Logo

კულტურა

"ის იყო რაინდი, შემოქმედი, მონადირე, მებადური, თამადა..." - უცნობ-ნაცნობი ფაქტები რევაზ ლაღიძეზე

"ის იყო რაინდი, შემოქმედი, მონადირე, მებადური, თამადა..." - უცნობ-ნაცნობი ფაქტები რევაზ ლაღიძეზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

„თბილისო - მზის და ვარდების მხარეო, უშენოდ - სიცოცხლეც არ მინდა,

სად არის სხვაგან ახალი ვარაზი, სად არის ჭაღარა მთაწმინდა.“

რევაზ ლაღიძეს 105 წელი შეუსრულდებოდა. კომპოზიტორი შემოქმედთა იმ პლეადას მიეკუთვნება, რომლებიც მხოლოდ იბადებიან და არასოდეს კვდებიან. აბა, ვინ იტყვის, რომ „თბილისოს“ შემქმენელი მოკვდა? ან როგორ შეიძლება გალაკტიონი მოკვდეს საქართველოში? ჯანსუღ კახიძემ რეზო ლაღიძეს „მელოდიის გალაკტიონი“ უწოდა.

კომპოზიტორი ხშირად ამბობდა, ამქვეყნად ერთი რამ საოცრება არსებობს და ეს სიყვარულიაო!

ვის, თუ არა რეზო ლაღიძეს უნდა დაეწერა მუსიკა თბილისზე, ჰიმნი დედა ენასა და ქუთაისზე, ოპერა ლელაზე, ბალადა ვაზზე, სიმფონიური პოემა სამშობლოზე, სიმფონიური სურათი საჭიდაოზე, ოდა მესხეთზე და ყველაფერი ერთად აღებული - მუსიკა სიყვარულზე.

„გულს რად მიკლავ, მე სიცოცხლე, ჯერ არ დამიმთავრებია,

სიყვარული შენ ჩემს გულში ხანჯლად გაგიტარებია“- მსახიობ პიერ კობახიძის ლექსზე შექმნილი ეს სიმღერა, შოთა მანაგაძის ფილმიდან „საბუდარელი ჭაბუკი“ ყველა დროში მელოდიური და ნოსტალგიურია. ახლახან ის "თამადამ" მისეული ინტერპრეტაციით შეასრულა და სხვათა შორის, ძალიანაც მოიხდინა.

რევაზ ლაღიძე და ლეგენდარული პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი ხშირად თანამშრომლობდნენ. დაუვიწყარი სიმღერები, კომპოზიტორმა, სწორედ მასთან ერთად შექმნა. თუმცა, სხვა რომ არაფერი დაეწერათ, სამშობლოს ჰიმნად ქცეული "თბილისოც" საკმარისი იქნებოდა.

„თბილისოსთან“ დაკავშირებით თეა ფირცხლავა, ფეისბუქზე, ერთ ისტორიას იგონებს.

რეზო ლაღიძე

"ეს ამბავი ამერიკელ პიანისტს, ვან კლიბერნს უკავშირდება. 1960 წელს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ერთმა ქალბატონმა კლიბერნს, თურმე, რეზო ლაღიძის „თბილისოს“ ნოტები და გრამფირფიტა გადასცა. ქართველი კომპოზიტორის მუსიკამ პიანისტი იმდენად მოხიბლა, რომ ერთ-ერთ კონცერტზე, რომელსაც რეზო ლაღიძეც ესწრებოდა, მისი "თბილისო" შეასრულა, თანაც ძალზე საინტერესო ინტერპრეტაციით. დარბაზი, რასაკვირველია, აპლოდისმენტებით „დაინგრა“, ხოლო ლეგენდარუოლმა ამერიკელმა, მასზე გაცილებით ლეგენდარულ ქართველს, ფოტო აჩუქა, წარწერით: „ძვირფასო რეზო, აღმაფრთოვანა თქვენმა შესანიშნავმა სიმღერამ თბილისზე, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება. მარად გულწრფელი სურვილებით, ვან კლიბერნი.“

რეზო ლაღიძე

რეზო ლაღიძის „საჭიდაოს“ მოსმენის შემდეგ „სიტყვაძუნწმა“ მაესტრო დიმიტრი შოსტაკოვიჩმა, ენამოსწრებულად განაცხადა, „ყველა კომპოზიტორს ვურჩევდი თევზაობით გატაცებას, თუ ანკესს ისეთი ოქროს თევზი ამოყვება, როგორიც "საჭიდაოა"…

რეზო ლაღიძე

ლაღიძის „საჭიდაომ“ თვით როდიონ შჩედრინიც „გადარია“, რაც ქართველ კომპოზიტორთან დამეგობრების და საქართველოში არაერთხელ ჩამოსვლის საბაბი გახდა. იხსენებდა, ჩვენ დავმეგობრდით და მრავალჯერ ვხვდებოდით, მათ შორის, რასაკვირველია, ქართულ ტრადიციულ წვეულებებზე, სადაც რეზოს მუდამ თამადის ღირსეული ადგილი ეკავა და ამ წმიდათაწმიდა მოვალეობას დამატყვევებელი იუმორით ასრულებდა.

