კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ხელოვნების ისტორიკოსმა, არქეოლოგმა, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვახტანგ ჯობაძემ, დიდი წვლილი შეიტანა უცხოეთში არსებულ ძველი ქართული კულტურის კერების გამომზეურებასა და შესწავლაში.
ვახტანგ ჯობაძეს იხსენებს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი - ზურაბ ბატიაშვილი და მკითხველს მის ერთ მოგონებას უზიარებს.

"ოშკში ვინც ყოფილხართ, ხის ეს ბოძი ყველას გემახსოვრებათ.
დღეს ის კაცი მინდა გავიხსენოთ, ვინც ეს ბოძი შეუდგა ტაძარს, რითაც იგი მნიშვნელოვანი ნგრევისგან იხსნა და ოშკი დღევანდელი სახით შეგვინარჩუნა.
საბჭოთა კავშირი და თურქეთი ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ და იმ პერიოდში აქედან იქ (განსაკუთრებით სასაზღვრო ზონაში) ვერავინ ჩავიდოდა. მაგრამ იყო ქართველი პატრიოტი - ვახტანგ ჯობაძე, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდა, ომის დამთავრების შემდეგ საბჭოეთში არ დაბრუნებულა და ამერიკის მოქალაქეობა მიიღო.
სწორედ ვახტანგ ჯობაძე, როგორც ამერიკის მოქალაქე, ჩადიოდა იქ და როგორც შეეძლო, პატრონობდა ქართული კულტურის უნიკალურ ძეგლებს ტაო-კლარჯეთში. იგი ერთადერთი ქართველი იყო საბჭოთა პერიოდში, რომელმაც ეს შეძლო.

ამ ბოძის შედგმა და ოშკის უნიკალური ტაძრის გადარჩენაც მისი დამსახურებაა. ჯობაძის მოგონებებიდან ეს ფრაგმენტიც ბევრს მეტყველებს მისი პიროვნების შესახებ:
"1978 წ. თურქეთში გავემგზავრე და იქ ერთ წელზე მეტი დრო გავატარე.
გავსწიე იუსუფელისაკენ, საიდანაც ოთხთა ეკლესიაში (დორთ კილისე) ფეხით ჩავედი (ოთხიოდე კილომეტრია) და იქიდან მონასტრისაკენ წავედი...
45 გირვანქიანი „რუკზაკით“ ზურგზე, სოფელ დორთ კილისედან დასავლეთით, მძიმედ მივაბიჯებ ჩვენი მონასტრისაკენ. თითქმის რვა კილომეტრზე უნდა ვათრიო ეს მძიმე ზურგჩანთა.
გვიანი შემოდგომაა, თითქმის ნახევარი გზა მაქვს გავლილი, ბილიკი ვიწროა და არე კლდოვანი, თუ ფეხი აგიცდა, ქვევით გადაიჩეხები 40 მეტრზე გიჟივით მომდინარე ოთხთა ეკლესიის წყალში, სადაც ისე განუტევებ სულს, რომ კაცს არ ეცოდინება რა მოგივიდა.
დაიწყო თოვა. სათვალეები თოვლით იფარება, ბილიკს გარკვევით ვერ ვხედავ.
გავჩერდი სულის მოსათქმელად და ვფიქრობ: „ასეთ ცუდ ამინდში ამ სახიფათო არეში სიარული მართლაც სისულელეა, დაბრუნდი და სხვა დროს ამოდი“.
ავიკიდე ჩემი გუდა-ნაბადი და უკან ვბრუნდები. უცბად რაღაც ძალა ყურში ჩამძახის: „არა გრცხვენია? შენი წინაპრების ნაოფლარს სტოვებ და მხდალი,
კუდამოძუებული უკან ბრუნდები?“ გავჩერდი და დარცხვენილმა ეკლესიისკენ გზა განვაგრძე.
თოვა არ შეწყვეტილა, მაგრამ გზა უკეთესია, არც ქარაფოვანი და ნაკლებ სახიფათო. ჭაპანწყვეტით მივაღწიე ჩვენს დაობლებულ ეკლესიას, გაბრწყინებულს, განათლებულს და მომღიმარეს, თითქოს გეპატიჟებაო.
შავი ღრუბლები ჩემს დაბლაა, აქ კი გამჭვირვალე მზის სხივებით აჩახჩახებული მიდამო, ნაწილობრივ თოვლით დახურული მთები, სუფთა ცა.
ასეთი სუფთა, უმანკო, ცისფერი მე მხოლოდ იშხანის სამხრეთ კარიბჭის ტიმპანის დღემდე უმწიკვლოდ შენახული წარწერის ფერში მახსოვს. ამჯერად, ეკლესიის დასავლეთ ნაწილზე ვმუშაობ ხალისიანად და მხიარულად, ჩემი მოგზაურობა უხიფათოდ დამთავრდა და აქაც არავინ მაწუხებს.
მეორე დღესაც, ქვემოთ შავი ღრუბლები, ეკლესიის გარშემო კი ჩინებული დარი იყო, თითქოს თვით ეკლესიას და მის გარემოს ღმრთის ხელი აფარიაო. ალბათ ასეთ გარემოცვაში იქმნებოდა აურაცხელი "საკვირველთმოქმედება“-ნი... სოფელში რომ დავბრუნდი, თოვლჭყაპის გამო გაწუწული ვიყავი."
დღეს ეს ადამიანი ცოცხალი აღარაა. მაგრამ მისი ღვაწლი, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, შეუფასებელია.
ვახტანგ ჯობაძეს გაუმარჯოს!
ასეთ ადამიანებზე დგას ეს ქვეყანა," - წერს ზურაბ ბატიაშვილი.
12/28/2025