საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
გოგი ხარაბაძე 84 წლის გახდებოდა... ქართველი არტისტი, მწერალი, მხატვრული კითხვის ოსტატი, ცხოვრების უკანასკნელ წლებში, საზოგადოებისგან განმარტოვებით ცხოვრობდა. მის ცხოვრებაში დატრიალებულმა ტრაგედიამ, მსახიობის ტრანსფორმაცია გამოიწვია. ვაჟის გარდაცვალებამ, ის უფალს დააახლოვა. ბოლოს უკვე, პატრიარქთან თუ ნახავდით. მისი ხშირი სტუმარი იყო. როგორც ყველა შვილმკვდარი მშობელი, უწმინდესმა ისიც ანუგეშა. მერე ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, აუდიო-ბიბლია გამოიცა, სადაც გოგი ძველ აღთქმას კითხულობს. ამ დიდ პროექტს, ცხადია, სასწაულებისა თუ ბრძოლების გარეშე არ ჩაუვლია.

ჭაბუა ამირეჯიბმა ამ პროექტს „ხმა მომავალში“ უწოდა. ისეთი სიღრმის ტექსტი და სათქმელია ამეტყველებული, რომ ყველა დროს გაუძლებს.
გოგი ხარაბაძე თითქმის ყოველ კვირა დადიოდა პატრიარქთან, ხშირად ესაუბრებოდა უწმინდესს, ლოცვა-კურთხევას იღებდა. მაქსიმალურად ემზადებოდა ამ პროექტისთვის. უზარმაზარი შრომა ჩადო, რომ მაღალ დონეზე შესრულებულიყო.
ამ ამბავს თვითონ ასე იხსენებდა.
გოგი ხარაბაძე: – როგორც ზვავი, ისე ჩამოწვა „აპოკალიფსი“. ჰო, ქვეშ მომიყოლა. საიდან არ მივუდექი. ძვრა ვერ ვუყავი.
კონსულტანტები ჰყავს ბიბლიის აუდიო-ვერსიას, განსწავლული, ღრმა ხალხი. იმათ მივაკითხე. დამამშვიდეს, არ შეშინდეთ, ბატონო გოგი, „გამოცხადება“ ყველაზე ამოუცნობი, მიუწვდომელი მასალააო.
მისი დასტური მჭირდებოდა. უცხოსავით ვიჯექი ოთახში, სადაც ხშირად მმასპინძლობს. ვღელავდი? უფრო მეტი… ბავშვივით მიფანცქალებდა გული. არ ვიცოდი, რით დამეწყო, ყელში მებჯინებოდა სათქმელი, თან თითქოს სიტყვები დამკარგვოდა და ჯიქურ გამომივიდა:
– უწმინდესო, „აპოკალიფსის“ ჩაწერას არ ვაპირებ.
– რათა? - მკითხა ჩვეული სიმშვიდით.
– ასჯერ მაინც წავიკითხე… მე არაფერი მესმის და სხვას რას გავაგებინებ…
– მამაო დავით, მოიტანეთ „ბიბლია“.
იქვე ჩამოვსხედით, სავარძლებზე.
– დაიწყეთ! – იყო ბრძანება.
როგორია?! აბა, დაუჯექით პირისპირ საქართველოს პატრიარქს, თანაც ასეთს და წაუკითხეთ „ბიბლია“.
„ხომ იცით, „აპოკალიფსი“ – გამოცხადებას ნიშნავს. ღმერთი თავის რჩეულ შვილებს უცხადებს საიდუმლოს, რომელიც მომავალს ეხება, ახლა დაიწყეთ… – კიდევ გამიმეორა.
დავიწყე. ვკითხულობდი, მაჩერებდა, მიხსნიდა, შეფარვით მამხნევებდა კიდეც… “აი, ხომ ხედავთ, უკვე სხვანაირად კითხულობთ… განაგრძეთ”…
ფილადელფიის ეკლესიის ანგელოსს რომ მივადექით, პირჯვარი გადაიწერა და მითხრა: ეს საქართველოზეა, ხომ იცით? სამების ტაძარში საკურთხევლის კარზე, შიგნიდან არის ამოტვიფრული ეს მონაკვეთი, განაგრძეთ…
სული მეკუმშებოდა, ალბათ, ნეტარებისგან. ვფიქრობდი, სულ ნურაფერი გამოვა, პარტიარქს „ბიბლიას“ ხომ ვუკითხავ-მეთქი.