მახსოვს, ერთხელ სოხუმში რომ ჩავედით, იქაური პროფესიონალი მონადირეები და მეთევზეები რეზოს გარს შემოეხვიენ, მასთან შეხვედრა და გასაუბრება სურდათ. მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ვინც რეზო ლაღიძეს იცნობდა, იცის, რომ მისი ყველაზე დიდი გატაცება ნადირობა და თევზაობა იყო.

ერთხელ, სოხუმში ყოფნისას, რეზო ლაღიძემ როდიონ შჩედრინი და მაია პლისეცკაია იქაური მეთევზის სახლში წაიყვანა, სადაც, თურმე, ჭური მოხადეს, ღვინო დააგემოვნეს და... შჩედრინი იხსენებდა, იმ ჯადოსნური დღის ყველა დეტალი საოცარი სიზუსტით დამამახსოვრდა, მახსოვს, როგორ მღეროდა რეზო ქართულ ხალხურ სიმღერებს, როგორ ახმოვანებდა ქართულ დასარტყამ ინსტრუმენტებს, როგორ გონებამხვილურად და ნიჭიერად წარმოთქვამდა სადღეგრძელოებს...

რეზო ლაღიძე

აი, რას ამბობდა ის სამშობლოზე და სიმღერაზე.

"... მიყვარს ჩემი ქვეყანა, მისი ყოველი კუთხე - კუნჭული. მშობლიური იმერეთი, კახეთი, გურია, სამეგრელო... აქედან მოდის ხალხური სიმღერების სიყვარულიც. ჩემი სისხლია ეს... სიმღერა ნოტებით არასდროს მისწავლია. ნოტით ვერ ისწავლი ხალხურ სიმღერას. უნდა ბევრი იწანწალო, უნდა შეგესოს შენი მიწაწყლის ეკალი.“

ამბობენ, რომ ერთ-ერთ ასურულ ფირფიტაზე ასეთი წარწერა იყო: „ღმერთი თევზაობასა და ნადირობაზე დახარჯულ დროს არ თვლის ადამიანისთვის განსაზღვრულ სიცოცხლის ხანგრძლივობაში“... სამწუხაროდ, სულ რაღაც 60 წლის გადავიდა მარადისობაში..."

რევაზ ლაღიძე

კომპოზიტორის მეუღლის, თინათინ შატბერაშვილის მოგონებაში ვკითხულობთ:

“რეზო არასდროს იყო ჩემთვის განცალკევებული, როგორც მეუღლე და როგორც გამოჩენილი კომპოზიტორი. ის იყო რაინდი, შემოქმედი, მონადირე, მებადური, თამადა, სპეტაკი, გულისხმიერი, ხან ბობოქარი, ხან ბავშვივით გულუბრყვილო, ნაზი… ძალიან უყვარდა ოჯახი, ტკბებოდა შვილებითა და შვილიშვილებით, მათთან ყოველთვის სახეგაბრწყინებული და ბედნიერი იყო, ესიყვარულებოდა და ანებივრებდა მათ.

ვერ იტანდა სიმარტოვეს. ბედნიერი იყო ადამიანთა გარემოცვაში. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა, დილიდან უკვე წკრიალებდა ტელეფონის ზარი. რეკავდა ნაცნობი თუ უცნობი, სთხოვდნენ დახმარებას. მას უარის თქმა არ სჩვეოდა.

რეზო გაუნელებლად განიცდიდა პაოლო იაშვილის ტრაგიკულ აღსასრულს. ხშირად იხსენებდა – მხოლოდ კოლაუ ნადირაძე მიჰყვებოდა მის კუბოსო!..

გიორგი ლეონიძე იხსენებს: "პაოლო თავის პოეტურ დროსა და ენერგიას სხვისი გულისათვის ძალაუნებურად ხარჯავდა ათას წვრილმანში. ყველას მზრუნველი, შუამავალი და მოფუსფუსე, ყველას საქმეზე მორბენალი და შუამდგომელი, ხშირად თვეობით ვერ ეკარებოდა თავის საწერ მაგიდას. შემოტევები კი ძალზე შეუბრალებელი და მომაბეზრებელი იყო, უფრო ხშირად ისეთი ადამიანებისაგან, რომელთაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ მწერლობაზე, მით უმეტეს, პაოლოს პოეზიაზე, პაოლოს კეთილშობილებას ისინი ბოროტად იყენებდნენ."

გოგლა ლეონიძის ეს სიტყვები სრულიად ესადაგებოდა რეზოს ცხოვრების წესს. ამიტომ ეს წერილი ამოვწერე და მაგიდაზე დავუდე… მაინც ვერაფერს გავხდი… აი, ასე იხარჯებოდა შემოქმედებისათვის განკუთვნილი დრო.

