Logo

გოგონა იმის გამო მოკლეს, რომ TikTok-ის პირდაპირ ეთერში ჰიჯაბის გარეშე გამოჩნდა

გოგონა იმის გამო მოკლეს, რომ TikTok-ის პირდაპირ ეთერში ჰიჯაბის გარეშე გამოჩნდა

10/11/2026

ტექსტის ზომა

ნიდერლანდებში, 18 წლის რაიან ალ-ნაჯარის მკვლელობის საქმეზე, სასამართლომ გოგონას მამასა და ორ ძმას ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიებისა და სასამართლოს დასკვნით, სირიული წარმოშობის ახალგაზრდა ქალი საკუთარმა ოჯახის წევრებმა იმის გამო მოკლეს, რომ მათ მიერ დაწესებული წესებით ცხოვრება არ სურდა.

რაიან ალ-ნაჯარი ნიდერლანდების ქალაქ იაურეში ცხოვრობდა. მას სურდა, თავად გადაეწყვიტა, როგორ ჩაეცვა, ვისთან ჰქონოდა ურთიერთობა და როგორ ეცხოვრა. განსაკუთრებით მიუღებელი იყო მისთვის თავსაბურავის ტარების ვალდებულება, რასაც ოჯახი მკაცრად ითხოვდა.

რაიან ალ ნაჯარი

როგორც ნიდერლანდების სასამართლოს ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოჯახში კონფლიქტი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. გოგონას მდგომარეობის შესახებ სოციალური სამსახურებიც იყვნენ ინფორმირებული.

ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 2024 წლის 25-26 მაისის ღამეს, როდესაც რაიანი TikTok-ის პირდაპირ ეთერში ჰიჯაბის გარეშე გამოჩნდა და საკუთარ ოჯახზე ისაუბრა. სასამართლოს ინფორმაციით, ამ ფაქტმა ოჯახის წევრების აღშფოთება გამოიწვია.

რამდენიმე დღეში ახალგაზრდა ქალი გაუჩინარდა.

2024 წლის 28 მაისს რაიანის ცხედარი ლელისტადის მახლობლად, ოოსტვარდერსპლასენის ბუნებრივ ტერიტორიაზე, წყალში აღმოაჩინეს. გოგონას ხელ-ფეხი წებოვანი ლენტით ჰქონდა შეკრული. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში მოხვედრისას ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

რაიან ალ ნაჯარი

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი. სასამართლოს შეფასებით, დანაშაულში მთავარი როლი გოგონას მამას, ხალედ ალ-ნაჯარს ეკუთვნოდა, ხოლო მისი ორი ვაჟი, მოჰამედი და მუჰანადი, მკვლელობის გეგმის განხორციელებაში მონაწილეობდნენ.

მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდა წებოვან ლენტზე და რაიანის ფრჩხილების ქვეშ აღმოჩენილი მამის დნმ. გამოძიებამ ასევე შეისწავლა ოჯახის წევრების მიმოწერა და მათი მოქმედებები მკვლელობამდე და მის შემდეგ.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ ხალედ ალ-ნაჯარი სირიაში გაიქცა, საიდანაც მოგვიანებით ქალიშვილის მკვლელობა აღიარა. მისი ვაჟები კი დანაშაულში მონაწილეობას უარყოფდნენ.

2026 წლის 5 იანვარს ნიდერლანდების სასამართლომ მამას დაუსწრებლად 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ორივე ძმას თითოეულს 20 წლით პატიმრობა.

სასამართლომ დაასკვნა, რომ მკვლელობის მოტივი ე.წ. „ოჯახის ღირსების“ დაცვა იყო. ოჯახის წევრები მიიჩნევდნენ, რომ რაიანის დამოუკიდებელი ცხოვრების წესი მათ რეპუტაციას ლახავდა.

სასამართლომ ეს დანაშაული შეაფასა, როგორც ოჯახური ისტორიის ტრაგიკული კულმინაცია, რომლის განმავლობაშიც ქალების ჩაგვრა მუდმივად იკვეთებოდა.

წყარო: ნიდერლანდების სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდი (Rechtspraak.nl), ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებელი (NOS).

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

მკვლელობანიდერლანდებირაიან ალ ნაჯარიჰიჯაბი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026