კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნანი ბრეგვაძე 90 წლის გახდა. ლეგენდარულია, უბერებელია, ყოველთვის თანამედროვეა. დროს ფეხს უწყობს. ვერ იტყვი, რომ ჩარჩოებს არღვევს, თუმცა ვერც იმას იტყვი, რომ ჩაკეტილია. ოქროს შუალედს იცავს ყველაფერში. წინ იყურება, ვითარდება, თუმცა კლასიკური და დახვეწილია. არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა გაუფრთხილდე სახელს, განვლილ გზას, ნაშენებ რეპუტაციას...
ეს ერთ-ერთი პატარა ინტერვიუა იმ რამდენიმე ინტერვიუთაგან, რომელიც მას ჩემთვის მოუცია. აქ მისი ხასიათის ძირითადი შტრიხები კარგად ჩანს...
ნანი ბრეგვაძე: ყველას აინტერესებს შენი პირადი ცხოვრება, რას აკეთებ... ამაზე კი არასდროს ვილაპარაკებ. რატომ უნდა ვილაპარაკო, ხომ არ იცით? ცოცხალი ადამიანი ვარ, სიყვარულიც მქონია. მაგრამ ცუდი ნაბიჯი არ გადამიდგამს. ასე მგონია, რომ გული არავისთვის მიტკენია. როგორ შეიძლება? ეგ კი არა, მახსოვს, ერთი ბიჭი მომწონდა, ამაზე არ ვლაპარაკობდი. ჩემ უახლოეს მეგობარს ის ბიჭი უყვარდა. ვიფიქრე, ამას უყვარს და როგორ შეიძლება მეც მომწონდეს-მეთქი? და ის ბიჭი გულიდან ამოვიღე.
- მოვლენები როგორ განვითარდა?
- შემდეგ ისინიც სხვადასხვა გზით წავიდნენ, მაგრამ მე მეგობრის გამო ჩემი სიმპათია დავთმე. ტვინი მუშაობდა, თავს ვერეოდი. შეიძლება იმ დროს რთული იყო, მაგრამ როცა თავთან მართალი ხარ, მერე მშვიდად ხარ. სიკეთეს რომ აკეთებ, სიკეთით გიბრუნდება. თან ამ ქვეყანაში არაფერი იმალება.
- ბევრი სახელს და პოპულარობას იყენებს და თავს არაფერს უკრძალავს...
- მერე რა, რომ მე ვმღერი? ამით მეპატიება რამე ცუდი საქციელი? არა. რამდენი ჭორი დადიოდა ჩემზე, ახალგაზრდა რომ ვიყავი და "ორერასთან" ერთად ვმღეროდი. ხან ბუბა, ხან რობერტ ბარძიმაშვილი "მომაწებეს". მაგრამ სიმართლე არ იკარგება. სიმართლეს დრო ადგენს. ის ყველაზე ძლიერია. დრო ყველაფერს თავის ადგილს უჩენს, კარგსაც და ცუდსაც.
- თქვენ დედა ხშირად მოგყავთ მაგალითათ, მორალურ მეტრად. რა ისწავლეთ მისგან?
- დედის დარიგება სულ მახსოვს, შენი ხმა ყველას დაავიწყდება, შენი საქციელი კი სულ ემახსოვრებათ, ამიტომ ეცადე შეცდომები არ დაუშვა, იყავი კეთილშობილი, ადამიანურიო. ეს სულ თავში მქონდა.
იცით, რამდენია ჩემზე უკეთესი და სიკეთის მკეთებელი ადამიანი? რახან მე სახე ვარ, ამიტომ ვჩანვარ. იცით, რამდენი დიდებული ადამიანია ჩემს გარშემო, რომ მათზე არავინ არაფერი იცის. მრცხვენია, რომ მე მაქებენ და ამ ადამიანებზე არაფერი იციან.
სიკეთეში გავიზარდე და არ გავფუჭებულვარ. ამას თამამად ვამბობ. სიბინძურეები არ შემხებია.
07/21/2026