
09/03/2026
Apple-მა წლის ერთ-ერთი მთავარი პრეზენტაციის თარიღი ოფიციალურად დაადასტურა. სპეციალური ღონისძიება სლოგანით "სიურპრიზი და ბრწყინვალება" („Surprise and shine“) 9 სექტემბერს გაიმართება.
მართალია, Apple-ს ჯერ არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ მოწყობილობებს წარადგენს, თუმცა ტექნოლოგიური გამოცემებისა და ანალიტიკოსების ინფორმაციით, წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს.

მთავარი სიახლე, სავარაუდოდ, Apple-ის პირველი დასაკეცი iPhone იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, iPhone Ultra იქნება Apple-ის პირველი დასაკეცი სმარტფონი.
წიგნის მსგავსად გასაშლელი მოწყობილობა, დახურულ მდგომარეობაში ჩვეულებრივი ტელეფონის ფუნქციას შეასრულებს, გახსნის შემდეგ კი მომხმარებელს გაცილებით დიდ ეკრანს შესთავაზებს.
MacRumors-ის ინფორმაციით, თხელი კორპუსის გამო Apple-მა შესაძლოა Face ID-ის ნაცვლად გვერდით ღილაკში ინტეგრირებული Touch ID გამოიყენოს. მოსალოდნელია, რომ iOS 27-ში დასაკეცი ეკრანისთვის სპეციალური შესაძლებლობებიც გამოჩნდება, მათ შორის რამდენიმე აპლიკაციის გვერდიგვერდ გამოყენება.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ახალი მოწყობილობის ფოტოებიც. ეს ფოტოები დასაკეცი iPhone-ის კონცეპტუალური გამოსახულებებია და არა Apple-ის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული პროდუქტის ფოტოები.
9 სექტემბერს ასევე ელოდებიან iPhone 18 Pro-სა და iPhone 18 Pro Max-ის წარდგენას. გავრცელებული ცნობებით, ახალი მოდელები მიიღებენ A20 Pro ჩიპს, რომელიც 2-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით უნდა იყოს დამზადებული და წარმადობასთან ერთად ენერგოეფექტურობაც გააუმჯობესოს.
სავარაუდო ცვლილებებს შორის სახელდება კამერის განახლებული სისტემა და ახალი ფერები.

Pro Max-ის შემთხვევაში საუბარია უფრო დიდ ბატარეასა და შესაძლო ცვლადი დიაფრაგმის კამერაზე, რაც სხვადასხვა განათების პირობებში გადაღების მეტ შესაძლებლობას იძლევა.
წლევანდელი პრეზენტაციის კიდევ ერთი უჩვეულო დეტალი ისაა, რომ ჩვეულებრივი iPhone 18 შესაძლოა საერთოდ არ გამოჩნდეს. რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, Apple გეგმავს iPhone-ების გამოშვების გრაფიკის შეცვლას და უფრო ხელმისაწვდომი iPhone 18, iPhone 18e და iPhone Air 2 სავარაუდოდ 2027 წლის გაზაფხულზე გამოვა.
პრეზენტაციის დროს Apple სავარაუდოდ დაასახელებს iOS 27-ისა და სხვა ახალი ოპერაციული სისტემების გავრცელების ზუსტ თარიღებსაც.
წლევანდელ ღონისძიებას კიდევ ერთი სიმბოლური დატვირთვაც ექნება. ეს იქნება Apple-ის პირველი დიდი პროდუქტის პრეზენტაცია მას შემდეგ, რაც 1 სექტემბერს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ჯონ ტერნუსმა დაიკავა, ხოლო ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე გახდა.

თავად ტერნუსმა თანამშრომლებისთვის გაგზავნილ პირველ წერილში უკვე მიანიშნა, რომ კომპანიას მომავალ კვირას „ძალიან დიდი“ პრეზენტაცია ელოდება.
თუ გავრცელებული ინფორმაცია გამართლდება, 9 სექტემბრის მთავარი მოვლენა სწორედ Apple-ის პირველი დასაკეცი iPhone იქნება, მოწყობილობა, რომლითაც კომპანია წლების შემდეგ iPhone-ის ფორმას არსებითად შეცვლის და უკვე საკმაოდ კონკურენტულ დასაკეცი სმარტფონების ბაზარზე შევა.
გააზიარე სტატია