Logo

გულის, თირკმლისა და დიაბეტის რისკის ნიშნები შესაძლოა უკვე 8 წლის ასაკში ჩანდეს - ახალი კვლევა

გულის, თირკმლისა და დიაბეტის  რისკის ნიშნები შესაძლოა უკვე 8 წლის ასაკში ჩანდეს - ახალი კვლევა

09/14/2026

ტექსტის ზომა

შესაძლებელია თუ არა ბავშვობაში გავიგოთ, მომავალში რა დაავადებების განვითარებისკენ არის ორგანიზმი მიდრეკილი?

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ გარკვეული ბიოლოგიური ნიშნები, რომლებიც ზრდასრულ ასაკში გულის დაავადებებს, თირკმლის პრობლემებსა და ტიპი 2 დიაბეტს უკავშირდება, სისხლში შესაძლოა უკვე 8 წლის ასაკიდან გამოჩნდეს.

კვლევა 2026 წლის 11 სექტემბერს სამეცნიერო ჟურნალ Nature Metabolism-ში გამოქვეყნდა.


მეცნიერებმა ბავშვებისა და მოზარდების სისხლში ცილების ათასობით მაჩვენებელი შეისწავლეს და აღმოაჩინეს გარკვეული „ცილოვანი ხელწერები“, ერთმანეთთან დაკავშირებული ცვლილებების ერთობლიობა, რომელიც ზრდასრულებში კარდიოვასკულურ, თირკმლისა და მეტაბოლურ დაავადებებთან ასოცირებულ ნიშნებს ჰგავდა.

კვლევის ავტორების შეფასებით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დაავადებები, რომლებსაც ხშირად ზრდასრულობის პრობლემებად მივიჩნევთ, შესაძლოა ბიოლოგიურ დონეზე ბევრად ადრე იწყებოდეს.

ბავშვი

კვლევაში 273 ბავშვი და მოზარდი მონაწილეობდა. მათი საშუალო ასაკი დაახლოებით 13 წელი იყო, თუმცა მონაწილეებს შორის იყვნენ 8 წლის ბავშვებიც.


მკვლევრებმა სისხლში 5 420 სხვადასხვა ცილა შეისწავლეს და ისინი ჯანმრთელობის 25 მაჩვენებელს დაუკავშირეს, მათ შორის სხეულის ცხიმის რაოდენობას, ღვიძლის მდგომარეობას, სისხლში შაქრის რეგულაციას, არტერიულ წნევას, ქოლესტერინსა და თირკმლის ფუნქციას.

აღმოჩნდა, რომ 1 000-ზე მეტი ცილა ამ ფაქტორებიდან სულ მცირე ერთთან მაინც იყო დაკავშირებული, ხოლო ზოგიერთ ცილას კავშირი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებასთან ჰქონდა.

მეცნიერებმა საბოლოოდ ექვსი ძირითადი ბიოლოგიური პროფილი გამოყვეს, რომლებიც ორგანიზმში, ცხიმის დაგროვებასა და ანთებით პროცესებს, ღვიძლში ცხიმის დაგროვებასა და ფიბროზთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ქოლესტერინის ცვლას, არტერიულ წნევას, თირკმლის ფუნქციასა და ინსულინრეზისტენტობას ასახავდა.

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ბავშვებში აღმოჩენილი მოლეკულური ნიშნები ძალიან ჰგავდა იმ ნიშნებს, რომლებიც ზრდასრულ ადამიანებში უკვე გულისა და მეტაბოლურ დაავადებებთან არის დაკავშირებული.

მკვლევრებმა ბავშვებში მიღებული მონაცემები ზრდასრულთა ორ დიდ ჯგუფთან შეადარეს. ანალიზმა აჩვენა, რომ ბავშვობაში გამოვლენილი გარკვეული ცილოვანი პროფილები, ზრდასრულებში დაკავშირებული იყო ტიპი 2 დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ღვიძლის გაცხიმოვნების და სხვა მეტაბოლური პრობლემების უფრო მაღალ რისკთან.

კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პროფესორ კარი ნორტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბავშვობა მხოლოდ ზრდასრულობისკენ მიმავალი პერიოდი არ არის და სწორედ ამ დროს შეიძლება უკვე მიმდინარეობდეს ის ბიოლოგიური პროცესები, რომლებიც ათწლეულების შემდეგ გულ-სისხლძარღვთა დაავადების სახით გამოვლინდება.

კარი ნორტი

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მიღებული შედეგ დაავადებების პრევენციის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.

გულის დაავადებას, ტიპი 2 დიაბეტსა თუ თირკმლის ქრონიკულ დაავადებას, როგორც წესი, მაშინ ვაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას, როდესაც უკვე ჩნდება მაღალი წნევა, სისხლში გლუკოზის ცვლილება, ქოლესტერინის დარღვევა ან სხვა აშკარა პრობლემები.

ახალი კვლევა კი აჩვენებს, რომ რისკი შეიძლება ორგანიზმში გაცილებით ადრე გამოჩნდეს. ეს არ ნიშნავს, რომ 8 წლის ბავშვს დღესვე შეგვიძლია ვუთხრათ, რომ მომავალში აუცილებლად დიაბეტი ან გულის დაავადება განუვითარდება. რისკი და დაავადება ერთი და იგივე არ არის. გენეტიკური მიდრეკილების გარდა, ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს კვება, ფიზიკური აქტივობა, სხეულის მასა, ძილი, გარემო და მრავალი სხვა ფაქტორი.

სწორედ ამიტომ არის ბავშვობაში მაღალი რისკის აღმოჩენა მნიშვნელოვანი. ამ ასაკში დაავადება შეიძლება ჯერ არ იყოს ჩამოყალიბებული და ბევრი რისკფაქტორი შეცვლას ექვემდებარებოდეს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

ბავშვიდაავადებადიაბეტიკვლევარისკი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026