საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ეს UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის დედის ისტორიაა, აფხაზეთიდან - ალიკანტემდე, ომიდან - მშვიდობამდე, ტკივილიდან - გამარჯვებამდე, დაცემიდან - ჩემპიონის პედესტალამდე! ამ ძლიერი ქალის ისტორია შარშან გამოცემულ წიგნში - "დედა და ილია" ბევრმა წაიკითხა. მის ემოციურ მონათხრობს, გიორგი კეკელიძემ, ჩვეული მაგიით, ლიტერატურული ხორცი შეასხა...
"მან ბევრი სირთულე გამოიარა და ძლიერი პიროვნების საუკეთესო მაგალითია" - ამბობს ილია თოფურია დედაზე.
ჩემპიონების დედებს უნდა ვიცნობდეთ. რომელი გორის ხარ, ვინ გაგზარდა - ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. ილიას დედის ისტორია კი ასეთია...
აბა, წარმოიდგინეთ, ომისგან გათელილი 21 წლის გოგონა, ორი შვილით მოდის ჭუბერის უღელტეხილზე. მოდის ფეხშიშველი, ფეხებზე ცელოფნებ შემოხვეული, ზურგზე ზეწრით მოკიდებული ექვსი თვის პატარით, მშიერი. მოდის, მაგრამ უკან ახლად დაკრძალული ქმრისა და ძმის საფლავები ექაჩება. წინ კი, ერთდროულად, უიმედობასა და იმედს ისეა მოჭიდებული, შიშველ ტერფებზე ცივ ლაფსა და ტალახს ვერ გრძნობს... გადარჩა, ფონს გავიდა, ადგა და სვლა განაგრძო...
ინგა ბენდელიანი-თოფურიას ისტორია აფხაზეთიდან ალიკანტემდე
"მეორე ქალიშვილზე 7 თვის ფეხმძიმე ვიყავი, მეუღლე და ძმა სამხედრო დავალების დროს ერთად რომ დაიღუპნენ. 5 დეკემბრის საღამო იყო კარზე რომ მომიკაკუნეს... (21 წლის ვიყავი, დღეს 54 წლის ვარ, კაკუნის ხმას მას შემდეგ ვერ ვუსმენ. ჩემს კარზე ვერავინ დააკაკუნებს, გაფრთხილებულია ყველა. ვინმემ რომ მომიკაკუნოს, შეიძლება სასწრაფოს გამოძახება დამჭირდეს...)
შემზარავად ბნელოდა, ძაღლები ყეფდნენ. შორიდან დავინახე მაშინდელი სასწრაფო დახმარების მანქანის მოტრიალე შუქი. ბიძაჩემს ჩავეხუტე და რომელი გარდაიცვალა-მეთქი ვკითხე. 21 წლის ასაკში, შვიდი თვის ფეხმძიმემ, ორი წლის ბავშვით ხელში, თოვლში, უკუნ სიბნელეში... დღემდე მიკვირს, როგორ შევძელი ამის კითხვა?!
ორივეო...!!!
ჩემი ქმარი რომ მიდიოდა, წინდები გამხადა და ჩაიცვა, ციოდა. რომ გააღეს "სასწრაფოს" კარები, პირველი ეს წინდები დავინახე! ასე მეგონა, ჭკუიდან გადავედი. არაფერი მახსოვს! მახსოვს მიწის გემო! არ ვიცი, სიმწრისგან როგორ შევძელი იმ გაყინული მიწის ჩაბღუჯვა და მისი ჭამა! ვერასდროს გადმოვცემ იმ შეგრძნებას... იმ დიდი ტკივილისას... გიორგის ეს ყველაფერი საოცრად აქვს წიგნში გადმოცემული.
მარიამი თბილისში დაიბადა. მერე შევარდნაძემ პერემერიას მოაწერა ხელი და ჯარისკაცების თვითმფრინავით დავბრუნდით უკან, აფხაზეთში. 27 სექტემბრამდე იქ ვიყავით... მერე... 12 დღე ჭუბერზე ვიარეთ. სამი დღე ფეხსაცმელი მქონდა, ღვთის წყალობით და მერე ესპადრელები ტალახში ჩამრჩა. ცელოფნის პარკებშემოხვეულმა ჭუბერი ორი ბავშვით გადმოვიარე. ანა ფეხით მოდიოდა, ხან მამაჩემი აიყვანდა ხელში. მარიამი კარვებში 6 თვის გახდა. ზეწრით მობმული მყავდა ზურგზე. დღესაც დეფორმაცია მაქვს ბეჭის. ექვსი თვის ბავშვის 12 დღე ზურგით ტარება იოლი არ არის. ჭუბერი საშინელებაა. მთავარია, გადავრჩით. დანარჩენი დეტალები წიგნში ისე კარგად არის გადმოცემული, რომ უკეთ ვერ მოვყვები.