მისი სიმღერების დიდი ნაწილი ბუნების წიაღში იქმნებოდა. ზოგი მელოდია სახლში იბადებოდა. რეზო სრულიად განსხვავებული იყო მუსიკის ძიების პერიოდში. გუნება უფუჭდებოდა, დუმდა, ჩუმად ღიღინებდა მელოდიას. ამასთან, არ უყვარდა კარებგამოკეტილ ოთახში მუშაობა… საკმარისი იყო, მიზნისთვის მიეღწია, ოჯახის წევრებს, მეზობლებს შემოიკრებდა და პომპეზურად ასრულებდა თავის ნაწარმოებებს…”.

რეზო ლაღიძე

კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე იხსენებს: “ყველა ადამიანის გამარჯვება უხაროდა, არავისი შურდა, თუნდაც იგი მისთვის მაინცდამაინც სასიამოვნო კაცი არ ყოფილიყო. ერთხელ სწორედ ამ თემაზე ჩამოვუგდე საუბარი: "რეზო, ნუთუ ყველა ადამიანი ასე ერთნაირად გიყვარს, ამდენ სიკეთეს რომ არიგებ გარშემო? ნუთუ არავინ გაწყენინა, რამე ტკივილი არავინ დაგიტოვა გულში?”.

რეზომ მიპასუხა: “როგორ არა, ბევრი ცუდიც მახსოვს. განა ასეთი გულმავიწყი ვარ, მაგრამ თუ ქრისტიანი ხარ, ისიც უნდა იცოდე: ავს ავით არასდროს უნდა უპასუხო!"

რეზო ლაღიძე

თინა ამბობდა, რომ საყვარელი ქმარი, მას ყვავილებით კი არა, თევზით ავსებდა. "სიამაყით მომართმევდა ხოლმე თავის დაჭერილ თევზებს ბადით”.

ერთ წელს სოხუმის კომპოზიტორთა სახლში ისვენებდა. ნაავადმყოფარი იყო. ერთბაშად მოსწყდა მუსიკას, სუფრას… მარცხენა ხელი აღარ ემორჩილებოდა, მაგრამ მანქანას ჩვეული სიმარჯვით მაინც მართავდა. სულიერად არ ტყდებოდა. ჯიუტად სწამდა, რომ ბუნების შვილი ბუნებაშივე განიკურნებოდა.

იმ დღეებში იქ დასასვენებლად კომპოზიტორი როდიონ შჩედრინი, მისი მეუღლე მაია პლისეცკაია და ერთი გარდაცვლილი მუსიკოსის ქვრივი ჩავიდნენ. დრამატურგი გიორგი ხუხაშვილი, რომელიც იმ დღეს მისი თანამგზავრი იყო, იხსენებს:

,,რეზო თითქოს სიჩუმეს უსმენდა, რაღაც ბავშვური სიხარულითა და ბუნებასთან იდუმალი კავშირით თითქოს მარადისობაში შედიოდა…

რეზო ლაღიძე

ორიოდ საათში კარგა ძალი თევზი დავიჭირეთ, სველ ფოთლებში შევახვიეთ და მანქანის საბარგულში სველ ტილოზე გავშალეთ. თითქოს უთვალავი ოქრო-ვერცხლი მოგვეპოვებინოს, ისე ხარობდა; თითქოს სხვაგან არსად ყოფილიყოს ასეთი კამკამა დილა ხეობისა, არც ასეთი მდინარე, რომელმაც უხვი თევზი იცის და არც ასე მოჭარბებულად განეცადოს სიცოცხლე. მართავდა მანქანას და ისეთი იერი დაჰკრავდა, თითქოს ავადმყოფობა დაამარცხა. რაღაც მეგრულ თუ აფხაზურ სიმღერის მოტივს ღიღინებდა…

მერე გაშლილ სუფრასთან თავად ითამადა, თუმცა არ სვამდა, ერთხელ ავსებული ჭიქით ილოცებოდა… იმ წუთებში რეზო ლაღიძე თითქოს სიკვდილს ეჯიბრებოდა და ადამიანებთან ყოფნის სიხარულითა და სიცოცხლის უსაზღვრო სიყვარულით წარმავლობას უარყოფდა…

არ ვიცი, საიდან გამახსენდა დიკენსის ფრაზა: “ისეთი გახსოვდე, როცა მშვენიერი გეჩვენებოდი”. ვუყურებდი და სამუდამოდ ვიმახსოვრებდი. მეგონა, ეს ლამაზი სიცოცხლე მის არსებაში არასოდეს ჩაქრებოდა”.

რეზო ლაღიძე

გია ყანჩელი: "არიან შემოქმედნი, რომელთა შემდეგ არაფერი რჩება; არიან შემოქმედნი, რომლებიც ტოვებენ კვალს; არიან შემოქმედნი, რომლებიც ტოვებენ გზას… ჩემი ღრმა რწმენით, ყველაფერი, რასაც რევაზ ლაღიძის მაღალი ნიჭის მადლი შეეხო, წარმოადგენს გზას, რომელიც უსასრულოა".

ავტორი: ზმნა

07/10/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024