ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჰაერის დაბინძურებაზე საუბრისას, პირველ რიგში ფილტვები, გული და ალერგიული დაავადებები გვახსენდება. თუმცა ბოლო წლებში მეცნიერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზეც, რომ დაბინძურებული ჰაერი შესაძლოა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზეც, მათ შორის, მამაკაცის ფერტილურობაზეც მოქმედებდეს.

პირველი კვლევები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩატარდა.
მეცნიერებმა შეისწავლეს 2013-2018 წლებში ჩატარებული კვლევის მონაცემები, რომელშიც მონაწილეობდნენ მამაკაცები, რომლებიც პარტნიორებთან ერთად უშვილობის მკურნალობას გადიოდნენ. კვლევაში სულ 2015 მამაკაცი მონაწილეობდა. მკვლევრებმა შეაფასეს მონაწილეთა სპერმის ხარისხი კვლევის დასაწყისში, შემდეგ კი 2, 4 და 6 თვის შემდეგ. პარალელურად გააანალიზეს, რა დოზით იყვნენ ისინი ყოველდღიურად შეხებაში ჰაერის დამაბინძურებლებთან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ყურადღება გამახვილდა რამდენიმე ძირითად დამაბინძურებელზე - PM2.5-ზე, ანუ ძალიან წვრილ მტვრის ნაწილაკებზე, აზოტის დიოქსიდზე, გოგირდის დიოქსიდსა და ოზონზე.

სპერმის წარმოქმნა ერთ დღეში არ ხდება. ეს პროცესი დაახლოებით 74 დღეს მოიცავს. სწორედ ამიტომ მეცნიერებმა ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება სპერმის განვითარების სხვადასხვა ფაზაში შეაფასეს.
აღმოჩნდა, რომ გარკვეულ პერიოდებში ოზონის ზემოქმედება, სპერმის ნორმალური ფორმის მაჩვენებლის შემცირებასთან იყო დაკავშირებული.
კვლევამ აშკარად მიანიშნა, რომ დაბინძურებული ჰაერი შესაძლოა მოქმედებდეს ისეთ პარამეტრებზე, რომლებიც მამაკაცის ფერტილურობისთვის მნიშვნელოვანია: სპერმატოზოიდების რაოდენობაზე, მოძრაობასა და ფორმაზე.

რაც შეეხება ახალ კვლევას, რომელიც 2026 წლის ივლისში, ევროპის ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საზოგადოების, ESHRE-ის შეხვედრაზე წარადგინეს. ამ კვლევაში მეცნიერებმა ყურადღება არა მხოლოდ სპერმის ხარისხზე, არამედ შესაძლო ბიოლოგიურ მექანიზმზე - დნმ-ის მეთილაციაზე გაამახვილეს.
დნმ-ის მეთილაცია ეპიგენეტიკური ცვლილების ერთ-ერთი ფორმაა. ეს არ ნიშნავს, რომ დნმ-ის კოდი იცვლება. უფრო მარტივად, შეიძლება ითქვას, რომ იცვლება ის „ნიშნები“, რომლებიც ორგანიზმს ეხმარება განსაზღვროს, რომელმა გენმა როგორ იმუშაოს. სწორედ ამგვარი ცვლილებები შეიძლება იყოს ერთ-ერთი გზა, რომლითაც გარემო ფაქტორები, მათ შორის ჰაერის დაბინძურება, ორგანიზმზე გავლენას ახდენს.
ESHRE-ზე წარდგენილი მონაცემების მიხედვით, სპერმის განვითარების პერიოდში ოზონისა და აზოტის დიოქსიდის ზემოქმედება დაკავშირებული იყო სპერმის დნმ-ის მეთილაციის ცვლილებებთან.
მეცნიერების შეფასებით, ეს კვლევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი არა მხოლოდ პრობლემაზე მიუთითებს, არამედ გვაჩვენებს იმის შესაძლო მექანიზმს, თუ როგორ შეიძლება გარემომ და ჰაერმა, რომელსაც ყოველდღიურად ვსუნთქავთ, გავლენა მოახდინოს რეპროდუქციულ სისტემაზე.
წყარო: PubMed / Ecotoxicology and Environmental Safety
07/08/2026