Logo

ინტერვიუ

"გვეტყოდა, გოგოებო, სესხ ბანკში მივდივარო. თავიდან ბოლომდე ვაჟა ზაზაევიჩი იყო" - თანამშრომლების თვალით დანახული თემიკო ჩირგაძე

"გვეტყოდა, გოგოებო, სესხ ბანკში მივდივარო. თავიდან ბოლომდე ვაჟა ზაზაევიჩი იყო" - თანამშრომლების თვალით დანახული თემიკო ჩირგაძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ალბათ, იცით, რომ გენიალურ კინო კლასიკაში - "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი", ორგანიზაციის დირექტორის - ვაჟა ზაზაევიჩის როლს ექიმი-პარაზიტოლოგი, ინფექციონისტი თემიკო ჩირგაძე ასრულებს. ის გახლდათ ავტორი 75 სამეცნიერო ნაშრომისა. იყო მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. გადაღებულია ფილმებში: "არაჩვეულებრივი გამოფენა" (1968) "მე, პელეს ნათლია" (1991), "ექსპრეს-ინფორმაცია" (1993).

თემიკო ჩირგაძე იყო თბილისის კოლორიტი. გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე, მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი. ცნობილია, რომ მასთან ერთად, სუფრაზე მოხვედრა, იყო ჩვეულებრივი დღესასწაული. მღეროდა, ხუმრობდა, იგონებდა ენებს, ვითომ ფრანგულად საუბრობდა. შესაბამისად, მის გარემოცვაში მოხვედრა, ყველას სურდა. ჰყავდა ხელოვანებისა და არტისტების დიდი სამეგობრო წრე. ამიტომაც მოხვდა ექიმი - ფილმებში. მაგრამ აბა, ვის შეუძლია თქვას, რომ ვაჟა ზაზაევიჩის როლის შემსრულებელი პროფესიონალი მსახიობი არ არის?

თემიკო ჩირგაძეთემიკო ჩირგაძე

ინტერნეტ სივრციდან, "შემთხვევით", ორი არაჩვეულებრივი ქალბატონი ვიპოვე, თემიკო ჩირგაძის თანამშრომლები და ცხადია, შანსი ხელიდან ვერ გავუშვი. შანსი იმისა, რომ ეს დაუვიწყარი კაცი "ზმნას" მკითხველისთვის გაგვეხსენებინა.

რუსუდან ბურდილაძე, პარაზიტოლოგი: პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში 1986 წლიდან ვმუშაობ. დავამთავრე თუ არა ინსტიტუტი, მივედი და მას შემდეგ, სხვაგან არც მიმუშავია.

1993 წელს, ბატონი თემო რომ პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა, მე თავის ადგილზე, განყოფილების ხელმძღვანელად გადამიყვანა.

რუსიკო ბურდილაძე

თემიკოს მეუღლე, კლარა მიშველიანი ჩვენი თანამშრომელი გახლდათ. კლინიკის წამყვანი სპეციალისტი იყო, უაღრესად განათლებული ქალბატონი. ბატონი თემო იყო ბობოქარი, ისეთი როგორიც ვაჟა ზაზაევიჩის როლშია, იქ თავის თავს თამაშობს, მისი მეუღლე კი, ძალიან გაწონასწორებული და მშვიდი.

თემიკო და კლარა

მახსოვს, ჯანდაცვამ გამოუშვა კანონი და ბრძანება, რომლის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებებში მოწევა კატეგორიულად იკრძალებოდა. ბატონი თემო გვიხსნის, მოვიდა ბრძანება, რომ მოწევა სასტიკად აკრძალულია და მწეველებმა უნდა მონახოთ კუთხე და იქ მოწიოთო. თვითონ აქტიური მწეველი იყო. და რომ დაიწყეს თამაშრომლებმა, წუწუნი, რა ვქნათ, სად მოვწიოთო, თქვა: რას იკლავთ თავს, მოდით აქ, ჩემთან კაბინეტში და ყველამ აქ მოვწიოთო.

უცხოეთიდან გვყავდა სტუმრები - ფრანგები და ინგლისელები. თემოს თამადობის ამბავი ყველამ იცის, სუფრებზე შოუს დგამდა. ისე ექსპრომტად აკეთებდა ყველაფერს, ვერც გაიგებდი, სად იყო სიმართლე, სად - ხუმრობა;

თემიკო ჩირგაძე

იმ დროს არ იყო ამდენი რესტორანი, არც საშუალება, რომ აქეთ-იქეთ გვეტარებინა სტუმრები. ამიტომ სახლებიდან მოვზიდეთ ჭურჭელი და სამსახურში, განწყოფილებაში გავშალეთ სუფრა. თამადა, ცხადია, ბატონი თემო იყო. არ იცოდა უცხო ენები, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ „ფრანგულად“ ელაპარაკა. გამოგონილი ენით, ბაირონი წაუკითხა. როგორ მოახერხა, ეს არავინ იცის. ინგლისურიც იყო, ფრანგულიც. გაოგნებული უსმენდნენ სტუმრები. ერთ-ერთის გვარი ბ ასოზე იწყებოდა და რახან მე ბურდილაძე ვარ, შენი ბიძაშვილია ესო, მეხუმრებოდა.

