საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჩვენს არც თუ შორეულ წარსულში, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა პოლიტიკური დაპირისპირება პიროვნების მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში გადაზრდილა. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა XX საუკუნის დასაწყისის მოვლენები, როცა იდეოლოგიურმა ბრძოლამ ეროვნული მასშტაბის ფიგურის — ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგაც აგრესიული და სისტემური ხასიათი მიიღო. ბინძური ცილისწამების კამპანია იყო მოსამზადებელი ეტაპი ილიას მკვლელობის. აქ გიყვებით იმაზე, ვინ იდგა ამ კამპანიის უკან.

სანამ ტყვიას ესროდნენ, ილია ჭავჭავაძეს სიტყვით კლავდნენ
ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს ისტორიულ ფიგურას ფილიპე მახარაძეს. მისი სახელი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დასასრულთან და 1921 წლის ოკუპაციასთან ასოცირდება. თუმცა, ფ. მახარაძის ბნელი პოლიტიკური აქტივობა საბჭოთა ოკუპაციამდე ბევრად ადრე დაიწყო და მოიცვა ბრძოლა, რაც საზოგადოებრივ აზრზე ბოროტ ზემოქმედებას ისახავდა მიზნად.
”1905 წლის დასაწყისიდანვე, სხვა ამხანაგებთან ერთად ( საშა წულუკიძე და სხვა) ხელი მოვკიდე ყოველკვირეული მარქსისტული ჟურნალის „მოგზაურის“ გამოცემას.“
მოდით გავიხსენოთ რას წარმოადგენდა ფილიპე მახარაძის და მისი მეგობრების ეს გამოცემა.

აკაკი ბაქრაძე: „მოგზაური“ ისე იყო ილიას სიძულვილით შეპყრობილი, რომ ერთხელ ერთ ნომერში ერთდროულად სამი წერილიც კი დაბეჭდა „განდეგილის“ ავტორის წინააღმდეგ: „თავის გამართლებაც ასეთი უნდა,“ ”პასუხად ილია ჭავჭავაძეს“და „მცირე შენიშვნა.“ “მოგზაური“ ამითაც არ დაკმაყოფილდა და ნაირნაირ პამფლეტებს აქვეყნებდა ილიას სახელის გასატეხად. ერთ-ერთი პამფლეტისტი „მოგზაურიდან“ მოუწოდებდა ილია ჭავჭავაძეს:
„სირცხვილი შენ, სირცხვილი! ვისი დაწერილია შვენიერი წიგნი, რომელსაც „გლახის ნაამბობი“ჰქვია? ვისი-მეთქი გეკითხები? რატომ აღწერე ასე ხელოვნურად ბატონების სიმხეცე და ყმების გაჭირვება, თუ რამდენიმე ხნის შემდეგ შენს ნაწერებს შენვე უარყოფდი? სირცხვილი შენ, სირცხვილი!"

გამოგონილი ამბებით ასე ამუნათებდნენ ილია ჭავჭავაძეს, ის კი გულმხურვალედ მოუწოდებდა ერს, ხალხს, საზოგადოებას, განურჩევლად პარტიულობისა – ყველანი გურიაში წავიდეთ და აჯანყებულებ გლეხებს გვერდში დავუდგეთო.
ფილიპე მახარაძე:“ იგი როგორც განვითარებული ადამიანი წინააღმდეგი იყო მებატონეთა მიერ თავიანთი ყმებისადმი უდიერი მოპყრობისა, მაგრამ ოდნავაც იმის წინააღმდეგ არ იყო, რომ გლეხკაცობა თავად-აზნაურობას სრულ მორჩილებაში ჰყოლოდა. ერთი სიტყვით ჭავჭავაძის მიზანი იყო ცხვარსა დ მგელს ერთად ეძოვათ მშვიდობიანობაში, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელი იყო და ჭავჭავაძე გლეხების მყვლეფელების მოსარჩლე და დამცველი შეიქმნა.“

ჩვენდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, იმ დროს საქართველოში დიდად არავის გამოუდია თავი ფილიპე მახარაძის და მსგავსთა ბინძური ცილისწამებებისგან „გლახის ნაამბონის“ ავტორის დასაცავად. ეს ფაქტი არა მხოლოდ კონკრეტული ისტორიული მომენტის ტრაგიკულობაზე, არამედ იმაზეც მიუთითებს, რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს საინფორმაციო - პროპაგანდისტული ზეწოლა ადამიანებზე.
პროპაგანდის გავლენა: სამსონ ფირცხალავას მწარე გამოცდილება
საქართველოში სპარსეთიდან სტუმრად ყოფილა ჩამოსული 2 ფერეიდნელი ქართველი. ილიას თანამედროვე პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე სამსონ ფირცხალავა დაინტერესებულა მათით, ფერეიდნელ ქართველებს დამეგობრებია და მერე საქართველოს სხვა და სხვა კუთხე ერთად მოუვლიათ ხალხთან შესახვედრად და მათთვის ქართველების სპარსეთში იძულებით გადასახლების ამბავის მოსაყოლად.

