Logo

კულტურა

"იმ დროს, პანაშვიდებზე, მორიკონე იყო ჩართული. იქნებ ამ სტილში დაწეროს მელოდია-მეთქი..." - ლეგენდარული "ფესვების" დაუვიწყარი კინომუსიკის ისტორია

"იმ დროს, პანაშვიდებზე, მორიკონე იყო ჩართული. იქნებ ამ სტილში დაწეროს მელოდია-მეთქი..." - ლეგენდარული "ფესვების" დაუვიწყარი კინომუსიკის ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ფილმ "ფესვების" დაუვიწყარი მელოდიის ავტორი კომპოზიტორი ალექსანდრე რაქვიაშვილია. გულში ჩამწვდომი მელოდია ამ კინოსურათის უმთავრესი ნაწილია. სწორედ ის ქმნის ფილმის ემოციურ სტრუქტურას და ამბობს მთავარ სათქმელს, სათქმელს ემიგრანტთა სევდიანი ცხოვრებისა და უკან დაბრუნების ნოსტალგიისა. რაქვიაშვილის ეს მუსიკა ემიგრანტების თემის ფონად და ლაიტმოტივადაც კი იქცა. ისინიც "ფესვების" ამ მელოდიას თავიანთ მუსიკას უწოდებენ.

კომპოზიტორი ალექსანდრე რაქვიაშვილი 1 აგვისტოს 83 წლის გახდება. რა ხანია მაესტრო მოსკოვში ცხოვრობს. ბედის ირონიად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ლეგენდარული "ფესვების" მუსიკის შემქმნელი, თავადაც ემიგრაციაშია. მისი შემოქმედება ორ ეტაპად იყოფოდა - საესტრადო მუსიკა, კამერულ–ინსტრუმენტული და საგუნდო ნაწარმოებები; 1980 წლიდან კინოსტუდია "ქართული–ფილმის" მუსიკალური რედაქტორი გახლდათ. საერთოდ რომ არაფერი დაეწერა, "ფესვების" კინომუსიკაც საკმარისი იქნებოდა. ეს მუსიკა, გუგული მგელაძის ფილმთან სინთეზში, საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს ყველა თაობაში. და დრო და ასაკი აქ არაფერ შუაშია. "ფესვების" მუსიკა ყოველთვის ასე სულში ჩამწვდომად გაიჟღერს და ჩავა გულამდე...

ფესვები

მუსიკის შექმნას წინ ერთი პატარა, თუმცა საინტერესო ფაქტი უძღვის. როგორც გუგული მგელაძის ვაჟი, რეჟისორი გიო მგელაძე ჰყვება, კომპოზიტორთან მიმავალ მამას, ენიო მორიკონეს კინომუსიკა "გაატანა" და სასხვათაშორისოდ დააბარა, იქნებ, ბატონმა ალექსანდრემ, "ფესვებისთვის", მუსიკა ამ მელოდიების სტილში დაგვიწეროსო. 

გიო მგელაძე: მამა რომ "ფესვებს" იღებდა, 17 წლის ვიყავი. ფილმის ეპიზოდში მეც გადამიღო, დოდო აბაშიძის გმირს, ტაქსიში ვეუბნები, თქვენი შვილი გარდაიცვალა-მეთქი... 

იმ დროს, პანაშვიდებზე ენიო მორიკონე იყო ხოლმე ჩართული. როგორც მაშინ ფილმმა - "ერთხელ ამერიკაში" იმოქმედა ჩვენზე, 90-იანებში, ასე არც ერთ ფილმს არ უმოქმედია. მოკლედ, მამას ვთხოვე, მორიკონეს კინომუსიკა ("ნათლიმამა" და "ერთხელ ამერიკაში") წაიღე, ბატონ ალექსანდრეს მოასმენინე და იქნებ, ამ სტილში დაწეროს "ფესვებისთვის" მუსიკა-მეთქი.

გიო მგელაძე

მამა აკითხავდა სახლში და იქ განიხილავდნენ ფილმს, მის მუსიკას. მახსოვს, როდესაც ალექსანდრე რაქვიაშვილმა მუსიკა დაწერა, მამა აღფრთოვანებული დაბრუნდა - ისეთი მუსიკაა, აი, შეუდარებელიო. სხვა არაფერი მახსოვს ამ მუსიკასთან დაკავშირებით.

საბოლოოდ, ყველაფერი შედგა - ფილმი, სამსახიობო ანსამბლი, მუსიკა. გადის დრო და ეს მუსიკა კინომუსიკიდან ლამის სიმფონიურ მუსიკად იქცა, ყველგან აჟღებენ. პატრიოტული კუთხით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. "ფესვები" ჩვენი ფილმიაო, ერთმა ემიგრანტმა მოიწერა. მართალიც არის. ეს არის ფილმის "ათიანში მორტყმა", როდესაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ყველაფერი  მაგარია, ეს იქნება, მხატვრობა, დრამატურგია, მუსიკა თუ ვიზუალური მხარე, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა შესრულებული. ერთ მთლიანობად აღიქმება. როდესაც ტელევიზიით ფილმი გადის, არ არსებობს თვალი რომ არ შევავლო.

ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ შესრულებული "ფესვების" საუნდთრეკის ვიდეო

ავტორი: თამარ გონგაძე

05/13/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024