საოცარი და ჰყავდა. ქალბატონ რუსუდანს თავისი ოჯახი არ ჰყავდა და ძმას და ძმისშვილებს თან ჰყვებოდა. დილას თავის კაბინეტში რომ შევიდოდა, ბატონი თემო, აუცილებლად ურეკავდა რუსუდანს. ეს დაუწერელი კანონი იყო. მერე საორდინატოროში შესული კლარას ჰკითხავდა, დღეს დაურეკე რუსუდანს, მოიკითხეო? არაჩვეულებრივი დაძმობა ჰქონდათ.

დილას კლარა რომ იტყოდა თემიკო წასულია სამინისტროში ან საქმეზეო, ვიცოდით რომ "პახმელიაზე" იყო. ბორჯომი აუცილებლად ჰქონდა კაბინეტში. ჩვენთან ხშირად იყო ვაჟა ზაზაევიჩის ისტორიები...

თემიკო ჩირგაძეთემიკო ჩირგაძე

ელდარ შენგელაია და თემიკო ახლო მეგობრები იყვნენ. ბევრი მსახიობი და ცნობილი ადამიანი მოდიოდა ჩვენთან. ბატონი თემიკოს სახელი ბევრ რამეს აკეთებდა.

საოცრად გულისხმიერი ადამიანი იყო. ყველას ოჯახის გაჭირვებას გულთან მიიტანდა, ყველას ამბავი იცოდა. ადამიანური ფაქტორით, საოცარი კაცი იყო. მთელი ჩვენი სამსახური - ყველა ერთმანეთის ოჯახის წევრები ვიყავით.

ელდარი და თემიკო

ჩვეულებრივი იყო ჩვენთვის ის ურთიერთობები, რასაც ყოველდღიურად, მის გარემოცვაში ვხედავდით. ყველას თბილად იხსენიებდა და შენც აგიყოლიებდა.

ორი შვილი ჰყავს - ნინკა და ბუბა. ბუბა ბიოლოგია. მისი შვილი, ლადო იუმორით ძალიან ჰგავს თემო ბაბუას.

ცოლ-ქმარს, თემიკოს და კლარას, არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. ქალბატონი კლარა მისთვის ყველაფერი იყო. უაღრესად განათლებული გახლდათ; "ვეფხისტყაოსანი" იცოდა ზეპირად. თავისუფალ დროს უბრალოდ დამჯდარს ვერ ნახავდით, სულ კითხულობდა. არ მახსოვს, თემიკო კლარას გარეშე სადმე წასულიიყო. ცოლი სულ მის გვერდით იყო. ერთმანეთის მიმართ სხვანაირი პატივისცემა ჰქონდათ.

თემიკო ჩირგაძე

მარინა მანჯგალაძე, პარაზიტოლოგი: თემიკო იყო თბილისის კოლორიტი, უგანათლებულესი ადამიანი. წიგნიერი, გონიერი, იუმორით სავსე. დახვეწილი, თბილისური იუმორი ჰქონდა. გარშემო შემოკრებილი ჰყავდა თეატრალები, მუსიკოსები. ექიმი კი იყო, მაგრამ ამბობდა, მე ექიმად არ ვარ დაბადებულიო.

"ცისფერ მთებში" როგორიც არის, ისეთივე იყო თავიდან ბოლომდე; უშუალო და სიკეთის განსახიერება.

არაჩვეულებრივი თამადა იყო. ეს ცნობილი ამბავია, ყველამ იცის. სუფრებზე აწყობდა სანახაობებს. ფრანგები გვყავდნენ სტუმრად. მოვიტანეთ კარგი სერვიზი, ლამაზად გავშალეთ სუფრა. თემიკომ ფრანგული არ იცოდა, მაგრამ ფრანგულად ითამადა! ერთ-ერთი კითხულობდა, რა ენაზე გველაპარაკებაო. ჩვენც ვპასუხობდით, ფრანგულად გელაპარაკებათ-თქო.

ამბობდა, მე "ცისფერ მთებში" კი არ ვითამაშე, ეს მე ვარ და ჩვენ ინსტიტუტში დირექტორს ვთამაშობო. ხანდახან გვეტყოდა ხოლმე, გოგოებო, მივდივარ ბანკში, იცოდეთ, სესხ ბანკში მივდივარო...

მეტყოდა, პურმარილი ამოიტანე და ფულს მერე მოგცემ, ოღონდ კლარას არ უთხრა, მარტო მე და შენ ვიცოდეთო...

