
09/29/2026
ეს ეზიდი გოგონას უმძიმესი ისტორიაა, რომელიც 25 წლის ასაკში ქრისტიანად მოინათლა, რისთვისაც ის ერთი წლის შემდეგ, შობის დღესასწაულამდე სამი დღით ადრე, საკუთარმა მშობლებმა წამებით მოკლეს.
დიახ, ანა კალოიანი მშობლებმა ქრისტესთვის აწამეს.
ანა 1987 წლის 18 დეკემბერს ეზიდურ-ქურთულ ოჯახში დაიბადა. რუსეთში, როსტოვის ოლქის, შოლოხოვის რაიონის სოფელ ბაზკოვსკაიაში ცხოვრობდა.
2012 წლის შემოდგომაზე, გოგონამ ირწმუნა ქრისტე და საკუთარი სურვილით მოინათლა, როგორც მართმადიდებელი ქრისტიანი.
ანა აქტიური მრევლი გახდა. ნათესავების მუქარის მიუხედავად, ცდილობდა მთელი თავისუფალი დრო ტაძარში გაეტარებინა, ეხმარებოდა ტაძრის საქმეებში.
ანას მშობლები, ნათესავები და მთელი ეზიდური საზოგადოება ცდილობდნენ ის დაერწმუნებინათ, რომ უარი ეთქვა ქრისტეზე და დაბრუნებულიყო იეზიდიზმში. მაგრამ ყველა მცდელობა, მათ შორის, ძალადობრივი, ცემისა და მუქარის გზით, წარუმატებელი აღმოჩნდა.

შობის მარხვა დადგა, ანა ხშირად აბარებდა აღსარებას და ეზიარებოდა.
18 დეკემბერს 26 წლის გახდა.
მთელი სულით და გულით ელოდა ქრისტეშობის დღესასწაულს. თავისი ხელით სადღესასწაულო კაბა შეიკერა, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ვერ შეხვდა შობის დღესასწაულს...
2013 წლის 4 იანვრის ღამეს გოგონა საკუთარმა მშობლებმა აწამეს. რომ არ გაქცეულიყო, ჯერ ორივე ფეხი მოტეხეს, შემდეგ მამამ არმატურის რკინის ნაჭრით მთელ ტანზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, დედამ კი ხის მორი დაარტყა თავში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითოეულ დარტყმას თან ახლდა ქრისტეს უარყოფის მოთხოვნა, მაგრამ მოწამე მტკიცედ და უცვლელად უარს ამბობდა, სიკვდილამდე.
ანა კალოიანი მშობლების ხელით ეწამა ქრისტესათვის.
ქალიშვილის მკვლელობაში სრული პასუხისმგებლობა მამამ აიღო და მას 7 წელი მიუსაჯეს.
ეს ისტორია სოციალურ ქსელებსა და რელიგიურ წრეებში ხშირად მოიხსენიება, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი მძიმე რელიგიური ნიადაგით ჩადენილი დანაშაული და რწმენისთვის თავგანწირვის მაგალითი.

გააზიარე სტატია