Logo

ინტერვიუ

"გრძელი ცხვირი აქვს, პუტკუნაა" - ჩემზე არ მოქმედებს" - ციაკო ფიფია

"გრძელი ცხვირი აქვს, პუტკუნაა" - ჩემზე არ მოქმედებს" - ციაკო ფიფია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხშირია შემთხვევა, როდესაც მაყურებელს სერიალში თუ იუმორისტულ სკეტჩში გათამაშებული როლი, მსახიობის რეალურ ცხოვრებაში ერევა და შემსრულებელზე მცდარი წარმოდგენა ექმნებათ. სწორედ ამის "მსხვერპლი" გახდა ციაკო ფიფია და იუმორისტულ სკეტჩში ნათამაშები როლის გამო - დაწყევლეს. იუმორისტს ამაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა. მან "ზმნასთან"გაიხსენა ქალი, რომელმაც რძლის როლისთვის, ფეისბუქზე დაწყევლა :))

- ციაკო, თეატრალური გაქვთ დამთავრებული?

- არა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ლეიტენანტმა ბაბუამ, შეიძლება ითქვას, თეატრალურზე უარი მათქმევინა. ახალაიას შვილიშვილმა სოხუმის უნივერსიტეტი უნდა დაამთავროსო, თქვა და ასეც მოხდა. მერე მხიარულთა და საზრიანთა კლუბში ვითამაშე, სადაც ჟურიში ვანო ჯახავახიშვილი იყო და "შაბათის შოუში" მან წამომიყვანა.

- უკვე რახანია ამ გუნდის წევრი ხართ. თქვენი მთვრალი გოგონას პერსონაჟი პოპულარულია. მას რეალური პროტოტიპი ჰყავს?

- სამეგობრო რესტორანში ვიყავით, გვერდითა მაგიდიდან მოვიდა მთვრალი გოგონა და სიყვარულის ახსნა დაიწყო: ძაან მიყვარხარ. გაშტერებები ჰქონდა, მერე აგრძელებდა ლაპარაკს. მერე ისევ გაითიშებოდა. დეტალები მისგან ავიღე - გახედვები, მანერები. სულ თვალებში ვუყურებდი, როგორია ნასვამი გოგოო. ამ პერსონაჟის გადაღებას რომ ვიწყებთ, იმდენად ვიჯერებ, რომ ნასვამი ვარ, თავბრუ მეხვევა. რეალურად ვთვრები.

ციაკო ფიფია

- რძლის როლს უსიამოვნო "ინციდენტი" მოჰყვა, ვიცი.

- რასაც ვაკეთებ მინდა ხალხს მოეწონოს და დადებითი შეფასება მოჰყვეს. ჩემზე არ მოქმედებს კომენტარი, როცა ვიზუალს ეხებიან, მაგალითად, გრძელი ცხვირი აქვს, პუტკუნაა. თვითონაც კარგად ვიცი, როგორი ვარ. არც ის მოქმედებს, რაღაც როლი არ მოუხდაო, რომ წერენ. აბსოლუტურად მისაღებია, ყველას ყველაფერში ვერ მოვეწონები, მაგრამ როცა პირად შეურაცხყოფაზე გადმოდიან, ან იწყევლებიან, ამაზე უკვე რეაქცია მაქვს.

წყევლა ყველაზე ცუდი რამაა, ასე მგონია. სკეტჩის პერსონაჟის გამო მიმაწყევლეს - დედამთილისხელა ქვა დაგადე გულზეო. ამას წერს ისე, რომ არ იცის ჩემი ცხოვრება და ერთი უწყინარი სკეტჩის გამო ასე დამწყევლა. ჯერ ვიფიქრე, ბოტია, ამაში ფული აქვს აღებული-მეთქი. რომ გადავედი მის გვერდზე და ვნახე, რომ ასაკოვანი ქალბატონი იყო, რომელსაც შვილიშვილებთან აქვს ფოტო გადაღებული, მივწერე: ნორმალური ხართ, სკეტჩის გამო მწევლით-მეთქი? და პასუხი? ასე ცუდად რატომ მწერ, რა გავაკეთე ისეთიო?

ციაკო ფიფია

- ციაკო, თათიას და თამუნას მსგავსად, სახე თქვენც ჩამოგტირით სახლში?

- ვერ ვიტყვი, რომ ჩამომტირის, რადგან სახლში იშვიათად ვარ. ისეთ დროს მივდივარ, წყალი უნდა გადაივლო, დაწვე და დაიძინო. დიდ დროს ოჯახში ვერ ვატარებ. უთქვამთ, სხვანაირი მეგონეო. ჩემგან სულ ელოდებიან, რომ ლექსი უნდა ვთქვა. მოსწონთ ჩემი ის მთვრალი გოგოს პერსონაჟი და ელოდებიან, რომ არიქა, ავდგები და ლექსს ვიტყვი.

- ამ დროს არ ხარ ხუმრობის განწყობაზე, მაგრამ გადაღების დროს ეს, ვის აინტერესებს?

- დიახ, ასეა. შეიძლება არ გეცინება, მაგრამ პრობლემა კარს უკან უნდა დატოვო. სკეტჩში უნდა ითამაშო სიცხიანმაც, ავადმყოფმაც. ჩვენთვის არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეგვიძლია გადაღების გაცდენა. ცუდ და შეუსაბამო ხასიათზე - არც ვსაუბრობ...

- ქუჩაში მოუწესრიგებელი გასულხართ?

- დიახ, ამაზე დისკომფორტი არ მაქვს. გავდივარ უცებ, სახელდახელოდ აწეული თმით. ხალხს აინტერსებს, როგორი ხარ ბუნებრივი და არა, გაპრანჭული. მეც ბუნებრივი გავდივარ და ეს მომწონს.

ციაკო ფიფია

ავტორი: ლილიანა ფალიანი

07/10/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024