ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა "პირველ სტუდიაში" სტუმრობისას, გადაცემის წამყვანს, მსახიობ ეკა ჩხეიძეს თავისი სახელოსნოს ჩანთა აჩუქა. როგორც ეკა "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს, მის გარდერობში შავი და თეთრი ფერის სამოსი ჭარბობს, ამიტომ ეს ჩანთა ძალიან ბევრ რაიმეს მოუხდება.
ეკა ჩხეიძე: თათას ნაჩუქარი ჩანთა იმ დღესვე მეჭირა. ტევადი და ორიგინალურია. მომწონს. კიდევ ერთხელ მადლობა თათას. ჩემს გარდერობში შავი და თეთრი ფერია ძირითადად და ამიტომ ეს ჩანთა, ყველაფერს მოუხდება. მეტწილად შავი ფერის ჩანთები მაქვს. ახლა ბორდოსფერი ჩანთა მაქვს ამოჩემებული. მაქვს თეთრი ფერის ჩანთებიც.

ჩანთა საყვარელი და საჭირო აქსესუარია. ბევრნაირი მაქვს, სხვადასხვა ზომის, ფორმის. ყველაზე მეტად ტევადი ჩანთები მომწონს. როდის, რა დამჭირდება, არ ვიცი და თან უნდა მქონდეს - მზის სათვალე, საკითხავი ნომრიანი სათვალე, პარფიუმერია. ყველაფერი უნდა მეყაროს ჩანთაში. სუნამო და ტუჩსაცხი ალბათ, ყველა ქალს უგდია. ჩანთიდან ჩანთაში ნივთების გადატანისას, მეც მაქვს - "ის დამავიწყდა", "სხვა ჩანთა მეჭირაა", "დამრჩა" და ასე შემდეგ...
- უცნაურს რას ვიპოვით თქვენს ჩანთაში?
- ისეთს ვერაფერს. მაქსიმუმ, შეიძლება ჩურჩხელა მეგდოს, რომელზეც ვგიჟდები, ისე მიყვარს.

- პატარა ზომის ჩანთებს ხმარობთ?
- ტელეფონი, საფულე და მანქანის გასაღები უნდა მეტეოდეს. ჩემმა შვილმა იტალიიდან ჩამომიტანა პატარა, წელზე გასაკეთებელი თეთრი "ფენდის" ჩანთა. მიყვარს წელზე გასაკეთებელი ჩანთები. მაგრამ ტელეფონი არ ჩაეტია. აღარ ვხმარობდი და დავუბრუნე უკან, შენ იხმარე-მეთქი. წაიღო...
- ჩანთა ქალის ტიპაჟზე მეტყველებს?
- ჩანთა? ალბათ. რუკზაკის ტიპის ჩანთები ახალგაზრდა გოგონებს უჭირავთ. მეც ძალიან მომწონს, თუმცა არ ვატარებ. ზურგიდან უნდა მოიხსნა და უცებ ვერ იღებ, რაც გინდა. ჩანთა ყოველთვის მბეზრდება და ვიცვლი. ამოჩემებაც ვიცი. მინდა ჩემი ჩანთა განსაკუთრებული და ორიგინალური იყოს. ყველას რომ უჭირავს, ისეთი ჩანთა აღარ მინდება.
- ყველაზე ძვირი, რა გადაგიხდიათ ჩანთაში?
- ასე ბრენდებზე ორიენტირებული არ ვარ. უნდა იყოს ნატურალური ტყავის და ხარისხიანი. ყველაზე ძვირი, 200 დოლარი მიმიცია ჩანთაში. აღარც მახსოვს, რა ჩანთა იყო. ახლა იმდენი ჩინური რეპლიკაა ბაზრობაზე და ყველას ერთი და იგივე დიზაინის ჩანთები უჭირავს, ეგეთი ნამდვილიც აღარც მინდა. დიზაინი უკვე თვალშისაცემია. მაგალითად "ჰერემესის" ჩანთა, ყველა "ბუტკაში" კიდია. ყველას ეგ უჭირავს, ფასი ნამდვილმაც დაკარგა. რომ იცი, რომ 50 ლარი მისცა და სინამდილეში 5 ათასი ღირს, ჩემთვის მიუღებელია. არ მიყვარს რეპლიკები, იმიტომ კი არა, რომ არ ვკადრულობ. იცი, რომ ნაღდი არ არის, არ აქვს ხარისხი. ამიტომ მე მირჩევნია, სადა და ნაკლებ ყურადღებამისაქცევი, ოღონდ ხარისხიანი, კარგი ტყავის ჩანთა. ასევეა სუნამოც. რეპლიკას სუნი მალე გასდის.
- საყვარელი აქსესუარი რა არის?
- სამკაული - ბეჭდები, სამაჯურები, საყურე. როცა სადმე მივდივარ, ბეჭდისა და საყურის გარეშე არ მივდივარ. ეს არის ჩემთვის, როგორც მაკიაჟი. სამკაული გასასვლელად მოწესრიგების დასრულებაა ჩემთვის. მაქვს უამრავი შარფი. მომეწონება, მინდა მქონდეს, მაგრამ მერე აღარ ვხმარობ. მავიწყდება, რომ მაქვს. ერთხელ ორი ერთნაირი შარფი ვიყიდე. აბრეშუმის ბორდოსფერი შარფი მეორეჯერაც მომეწონა. რომ მოვიტანე, მერე ვნახე, რომ ზუსტად ისეთივე სახლში მქონდა. არ მიხმარია და ამიტომ არ მახსოვდა...
02/28/2026