ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სამხრეთ ლონდონში მდებარე King's College Hospital-ში ახლახან ბრიტანეთის პირველი ღია ინტენსიური თერაპიის განყოფილება გაიხსნა, რომელიც პირდაპირ საავადმყოფოს სახურავზეა მოწყობილი.
პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ გამოჯანმრთელებისთვის ზოგჯერ მედიკამენტებსა და თანამედროვე აპარატურასთან ერთად, ბუნებასთან კავშირიც მნიშვნელოვანია.

სახურავზე მოწყობილი ბაღი ექვს პაციენტზეა გათვლილი. თითოეულ საწოლთან მიყვანილია ელექტროენერგია, ჟანგბადის სისტემა და სხვა აუცილებელი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტები რეანიმაციული მკურნალობის სრულფასოვან რეჟიმში რჩებიან, თუმცა ამავდროულად სარგებლობენ მზის შუქით, სუფთა ჰაერითა და ბუნებრივი გარემოთი.

ბაღში სპეციალურად შეირჩა მცენარეები, რომლებიც ფერებით, სურნელითა და ტექსტურით ადამიანების ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებენ. იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ ასეთი გარემო პაციენტებს ეხმარება, თავი ავადმყოფად კი არა, ჩვეულებრივ ადამიანად იგრძნონ.
პროექტის ღირებულებამ დაახლოებით 2 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

ინიციატივის უკან მხოლოდ ჰუმანური იდეა არ დგას. ექიმები და მკვლევრები აპირებენ შეისწავლონ, შეუძლია თუ არა ბუნებასთან კონტაქტს რეალურად გააუმჯობესოს პაციენტების მდგომარეობა. ისინი დააკვირდებიან გულისცემის სიხშირეს, სუნთქვას, ტკივილის დონესა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეანიმაციის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას, დელირიუმს, ანუ დაბნეულობისა და გარემოს აღქმის დარღვევას, რომელიც მძიმე პაციენტებში საკმაოდ ხშირია. მკვლევრებს აინტერესებთ, შეძლებს თუ არა ღია სივრცე სტრესის შემცირებას, განწყობის გაუმჯობესებას და საბოლოოდ რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებას. თუ ეს ჰიპოთეზა დადასტურდება, შესაძლოა მომავალში მსგავსი სივრცეები მსოფლიოს სხვა საავადმყოფოებშიც გაჩნდეს.

აღსანიშნავია, რომ ბაღი მხოლოდ პაციენტებისთვის არ შექმნილა. იგი ხელმისაწვდომია რეანიმაციული განყოფილების თანამშრომლებისთვისაც, რომლებიც ყოველდღიურად მაღალი სტრესისა და ემოციური დატვირთვის პირობებში მუშაობენ. ექიმებისა და ექთნებისთვის ეს სივრცე რამდენიმე წუთით დასვენებისა და ძალების აღდგენის შესაძლებლობას ქმნის.
დღეს ეს ადგილი ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სამედიცინო ექსპერიმენტის ნაწილად მიიჩნევა.
წყარო: King's College Hospital NHS Foundation Trust
06/03/2026