წინადადება-წინადადება ამიხსნა ყოველი თავი, შუაღამე გადასული იყო, რომ დავტოვე, ყურებში მისი ხმა ჩამესმოდა: „ღმერთი თავის რჩეულ შვილებს უცხადებს საიდუმლოს, რომელიც ძირითადად მომავალს ეხება…”

ბიბლიის აუდიოვერსია "სანოსტუდიაში" ჩაიწერა. აი, რას იხსენებს მერაბ სანოძე გოგი ხარაბაძეზე.
მერაბ სანოძე: – როცა გოგი ბიბლიას კითხულობდა, მისი ყურება და სმენა ერთი სიამოვნება იყო, ცალკე სპექტაკლი. უნდა გენახათ, თეთრ პერანგში, თეთრი წვერით, თეთრი თმით… ჩაწერის დროს ნელ-ნელა შედიოდა ემოციებში და ბოლოს ირეოდა, ყალყზე დგებოდა ეს თმაც, პერანგიც და მთლიანად ეს კაციც. ყურებას რომ დავიწყებდი, ვეღარ ვუძლებდი, ვგიჟდებოდი და გარეთ გამოვდიოდი. ძალიან დიდი ენერგიის პატრონი იყო, არანორმალური. ის საქმე, რაც მან ასწია, ბარე ორ ახალგაზრდას გაუჭირდება. მოხვიდე, წაიკითხო – ასე არ არის. მომზადებული უნდა იყო ამისთვის. მოკლედ, ეს უნდა გაკეთებულიყო. ოღონდ არ ვიცი, ამის შემდეგ, ამაზე დიდი რა უნდა გავაკეთო. მთლიანად შევიცვალე.

ნიკოლოზ (ხარება) ხარაბაძე ამერიკაში დედასთან, მსახიობ რუსუდან კიკნაძესთან ერთად, 17 წლის ასაკში გაემგზავრა. ხმის ოპერატორის სპეციალობით სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტი დაამთავრა და ჰოლივუდში კარგი კავშირები ჰქონდა. ურთიერთობაში ძალიან გახსნილი და საიმედო ხარება ჰოლივუდის ვარსკვლავებთან მეგობრობდა. დოლფ ლუნდგრენი და ჯონ მალკოვიჩი მოსკოვში მას ჩაუყვანია.
2001 წელს ბანდამ, რომელიც ადამიანების გატაცებითა და გამოსასყიდის მოთხოვნით შოულობდა ფულს, ხარებაც იმსხვერპლა.
ბოროტმოქმედები საბჭოთა კავშირიდან ჩასულ შეძლებულ ემიგრანტებს იტაცებდნენ და კლავდნენ. შემდეგ კი მათი ნათესავებისგან გამოსასყიდს ითხოვდნენ. ბანდის წევრებმა ამ გზით 1,2 მილიონი დოლარი დააგროვეს.
მოტაცებულებს ცელოფნის პარკით ახრჩობდნენ, ცხედრებს კი ნიუ მელოუნსის წყალსაცავში ყრიდნენ.
ექსპერტებმა დაადგინეს გარდაცვლილების ვინაობა. ისინი აღმოჩნდნენ გიორგი საფიევი, ალექსანდრ უმანსკი, მეიერ მუსკატელი, ნიკოლოზ ხარაბაძე და რიტა პეკლერი. გამომძიებლების ინფორმაციით, დამნაშავეები ანალოგიურ მკვლელობებს სხვა შტატებშიც გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათი დაკავება მოახერხა.
ბანდის მეთაურები იყვნენ 1966 წელს დაბადებული ლიეტუველი - იურიუს კადამოვასი და 1965 წელს დაბადებული პეტერბურგელი - იური მიხალი. 2007 წელს ნაფიცმა მსაჯულებმა ისინი დამნაშავედ ცნეს. ბანდის დანარჩენმა წევრებმა, რომლებიც ასევე ყოფილი სსრკ-ს მოქალაქეები იყვნენ, სხვადასხვა სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და გამოძიებასთან თანამშრომლობის აქტიურობის მიხედვით მიიღეს.
რეზონანსული გამოძიება 2001 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ხელოვნურ ტბაში მეთევზეებმა ასაკიანი მამაკაცის ცხედარი შენიშნეს, რომელსაც ხელები შეკრული ჰქონდა, თავზე კი პლასტიკატის პაკეტი ჰქონდა ჩამოცმული. პოლიციამ დაადგინა, რომ უცნობი წყალში გადაგდებამდე გაგუდეს. მას ფეხზე ნაიარევი ჰქონდა, რომელიც მიმაგრებულმა სიმძიმემ დაუტოვა. როგორც ჩანს, სიმძიმე კარგად დამაგრებული არ იყო და ცხედარი ამოტივტივდა.