***
არ დავნებდი. სიცილი მომიწია მაშინ, როცა ყველაზე მეტად მეტირებოდა. მომიწია არტისტად გადაქცევა. ოჯახი რომ მეორედ არ შემექმნა და ცხოვრება არ გამეგრძელებინა, ისევ 27 სექტემბერში ჩავრჩებოდი.
ადამიანმა არ იცის, რა რესურსია მასში დაკონსერვებული. რომ არა აფხაზეთის ომი, მე ასეთ სიძლიერეს ვერ გამოვიჩენდი. ომმა ჩემში ძლიერი ქალი გამოაღვიძა. ფორსმაჟორში უნდა გადამეწყვიტა დაოჯახებაც. 90-იან წლებში, აფხაზეთიდან დევნილს, რუსთავში ჩასახლებულს ხელი მთხოვეს. მომავალი სწორად უნდა დამელაგებინა... და მეც განვაგრძე სვლა.
ასეა, ომმა პრაგმატულობა შემძინა. მას შემდეგ არანაირ დაბრკოლებას არ ვუშინდები.

ჩემი მეოთხე შვილი, ილია რომ დაიბადა, 26 წლის ვიყავი.
პირველი, რაც ამ დროს უნდა ვთქვა ილიაზე არის მისი სენტიმენტალობა. გერმანიიდან რომ დავბრუნდით, ჩემი მშობლები იქ დარჩნენ. პირველი ახალი წელი იყო ბებია-ბაბუის გარეშე. ახალი წლის დადგომისას, 12 საათზე, ტრადიცია გვაქვს - "მრავალჟამიერს" ვრთავთ და ვუსმენთ. და ილიამ ეს რომ გაიგონა და ბებია-ბაბუა გვერდით არ ჰყავდა, იჯდა და ტიროდა...
მენტალურად ძლიერია, მაგრამ სენტიმენტები ეძალება როცა ვიღაც ენატრება, როცა ნახავს, რომ ვინმეს უჭირს. ამბობს, ჩემი ისტორიით მინდა ბევრს მოტივაცია მივცეო.
ძალიან სამართლიანი, კეთილსინდისიერი და საოცრად მშრომელი ადამიანია. მე ახლა მას ვახასიათებ, როგორც დამკვირვებელი, რომელიც წლებია მოჰყვება და არა, როგორც დედა. მე რომ ჩემში დედას არ ვბლოკავდე, მე მის ბრძოლებს ვერ ვუყურებდი.
მშობელმა შვილს მადლობა სულ არ უნდა ახდევინოს. თავადაც უნდა ისწავლოს მადლობის გადახდა შვილისთვის. მადლობა ილიას კეთილსინდისიერებას, მან გზა ისე გააგრძელა, როგორც ჩავიფიქრეთ და დღეს ისეთ მოცემულობაშია, შემიძლია როგორც მისმა გულშემატკივარმა, ტაში დავუკრა. ბრავო! შემიძლია მადლობა უსაზღვროდ ვუხადო ოთხივე შვილს.
ილია ორივე მშობელს გავს. მამამისი, ზაზა აფხაზეთის ომში ნაბრძოლი მეომარი კაცია, სამხედრო გზა გაიარა. ძლიერია და ეს სიძლიერე, ილიას, მისგანაც აქვს, თუმცა მეტწილად მე მგავს. მე ბევრად უფრო ოპტიმისტი ვარ.
ოთხივე შვილს შთავაგონებდით, "შენ შეგიძლია, გამოგივა, შეძლებ". თითქოს ბანალურია, მაგრამ შვილს უნდა უთხრა, რომ შეუძლია. ცუდ ნიშანზე არ უნდა ლანძღო. ეს ძალიან მოქმედებს ბავშვზე, მოზარდზე. თუმცა ყოველთვის ყველაფერს, შვილებს ვერც მე ვუწონებ.
ილია პირად კონტროლზე მყავს და რჩევებს მუდმივად ვაძლევ, რადგან არ მინდა საზოგადოების თვალში შეიცვალოს და ვეუბნები, შინაგანად ყოველთვის იყავი იმ დევნილი ქალის შვილი, რომელმაც ჭუბერზე საშინელი დღეები ფეხშიშველმა და მშიერმა გადმოიარა-მეთქი. არ დაგავიწყდეს, რომ დედაშენი დევნილია და საკუთარ ქვეყანაში დევნილის სტატუსი აქვს-მეთქი.
ყველაზე მშრომელი და ღირსეული დედები ქართველებს ჰყავთ.
ჩვენ 19 წელია ალიკანტეში ვცხოვრობთ. ალიკანტე პატარა სოხუმია. ზღვისპირა ლამაზი ქალაქია. ილია, ჩემპიონობის შემდეგ, მადრიდში გადავიდა. ამაყი კი იმით ვარ, რომ ჩემი შვილი კარგი მაგალითია მომავალი თაობისთვის. თავაწეული დავდივარ და სულ თავს ავწევ. ჩვენი ბიოგრაფიით ბევრ დედას შეიძლება იმედი გაუჩნდეს და ეს მახარებს."
12/31/2025