„ერთი ასეთი მოგზაურობის დროს მცხეთის სადგურზე მოულოდნელად შევეჩეხეთ ილიას. ილია ბუფეტიდან გამოდიოდა, ჩვენ ბუფეტში შევდიოდით. მივესალმე ილიას. იგი ყურადღებით ჩააცქერდა ჩემს თანამგზავრებს, მიხვდა, ვინც იყვნენ, შევატყვე, უნდოდა მათთან გამოლაპარაკება, მაგრამ მე რატომღაც უხერხულად მივიჩნიე გაჩერება და მაშინვე ბუფეტში შევედი ჩემი თანამგზავრებით. მალე ვიგრძენი ჩემი შეცდომა და საყვედური ვუთხარი ჩემს თავს. რატომ არ მივეცი საშუალება მოხუცს, დამსახურებულს მოღვაწეს, დიდს პოეტსა და მამულიშვილს დამტკბარიყო ცოტა ხანს მაინც საქართველოს მოწყვეტილ ქართველებთან შეხვედრით და საუბრით? რატომ? იმიტომ, რომ ილია ვითომც «მემარჯვენე» იყო და მე ჩემი თავი «მემარცხენედ» მიმაჩნდა? ზოგიერთების გალაშქრებამ ილიას წინააღმდეგ ყოველივე საზღვარი გადალახა და მისი პიროვნება დახატეს, როგორც ყველაზე უბოროტესი, საშინლად მავნებელი, მისი სიძულვილი არ დაივიწყეს მისი ტრაღიკული დაღუპვის შემდეგაც და ამის კვალი დიდი ხანი არაა, რაც წაიშალა და გაქრა.“
მაშინდელი საზოგადოება, სამწუხრაოდ, მიაჩვიეს ჭორების დაყრით ილიას დამუნათებას, მაგრამ 1905 წ. «მოგზაურის» მე13 ნომერში დაბეჭდილი კორესპონდენცია («საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება») მეტისმეტი იყო. აქ დაწერეს, თითქოს ი. ჭავჭავაძე მეტად ბოროტად და უსამართლოდ ეპყრობოდა გლეხებს და რომ ვითომ ამის გამო გლეხებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს. ფილიპე მახარაძის „მოგზაური“ წერდა, თავად ილია ჭავჭავაძის მამულში არის წყარო, რომელიც ზამთრობით არ იყინება და თავადმა გლეხებს წყაროდან წყლის აღება აუკრძალა, თუ ერთი სული საქონლის ყოლაზე თვეში ათ შაურს არ მისცემენო.


„ივერიამ,“რომლის რედაქტორობასაც ილია ჭავჭავაძემ სულ რაღაც სამიოდე წლის წინ დაანება თავი, „მოგზაურის“ ეს ბინძური ცილისწამება გადაბეჭდა და ამით მის გავრცელებას შეუწყო ხელი, თან ფარისევლურად დაურთო: არ გვინდა დავიჯეროთ და გვირჩევნია, ჯერჯერობით, იმედი ვიქონიოთ, რომ თვითონ ილია ხმას ამოიღებს და კორესპონდენციის შინაარსის უსაფუძვლობას დაამტკიცებსო. რა მოხდა ამის მერე? როცა ილია ჭავჭავაძემ პასუხი დაწერა და ინსინუაცია გააბათილა, „ივერიამ“ ეს წერილი არ დაბეჭდა. ავტორი იძულებული გახდა „ნუთუ?“ თავისი ხარჯით დაესტამბა და გაევრცელებინა.
„არ ვიცი, რომელი ბეზღობა და ჯაშუშობა უფრო საძაგელია, იგი რომელიც პოლიციელის ხელჯოხიანობას გამოიწვევს თუ იგი, რომელიც ერთ კაცს მეორეს გადაჰკიდებს, ერთ წოდებას მეორეზე აალურსებს და აასისინებს. ან თუნდაც ცალკე კაცს, როგორც ამ შემთხვევაში მე ვარ, მთელს გლეხკაცობას პირში მისცემს, ვითარცა მათ მოძმეთა მყვლეფელს და მათ მოძმეთა მკვლელს, ყოვლად უსაბუთოდ, ყოვლად უმიზეზოდ.“
ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია გვაჩვენებს, რამდენად ადვილად შეიძლება საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება და რამდენად მძიმე შედეგები მოაქვს დუმილს მაშინ, როცა სიმართლე დაცვას საჭიროებს. ეს გამოცდილება მხოლოდ ისტორიული რეფლექსია არ არის — იგი დღევანდელი საზოგადოებისთვისაც აქტუალური გაფრთხილება უნდა იყოს, ამიტომ გასახსენებლად ღირდა.

04/02/2026