საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა, პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.
მეუფე შიო მუჯირი 1 თებერვალს 57 წლის გახდა. რეჟისორი გიო მგელაძე, კლასელსა და ნათლიაზე ჰყვება.
გიო მგელაძე: მამა შიო (ელიზბარი) ჩემი კლასელი და ნათლიაა. მერვე კლასში ვიყავი, ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა და მან და ირაკლი კაკაბაძემ მომნათლეს.
საოცარი ურთიერთობა გვქონდა და იყო ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ადამიანი ჩემი ბავშვობიდან. ყველას უყვარდა. მანათობელი იყო. მშობლებიც ასეთი მანათობელი ჰყავდა და ბებია-ბაბუებიც. მამა, ძია მურაზი, გარეგნობით ჯეკ ნიკოლსონს ჰგავდა. ამ დროს, შინაგანად, ვლადიმერ ვისოცკი იყო. ფანტასტიკურ სიმღერებს წერდა. პროფესიით არქეოლოგი იყო.
ელიზბარი კი ყოველთვის კეთილი და სამართლიანი იყო. სწორი დამოკიდებულება ჰქონდა ყველაფრისადმი. მართალი ადამიანია ბავშვობიდან. განათლებული იყო თავიდან.
მერვე კლასიდან მუსიკალურ ათწლედში გადავიდა და შემდეგ კონსერვატორიაში ჩააბარა. ჩელოზე უკრავდა. მასზე, როგორც ჩელოისტზე, ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ. კონცერტებზე უკრავდა.
მერე ბერი გახდა. როდესაც შიო მღვიმის მონასტერში იყო, ვაკითხავდი და იქ ვრჩებოდი. ის გახდა ჩემი პირველი სულიერი დამრიგებელი, მრჩეველი. მეც გულახდილად ვუზიარებდი და ვუზიარებ ყველაფერს დღემდე. ერთმანეთს ჩვენ-ჩვენ დამოკიდებულებებზე ვესაუბრებით. მაქვს ეს ფუფუნება, ის არის მეგობარი და ნათლია ერთად.

თავმდაბალი ადამიანია. ისევ ძველებურად ვურთიერთობთ. თუმცა რიდი მაინც არის.
დღემდე აქვს პატარა ელიზბარის ღიმილი და გაცისკროვნებული თვალები. ისევ ისე უცისკროვნდება თვალები, როგორც ბავშვობაში. რაც მთავარია, ის არ შეცვლილა.
03/20/2026