილი სტრესი ბავშვების განვითარებაზე ხანგრძლივი კვალს დატოვებდა.
საუბარი იყო ე.წ. „დაკარგულ თაობაზეც“ - ბავშვებზე, რომლებსაც სწავლაში, ემოციურ განვითარებასა და სოციალურ ურთიერთობებში ჩამორჩენა წლების განმავლობაში გაჰყვებოდათ.

თუმცა ახალი მონაცემები ამ სურათს მნიშვნელოვნად არბილებს.
ჟურნალ Child Development-ის სპეციალურ გამოცემაში თავმოყრილი 17 გრძელვადიანი კვლევა აჩვენებს, რომ პანდემიამ ბავშვებზე ნამდვილად იმოქმედა, თუმცა შედეგები უმეტეს შემთხვევაში არც ისეთი მძიმე და არც ისეთი ხანგრძლივი აღმოჩნდა, როგორც თავდაპირველად ვარაუდობდნენ.
კვლევები სხვადასხვა ქვეყნის ბავშვებს, პანდემიამდელი პერიოდიდან რამდენიმე წლის განმავლობაში აკვირდებოდა, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევდა, დროებითი ცვლილებები უფრო მდგრადი შედეგებისგან გაერჩიათ.

პანდემიის პერიოდში ბავშვების ნაწილს აკადემიური შედეგები გაუუარესდა, შეექმნა ქცევითი ან ემოციური სირთულეები, ზოგ შემთხვევაში კი გაიზარდა დეპრესიული სიმპტომებიც. მაგრამ გრძელვადიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ბევრი ასეთი ცვლილება თანდათან შემცირდა.
ზოგიერთ კვლევაში ადრეულ ეტაპზე დაფიქსირებული სწავლის დანაკარგი რამდენიმე წლის შემდეგ მნიშვნელოვნად აღდგა. მეორეკლასელი ბავშვების ნაწილში კითხვის უნარებზე ხანგრძლივი უარყოფითი ეფექტი თითქმის გაქრა, მოზარდებში კი პანდემიის დროს გაზრდილი დეპრესიული სიმპტომები გარკვეული დროის შემდეგ შემცირდა.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა გამოსწორდა. გარკვეულ ჯგუფებში კვლავ გამოვლინდა მათემატიკაში ჩამორჩენა, ენობრივი განვითარების სირთულეები და აღმასრულებელი ფუნქციების - ყურადღების, დაგეგმვისა და თვითკონტროლის პრობლემები.
თუმცა საერთო სურათი გაცილებით ნაკლებად დრამატულია, ვიდრე პანდემიის პირველ წლებში ჩანდა.
პანდემიას ყველა ბავშვზე ერთნაირად არ უმოქმედია. კვლევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა ისიცაა, რომ პანდემიის შედეგი დიდად იყო დამოკიდებული იმ გარემოზე, რომელშიც ბავშვი ცხოვრობდა. უფრო მძიმე შედეგები ხშირად ჰქონდათ ბავშვებს, რომელთა ოჯახებშიც პანდემიამდეც არსებობდა ფინანსური სირთულეები, მშობლების ძლიერი სტრესი ან საჭირო სერვისებზე შეზღუდული წვდომა.

ამის საპირისპიროდ, ოჯახის მხარდაჭერა, სტაბილური დღის რეჟიმი, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და უსაფრთხო სოციალური გარემო ერთგვარ დამცავ ფაქტორად იქცა.
მკვლევრების შეფასებით, პანდემიამ ახალი პრობლემები კი არ შექმნა, არამედ უკვე არსებული უთანასწორობა და სირთულეები უფრო მკვეთრად გამოავლინა.
იმის მიზეზად, რომ მეცნიერები პანდემიის შედეგების ხანგრძლივ ეფექტს ელოდებოდნენ, კვლევის ავტორები ადრეული კვლევების მეთოდს ასახელებენ.
ბევრი კვლევა, ბავშვების მდგომარეობას უშუალოდ ლოქდაუნისა და მკაცრი შეზღუდვების პერიოდში აფასებდა და ვერ აჩვენებდა, რა მოხდა რამდენიმე წლის შემდეგ.
ახალი კვლევების უპირატესობა ისაა, რომ ისინი იმავე ბავშვებს ხანგრძლივად აკვირდებოდნენ. სწორედ ასეთმა დაკვირვებამ გამოავლინა არა მხოლოდ გაუარესება, არამედ აღდგენისა და ადაპტაციის პროცესიც.
ამიტომ მეცნიერები დღეს ამბობენ, რომ COVID-19 ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი და რთული გამოცდილება იყო, მაგრამ არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მან მთელი თაობის განვითარება ერთნაირად და შეუქცევადად შეცვალა.
პანდემიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ოჯახი, სკოლა და მხარდამჭერი სოციალური გარემო. სწორედ ამ ფაქტორებმა დიდწილად განსაზღვრა, რამდენად სწრაფად შეძლო მან კრიზისული პერიოდის შემდეგ ჩვეულ განვითარების გზაზე დაბრუნება.
09/02/2026