
09/23/2026
ქართველების დიდი ნაწილი დღეს ემიგრაციაში ცხოვრობს და მუშაობს. იტალიაში წასული ბევრი ქალი წლების განმავლობაში უცხო ოჯახების ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. უვლის მოხუცებს, ამზადებს საჭმელს, ალაგებს სახლს და ხშირად მათთვის უბრალოდ დამხმარეზე ბევრად მეტი ხდება.
ემიგრანტის ცხოვრება მხოლოდ შრომა, მონატრება და შინ დაბრუნების სურვილი არ არის. ამ წლებში უცხო ქვეყნებში იქმნება ადამიანური ურთიერთობები, ჩნდება პატივისცემა და სიყვარული, სითბო, იუმორი და პატარა ყოველდღიური ტრადიციები.
ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი ია კაშმაძე სწორედ ასეთ ამბავს გვიზიარებს იტალიური ოჯახიდან, სადაც მუშაობს.

"იტალიელი ბებო ჩემზე ეუბნება მის ქმარს:
-იას რა ეტყობა ქართველის, პირწავარდნილი ნაპოლეტანია.
ქმარი იცინის და ეკითხება:
-რატომ ამბობ მაგას?
-ვერ ხედავ? რაც ჩვენთანაა, სახლს ბრაგა-ბრუგი გააქვს როცა ალაგებს, ან საჭმელს აკეთებს, რიხი-რიხინით -ბუმ, ბამ, ბუმ, ბამ! ხმებს გამოსცემს.
ოღონდ ნიორი, წიწაკა და ბაზილიკო აქნევინე საჭმელში და მეტი არ უნდა არაფერი.
ხასიათიც ფსიხი აქვს, სიტყვას არ შეგარჩენს და რა ეტყობა ამას ქართველის, რამდენი ქართველი გვყავდა, ყველა მშვიდი, მომთმენი, უსიტყვო, ეს კიდე პირწავარდნილი ნაპოლეტანაა გეუბნები მე შენ!
ზატო კარგად აკეთებ საჭმელს, რაც ჩემთან ხარ, კარგი ჭამა გავიხსენეთ როგორია მე და ჩემმა მოხუცმა ქმარმა. დასძინა ბოლოს და შემომხედა მადლიერი სახით.
-არსადაც არ წახვალ! არ მაინტერესებს შენს ქვეყანაში რომ გაქვს გაქცევაზე ერთი სული, ჩემთან უნდა იყო, არსადაც არ გიშვებ სანამ ცოცხალი ვარ!- გამოაცხადა ბებომ და კვირის ტრადიციულ პასტა ალ ფორნოს მიუბრუნდა:
-უფ, უფ! რა კარგია! ნეტა ენაც ისეთი გქონდეს, როგორც ხელი გაქვს! - მეუბნება და მიირთმევს გემრიელად უბაყუნებს მაკარონებს.
-კვირა დღეს სულ პასტა ალ ფორნოს ვამზადებდი, მაგრამ რაც აღარ შემიძლია, უკვე 4 წელია აღარ მიჭამიაო,- შემომჩივლა 2 თვის წინ და მეც განვუახლე კვირის ტრადიცია.

სანამ ვაკეთებ ბებო მართობს, ათას ისტორიებს მიყვება, ან მაცინებს. საოცარი იუმორის გრძნობა აქვს და ენაც საკმაოდ მჭრელი.
ყოველ კვირას ვუკეთებ ან ლაზანიას, ან მაკარონს ღუმელში და პატარა ბავშვებივით ელოდებიან ხოლმე, როდის გამოვიტან ღუმელიდან და დავსხდებით სადილზე ისე, როგორც ერთ დროს სხდებოდნენ საჭმელად- ერთად ხალისით და ისე, როგორც მარტო იტალიელებმა იციან - მიიღონ სიამოვნება თითოეული ლუკმით და თითოეული ყლუპი ღვინით," - წერს ია კაშმაძე სოციალურ ქსელში.
გააზიარე სტატია