სხვათა შორის, „ცისფერ მთების" შემოქმედებითმა ჯგუფმა, ბევრი პრიზი მიიღო, მაგრამ რახან თემიკო პროფესიონალი მსახიობი არ იყო, მას პრიზი არ მისცეს. მახსოვს, სესილია თაყაიშვილიც გაოცებული იყო, როგორ შეიძლება თემიკოს ამ როლისთვის პრიზი არ აეღოო. მეც მიმაჩნია, რომ ფილმის წარმატება, დიდწილად, თემიკოს - ვაჟა ზაზაევიჩის დამსახურებაა.

თემიკო ჩირგაძე

"არაჩვეულებრივ გამოფენაში" ძალიან ახალგაზრდაა და ძალიან სიმპათიური. თითქოს, ეპიზოდური როლია, მაგრამ იქაც კი დაგამახსოვრებს თავს. ამ ფილმში, თავის ამპლუაში - თამადობს. და როგორ ცეკვავს... მასთან ერთად სუფრასთან ყოფნა, იყო ნამდვილი დღესასწაული... ამას ასე ვერ მოყვები...

თემიკო ჩირგაძე

დედაჩემი ოტორინოლარინგოლოგი იყო. თემიკოს თავისი შვილიშვილი, ლადო მოჰყავდა დედასთან, გასასინჯად. ერთხელაც მოიყვანა ლადო. დედამ გასინჯა. ჩემი რძალი ხინკალს ახვევდა. დედამ უთხრა, თემიკო, დარჩი, ხინკლით გაგიმასპინძლდებითო. არა, მეჩქარება, ბიჭები მელოდებიან ქვევით, საქეიფოდ მივდივართო, უპასუხა. მაშინ დედამ გაუხვია ხინკალი და გაატანა. მერე ხშირად იხსენებდა თემიკო, ექიმიც ასეთი უნდა, თან მოგარჩინოს და თან ხინკლებით გამოგიშვას სახლიდანო...

უბადლო უფროსი იყო. უშუალო, უყვარდა თანამშრომლები, კონფლიქტში არ შედიოდა არავისთან. იტყოდა ხოლმე, მე სადირექტორო კაცი არ ვარო. ჩვენთვის დიდი პატივი იყო მისი დირექტორობა. ვინ არ მოდიოდა მასთან - მიხეილ ქვლივიძე, თენგიზ არჩვაძე, ელდარ შენგელაია ცოლთან ერთად, გიზო ნიშნიანიძე, გიგა ლორთქიფანიძე... შინაგანად ხელოვანი იყო. იმ პერიოდის თბილისის ელიტას მიეკუთვნებოდა.

კარს რომ გააღებდა და შემოვიდოდა, ჩვენთვის ზეიმი იყო.

თანამშრომლებს სახელებს გვარქმევდა. მე "ტალკვესას" მეძახდა. ვიცოდი, რომელი სიგარეტი უყვარდა და სახლიდანაც კი მიმქონდა მისთვის. ეს იცოდა და შენ გექნება ჩემთვისო, მეტყოდა. მომეცი და კლარას არ უთხრაო. რომ ეწეოდა, ბოლოს უკვე მალავდა. ჩაი უყვარდა და ვუდუღებდით.

ერთხელ მასთან სახლში მივედი, დისერტაციაზე რაღაც უნდა ჩაესწორებინა ჩემთვის და ცოლს ეუბნება, მოამზადე "შეხვედრა წარსულთან"? ეს ის დროა, ყველაფერს ნავთქურაზე რომ ვამზადებდით. ვიფიქრე, რას ეძახის "შეხვედრა წარსულთან" და აღმოჩნდა, რომ ხაჭაპურს!

კუჭქვეშა ჯირკვლის, პანკრეასის სიმსივნე გაუჩნდა. ეს ფაქტი ძალიან მტკივნეული იყო ჩვენთვის. ქირურგიის ინსტიტუტში იწვა. საკმაოდ ცნობილმა ქირურგმა, ბაადურ მოსიძემ გაუკეთა ოპერაცია. გაჭრა და დახურა. უკევ აზრი არ ჰქონდა. ოპერაციიდან ერთ თვეში გარდაიცვალა კიდეც. უხაროდა, რომ მოვიკითხავდით. სულით არ დაცემულა.

სანიტარი გვყავდა ერთი თანამშრომელი და ერთხელ თემომ ცოლს უთხრა, შენ თუ არ მომივლი, დავურეკავ და ის მომივლისო. არც იუმორი ტოვებდა და მხნედ იყო. ძლიერი ადამიანი იყო. მიუხედავდ იმისა, რომ მძიმე სენით იყო დაავადებული, თემიკო ჩირგაძე სულით არასდროს დაცემულა.

72 წლის იყო რომ გარდაიცვალა.

თემიკოს ღიმილისა და სითბოს გარეშე, ვერავინ გაიხსენებს. ასეთ ადამიანს ვერ იპოვით...

თემიკო ჩირგაძე

ავტორი: თამარ გონგაძე

01/29/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024