
09/26/2026
„იქნებ ოდნავ მეტი წინააღმდეგობა გაწიოთ... იმის გამო, რომ ეს ყველაფერი თქვენც გეხებათ,“ - ამ სიტყვებით მიმართა საზოგადოებას პიანისტმა თამრიკო კორძაიამ, მუსიკოსი ალექსანდრე კორძაიას დედამ.
პიანისტი ამბობს, რომ საჯაროდ კამერის წინ დადგომა მისთვის „უკიდურესი ნაბიჯია“, თუმცა ბოლო დღეებში შვილის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ამის გაკეთება გადააწყვეტინა.
უკანასკნელი რამდენიმე დღეა საზოგადოება განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება ალექსანდრე კორძაიას, იგივე Kordz-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე კორძაია ერთ-ერთია იმ მუსიკოსებს შორის, რომლებიც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ღიად უჭერენ მხარს, მოვლენების ასეთი განვითარება მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.

26 სექტემბერს გორში „კამარა ფესტივალი“ უნდა გამართულიყო. ღონისძიების პროგრამა სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობის შემდეგ Kordz-ის კონცერტით უნდა დასრულებულიყო.
ფესტივალს დანიის კულტურის ინსტიტუტი, პროექტის Creative Compass Georgia ფარგლებში აწყობდა, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.
თუმცა 23 სექტემბერს ორგანიზატორმა განაცხადა, რომ ფესტივალი გადაიდო. ოფიციალურ მიზეზად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემოებები დასახელდა.
თავად ალექსანდრე კორძაია ამბობს, რომ ადგილზე უსაფრთხოების გარანტიები, ღონისძიების წინ მისი და ორგანიზატორების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფონზე აღარ არსებობდა.
უცხო არავისთვისაა, თუ რატომ გახდა Kordz-ი და მისი მუსიკა ამ კამპანიის სამიზნე.
ალექსანდრე კორძაია ბოლო წლებში ღიად გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების მიმართ და საპროტესტო მოძრაობასაც საჯაროდ უჭერს მხარს.
განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა საპროტესტო აქციებიდან ცნობილ შეძახილს „ოლე, ოლა“, რომელიც კორძაიამ მუსიკალურ ტრეკად აქცია. სიმღერის ტექსტში ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მისამართით მწვავე ფრაზები ისმის, რამაც რა თქმა უნდა გარკვეული ძალების გაღიზიანება გამოიწვია.
ტრეკი, სრულიად დამოუკიდებლად იქცა პროტესტისა და დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ, რაც მუსიკოსზე თავდასხმისა და მისი კრიტიკის საფუძველი გახდა.
მუსიკოს ალექსანდრე კორძაიასთან დაპირისპირება გორში გაუქმებული კონცერტით არ დაწყებულა. 2025 წლის ივლისში მუსიკოსმა განაცხადა, რომ მას უცნობი პირები დაესხნენ თავს. მისი თქმით, მანამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუქარის შემცველ შეტყობინებებსაც იღებდა და მომხდარს საკუთარ საჯარო პოზიციებს უკავშირებდა.
ამიტომ გორში დაგეგმილი კონცერტის გადადება მისი მხარდამჭერებისგან ცალკეულ შემთხვევად კი არა, დევნის პროცესის გაგრძელებად შეფასდა.
შვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ემოციური ვიდეოჩანაწერით გამოეხმაურა მუსიკოსის დედა თამრიკო კორძაია.

„მე ვარ თამრიკო კორძაია, ალექსანდრე კორძაიას დედა, Kordz-ის დედა... და აი, ამ უკიდურეს ნაბიჯამდე, რომ მე თვითონ ჩავწერო ვიდეო და დავუდგე ალექსანდრეს გვერდში, იმიტომ მივედი, რომ ეს ყველაფერი გადავიდა ტერორის, მობინგის, ადამიანის განადგურების სრულ ახალ ხარისხში“, - ამბობს პიანისტი.
ვიდეოში იგი ცალკე საუბრობს „ოლე, ოლაზეც“ და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სიმღერა საზოგადოებამ აიტაცა, მისი გავრცელება მხოლოდ ავტორის გადაწყვეტილებაზე აღარ არის დამოკიდებული.
„სიმღერის ატაცება და მისი დაკვრა უკვე კომპოზიტორის თუ მუსიკოსის ხელში არ არის. ის სულ სხვა რამეების ხელშია - ადამიანების, რომლებსაც მისი მოსმენა და მისი გამეორება უნდათ“.
თამრიკო კორძაია ასევე ამბობს, რომ მომხდარს მხოლოდ საკუთარი შვილის პრობლემად არ განიხილავს და ამ ჩანაწერით, სრულიად საზოგადოებას ერთ მთავარ ჭეშმარიტებას შეახსენებს.
„ყველა მეუბნება ჩემი მეგობრებიდან, რომ არა აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა. ხალხნო, როგორ არა აქვს ამას მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ხალხს ციხეში სვამენ და ვერ ვშველით არაფრის გამო, უკვე ორი წელია. ადამიანებს სახლში უვარდებიან, ვერ ვშველით... იქნებ დაფიქრდეთ ყველანი, რა მიზეზები აქვს ამ კამპანიას ალექსანდრეს წინააღმდეგ? და იქნებ ოდნავ მეტი წინააღმდეგობა გაწიოთ - ალექსანდრეს გამო კი არა, ან იმ ადამიანების გამო, რომლებიც ციხეში სხედან და წვალობენ, უბრალოდ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი თქვენც გეხებათ,“ - მიმართავს საზოგადოებას თამრიკო კორძაია.
გააზიარე სტატია