დღის ამბავი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
უმძიმესი დღეა - საქართველოს პატრიარქი აღარ ჰყავს. 49 წლიანი მოღვაწეობის თავზე, ქვეყნის სულიერი საჭეთმპყრობელი 17 მარტს, 93 წლის ასაკში ღვთივმიიცვალა... უწმინდესს გული გაუჩერდა.
სასულიერო პირები, პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები კლინიკაში იკრიბებოდნენ. კომენტარს არავინ აკეთებდა. ოფიციალურ განცხადებას ელოდებოდნენ.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირმა ოფიციალური განცხადება გააკეთა:
"მიჭირს იმის თქმა, რაც ახლა უნდა ვთქვა. რამდენიმე წუთის წინ ღვთივგანისვენა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი. უდიდესი დანაკარგია სრულიად საქრისტიანოსთვის. მინდა მივუსამძიმრო მთელ საქართველოს" - თქვა შიო მუჯირმა.
"პატრიარქმა ვალი მოიხადა" - თქვა მანამდე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა.
შიო მუჯირის განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე მამა ლუკამ გულის გაჩერების ეპიზოდი დაადასტურა.
***
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადების თანახმად, კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაფიძის კლინიკაში გუშინ, ორშაბათს, 16 მარტს, ნაშუადღევს მიიყვანეს, შემდეგ კი „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის განცხადებით, პატრიარქი „კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია“.
„გუშინდელი დღე იყო, დაახლოებით შუადღე, როდესაც გაჩნდა პრობლემა, იყო სატურაციის ვარდნა; იყო გარკვეული პარამეტრები, რაც მოითხოვდა ჩარევას“.
პატრიარქ ილია II-ის თანამოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) განაცხადა, რომ „არის მცირედი უკეთესობა“ და დღეს ღამის პირველი საათისთვის თურქეთიდან რეანიმატოლოგს ელოდებოდნენ.
03/17/2026