ბიზნესმენმა გიორგი საფიევმა, რომელიც გარდაცვლილთა შორის იპოვეს, ხარებას ჰოლივუდური კავშირები სათანადოდ შეაფასა და თავის ახლად შექმნილ სტუდიაში პარტნიორად მიიწვია. პირველი პროექტი ბელიაევის ნაწარმოების, „ადამიანი ამფიბიას“ ეკრანიზაცია უნდა ყოფილიყო.
წინასწარ შემუშავებული გეგმით, კადამოვასის მეგობარმა ქალმა ხარებას „კერძო კლუბში“ საქმიანი შეხვედრა სთხოვა. სინამდვილეში ეს კადამოვასის კომპანია Designed Water World-ის ოფისი იყო. როდესაც ხარება ადგილზე მივიდა, ბანდის სხვა წევრები – ალტმანისი და მარკოვსკისი ბილიარდს თამაშობდნენ, მიხელი და კრილოვი სვამდნენ, კადამოვასი კი ბარმენის როლს ასრულებდა. დახლში მას იარაღი ჰქონდა დამალული.
სოლოვიოვამ ხარებას სთხოვა, მისთვის კოქტეილი შეეკვეთა, კრილოვმა კი მათ უკან კარი ჩაკეტა. ხარება სკამზე მიაბეს, ტელეფონი, მანქანის გასაღები და საფულე წაართვეს და უთხრეს, რომ მისი დახმარებით საფიევის მიტყუება უნდოდათ. იარაღის მუქარისა და ზეწოლის ქვეშ მას აიძულეს, საფიევთან დაერეკა და დაერწმუნებინა, რომ Designed Water World-ის ოფისში მისულიყო.
საფიევი მალევე მივიდა, შესვლისთანავე მას თავს დაესხნენ მიხელი, კადამოვასი, ალტმანისი კიროვი და მარკოვსკისი. იგი სკამზე მიაბეს და ტელეფონი, გასაღები და საფულე წაართვეს. საფიევს მოსთხოვეს, დაერეკა თავის პარტნიორ კონსტანტინ ტეჟიკთან, რათა მას 940 000 დოლარი გადაერიცხა უცხოეთის ბანკში.
ხარაბაძე და საფიევი 4 დღის განმავლობაში კადამოვასის სახლში იყვნენ დატყვევებულები. ბანდიტებმა საფიევის ხმა ჩაიწერეს, რათა მისი მოკვლის შემდეგაც გაეგრძელებინათ ფულის გამოძალვა.
მას შემდეგ, რაც ბანდიტებმა სრულად მიიღეს 940 000 დოლარი, გადაწყვიტეს, რომ ხარაბაძე და საფიევი უკვე არაფერში სჭირდებოდათ. ისინი არყით დაათვრეს და წყალსაცავისკენ წაიყვანეს ორი მანქანით. სიკვდილის წინ დატყვევებულებს გადარჩენის შანსი გაუჩნდათ – ავტომობილები პოლიციამ გააჩერა. მიხელი მანქანიდან გადავიდა და პოლიციელს გაესაუბრა, რის შემდეგაც სამართალდამცველმა შენიშვნა მისცა, რომ მანქანები სიარულის დროს დისტანციის წესს არღვევდნენ, ჯარიმა გამოუწერა და გაუშვა. მოგვიანებით სოლოვიოვამ გამომძიებლებს უთხრა, რომ კადამოვასი პოლიციელის მოკვლას აპირებდა, თუ იგი ავტომობილის გაჩხრეკას გადაწყვეტდა.
წყალსაცავთან მიხელმა ხარებას თავზე პარკი ჩამოაცვა და გაგუდა. მას სიმძიმე მიაბეს და ხიდიდან წყალში გადააგდეს. საფიევმაც იგივე ბედი გაიზიარა.

ხარება რუსუდან კიკნაძის ერთადერთი შვილი იყო. ამერიკაში დედა-შვილი მსახიობის მეორე ქმართან, მატვეი შატცთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც ხარება საკუთარი შვილივით უყვარდა. როგორც ამბობენ, მამინაცვალმა გერის გარდაცვალება ძალიან მძიმედ გადაიტანა. ის ორი წლის წინ მძიმე დაავადების შედეგად გარდაიცვალა. ხარებას დაკარგვის შემდეგ რუსუდან კიკნაძე მძიმე დეპრესიით იტანჯებოდა. ტრაგედიის შემდეგ წყვილმა საქართველოდან ბავშვი აიყვანა, რომელიც ამ დროისთვის 21 წლის იქნება.
რუსუდან კიკნაძე 2022 წლის 20 იანვარს საკუთარ სახლში ინფარქტით გარდაიცვალა...
წყარო nostal.ge
07/14/2026