ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბავშვთა კვების მწარმოებელი ცნობილი ბრენდის, HiPP-ის ერთ-ერთ ქილაში ვირთხის საწამლავი აღმოჩნდა. ინფორმაცია ავსტრიის პოლიციამ დაადასტურა. ინციდენტმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოიწვია, რის გამოც პროდუქცია 1 000-ზე მეტი „სპარის“ (Spar) სუპერმარკეტიდან უკვე ამოიღეს.

ბურგენლანდის პოლიციის განცხადებით, ტოქსიკური ნივთიერება 190-გრამიან ქილაში (სტაფილო და კარტოფილი) მომხმარებლის შეტყობინების შემდეგ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ გამოავლინა. კომპანია HiPP-ის განმარტებით, ადგილი აქვს „კრიმინალურ ჩარევას გარედან“, რაც გულისხმობს პროდუქციის განზრახ დაზიანებასა და მოწამვლას.
საფრთხის შემცველი ქილების იდენტიფიცირების მიზნით, მომხმარებლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. საეჭვო პროდუქტს ძირზე დამახასიათებელი წითელი, წრიული სტიკერი აქვს დაკრული. გარდა ამისა, ეჭვს იწვევს ნებისმიერი ქილა, რომლის თავსახურიც დაზიანებულია, აკლია დამცავი ლენტი ან პროდუქტიდან უჩვეულო სუნი გამოიყოფა.
ფრიდრიხსჰაფენის ინციდენტი
გამოძიება ამ ეტაპზე რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვერსიით ეს ქმედება, შესაძლოა, ეკონომიკური შანტაჟის ნაწილი იყოს. მსგავსი დანაშაულის პრეცედენტი ევროპაში უკვე არსებობს. 2017 წელს გერმანიაში, ე.წ. „ფრიდრიხსჰაფენის ინციდენტის“ დროს, ბოროტმოქმედი სავაჭრო ქსელებისგან 11 მილიონ ევროს ითხოვდა. მუქარის სერიოზულობის დასადასტურებლად, მან სუპერმარკეტების თაროებზე ეთილენგლიკოლით (ტოქსიკური ანტიფრიზი) მოწამლული ბავშვთა კვების ქილები განათავსა.
ინციდენტმა პროდუქციის მასშტაბური გაწვევა და მოსახლეობის პანიკა გამოიწვია, თუმცა სამართალდამცავებმა ვიდეომეთვალყურეობის კამერების დახმარებით ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება და დაკავება მალევე შეძლეს, რითაც თავიდან აიცილეს მსხვერპლი და პროცესის შემდგომი ესკალაცია. ორივე ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ კრიმინალური ჯგუფები ხშირად იყენებენ მსგავს მეთოდებს მწარმოებლებზე ზეწოლისთვის.
ფრიდრიხსჰაფენის ინციდენტზე პასუხისმგებელ 54 წლის მამაკაცს გერმანიის სასამართლომ 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურამ ბრალდებულს მკვლელობის მცდელობის ხუთი ეპიზოდი და მძიმე გამოძალვა დაუმტკიცა, რადგან მის მიერ საკვებში გარეული ნივთიერების რაოდენობა ბავშვის სასიკვდილოდ სრულიად საკმარისი იყო. მიუხედავად დაცვის მხარის მცდელობისა, დანაშაული ფსიქიკური აშლილობისთვის ან ალკოჰოლური თრობისთვის მიეწერა, ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბოროტმოქმედი სრულად აცნობიერებდა საკუთარ ქმედებებს და მათი შედეგების სიმძიმეს.
გამოძიება ამ ეტაპზე ტრანსსასაზღვრო ხასიათს ატარებს. წინასწარი ტესტების მიხედვით, ტოქსიკური ნივთიერებების კვალი ჩეხეთსა და სლოვაკეთში ამოღებულ ქილებშიც დაფიქსირდა. ვინაიდან აღნიშნული პროდუქტის მოხმარება სიცოცხლისთვის სახიფათოა, მწარმოებელი და საცალო ქსელები მომხმარებლებს მოუწოდებენ, შეძენილი პროდუქცია დაუყოვნებლივ დააბრუნონ სრული ანაზღაურების სანაცვლოდ და მაქსიმალურად მოერიდონ საეჭვო შეფუთვებთან ფიზიკურ კონტაქტს.
წყარო The Guardian
04/20/2026