ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თანამედროვე ცხოვრების წესი, ნახშირწყლებით მდიდარი კვება და მუდმივი წახემსება ხშირად ხდება ინსულინრეზისტენტობის მიზეზი. ეს მდგომარეობა ორგანიზმის ერთგვარი "განგაშის ზარია", რომელიც მიგვანიშნებს, რომ უჯრედები ვეღარ რეაგირებენ ინსულინზე სათანადოდ, რაც მომავალში დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის.
ექიმი გიორგი ღოღობერიძე იმ 10 ვიზუალურ და ფიზიკურ ნიშანს განიხილავს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სისხლში ინსულინის ჭარბ რაოდენობასთან. ზოგიერთი მათგანი ერთი შეხედვით უწყინარ კოსმეტიკურ დეფექტს ჰგავს, თუმცა სინამდვილეში ღრმა მეტაბოლურ ცვლილებებზე მეტყველებს.
„10 ნიშანი, რომლებიც მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ იღებთ ძალიან ბევრ ნახშირწყალს, ძალიან ბევრ გლუკოზას და ამის ფონზე შეიძლება იყოთ ინსულინრეზისტენტული. დააკვირდით აი ამ ნიშნებს:
1. შავი აკანტოზი – ეს ნიშნავს იმას, რომ კანი მუქდება, უფრო იმ ადგილებში, სადაც ხახუნი მეტია: კისრის, იღლიების, იდაყვების და ასევე მუხლების არეებში. ეს იმიტომ, რომ როცა ინსულინი ბევრია, ის იწვევს კანის უჯრედების - კერატინოციტების ჭარბ გამრავლებას და მერე მათ პიგმენტირებას.

შავი აკანტოზი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და მკაფიო ნიშანია იმისა, რომ თქვენი სხეული უკვე დახმარებას ითხოვს.
2. აკროქორდონები – კისრის არეში, ქუთუთოებზე, იღლიებში, სარძევე ჯირკვლის ქვეშ და კიდევ ბევრგან, სადაც ხახუნი მეტია, ჩნდება პატარა, რბილი, პაპილომების მსგავსი წანაზარდები. ოღონდ ესენი გამოწვეულია არა ვირუსით, არამედ ჭარბი ინსულინით, რომელიც ზრდის ფაქტორების გააქტიურებით კანსა და რბილ ქსოვილებზე ზედმეტ წარმონაქმნებს აჩენს.
3. მუცლის სიმსუქნე (აბდომინალური სიმსუქნე) – რასაც საქართველოში „ღიპს“ ვეძახით. თუ ღიპი გაგიჩნდათ, ეს მიანიშნებს ჭარბ ნახშირწყლებზე.

როცა ინსულინი ბევრია, ლიპოლიზი (ცხიმის წვა) ითრგუნება და პირიქით, ცხიმი იწყებს დაგროვებას სწორედ მუცლის არეში. ეს არ არის სახუმარო თემა, ეს საყურადღებო ნიშანია.
4. სახის შეშუპება – ჭარბი ინსულინი მოქმედებს თირკმელებზე და აიძულებს მათ, რომ ძალიან ბევრი ნატრიუმი უკუშეიწოვონ. როცა ნატრიუმი გროვდება, მას მოჰყვება წყალიც და თვალბუდეების არე შუპდება.
5. აკნე და ცხიმიანი კანი – თუ ასაკთან ერთად გამონაყარი არ გადის, ეს შეიძლება ინსულინს უკავშირდებოდეს.

ინსულინი ამცირებს ანდროგენების შემაკავშირებელი ცილების სინთეზს ღვიძლში, რაც ზრდის თავისუფალ ტესტოსტერონს, ეს კი აკნეს პროვოცირებას ახდენს.
6. თმის ცვენა ან პირიქით, ჭარბთმიანობა. ქალების შემთხვევაში, თმის ფოლიკულების მგრძნობელობა ანდროგენებზე იცვლება: თავზე იწყება ცვენა, ხოლო სახის არეში - თმიანობის მატება.
7. ჭრილობის ნელი შეხორცება – სისხლში ჭარბი შაქარი აფერხებს ქსოვილების რეგენერაციას.
8. წითელი წერტილები კანზე (Cherry Angiomas) – ეს ნიშნავს, რომ იწყება ახალ-ახალი სისხლძარღვების ფორმირება და მათი ლოკალური გაფართოება, რაც ასევე ინსულინის სიჭარბეზე მიანიშნებს.
9. შეშუპებული კოჭები – ნატრიუმის შეკავების გამო, გრავიტაციის ზემოქმედებით სითხე ქვედა კიდურებში გროვდება და წინდა ტოვებს კვალს კანზე.

10. თვალბუდეების გამუქება – მიკროცირკულაციის დარღვევის გამო სისხლძარღვებში ხდება სისხლის დაგუბება (სტაზი), რაც თვალის გარშემო არეს მუქ შეფერილობას აძლევს.
დააკვირდით, ამ 10 ნიშნიდან რამდენი გაქვთ და გაითვალისწინეთ, რომ ეს ნიშნები ყურადღებას და მკურნალობას მოითხოვს,"- ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
04/30/2026